Grand Voyage ნუცა დურგლიშვილის მიერ შექმნილი ტურისტული კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს ტურებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით სთავაზობს. ამჟამად ნუცა თავის კომპანიას მარტო უძღვება, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, დატვირთულ გრაფიკს საქმისადმი სიყვარულით ანეიტრალებს. Marketer.ge კომპანიის შესახებ თავად მას გაესაუბრა:
M: მოკლედ, კომპანიის კონცეფციის შესახებ..
ჩვენი კომპანია ოფიციალურად გაიხსნა 2017 წლის 15 დეკემბერს და ფუნქციონირებს დღემდე. ჩვენი ძირითადი მიმართულება არის გამყვანი ტურიზმი – ტურებს ვახორციელებთ საზღვარგარეთ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
M: რა სერვისებს მოიცავს კომპანიის საქმიანობა?
როგორც აღვნიშნე, მომხმარებლებს ტურებს ნებისმიერი მიმართულებით ვთავაზობთ. თუმცა, გვინდა, ჩვენ მიერ შეთავაზებული ტურები განსაკუთრებული იყოს. ვცდილობთ, მაქსიმალურად საინტერესო და შემეცნებითი გავხადოთ მომხმარებლებისთვის მოგზაურობა. ჩემი მიზანიც თავიდანვე ეს იყო – შემექმნა ისეთი ტურები, რომლებიც არ იქნებოდა შაბლონური. საზოგადოებას ვთავაზობთ ისეთ ადგილებსაც, რომლებიც არ არის დიდად ცნობილი, თუმცა, სამაგიეროდ ძალიან საინტერესოა მისი მონახულება. “, გაეცნონ იქ არსებულ ტრადიციებსა და კულტურას, ისტორიას.. და მაქსიმალურად ბევრი “წამოიღონ” არც თუ ისე დიდხნიანი მოგზაურობის შემდეგ.
M: როგორია კომპანიის საფასო პოლიტიკა?
ნებისმიერი ბიზნესი, პირველ რიგში, გაყიდვებზე ორიენტირდება, რასაკვირველია, ჩვენც ასე ვართ. თუმცა, ჩვენთან ფასები ხელმისაწვდომია იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ვცდილობთ, ხარჯები მინიმუმამდე დავიყვანოთ.
იმის მიუხედავად, რომ მართლაც ძალიან დიდი კონკურენციაა, მაინც გავრისკე და გავაკეთე ის, რაც მინდა, შევთავაზო მომხმარებლებს. ძალიან მოთმინებით ვუდგები ყველაფერს, თითოეულ ჩვენს მომხმარებელს. არ მინდა, ვინმე უკმაყოფილო დარჩეს.
M: ვისგან შედგება კომპანია?
კომპანიაში სულ ვართ 5-6 ადამიანი, თუმცა, ამჟამად, ყველაფრის შესრულება მიწევს მე. ტურის შედგენა, რეკლამა, მომსახურების მომხმარებელთან მიწოდება, კომუნიკაცია და ა.შ – ყველაფერი მევალება. რასაკვირველია, საკმაოდ შრომატევადია ეს ყველაფერი, თუმცა, საქმისადმი სიყვარული ძალიან მეხმარება.
M: ამჟამად სად არის გრანდ ვოიაჟის “შტაბ-ბინა”?
ამჟამად, განთავსებულები ვართ King David-ის საერთო სამუშაო სივრცე KD4US-ში . უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან კომფორტულ და დადებით გარემოში ვარ, რადგანაც აქაურობა საოცარი გუნდითაა დაკომპლექტებული. პირდაპირ ვიტყვი, რომ არც მაქვს შეგრძნება, რომ ცალკე ოფისი მჭირდება, ეს სივრცე არის სრულიად საკმარისი და შესაბამისი მუშაობისთვის.
M: ორიოდე სიტყვით კომპანიის სამომავლო გეგმებზე…
ამ ეტაპზე განვითარების პროცესში ვართ, ვაპირებთ, დავამატოთ ბევრი საინტერესო ტური, შევთავაზოთ მომხმარებლებს საინტერესო ადგილები, რაზეც ისედაც ყოველდღე ვმუშაობთ. დრო და დრო კი თანამშრომლებსაც დავიმატებთ, რადგანაც, რაც უფრო ვიზრდებით, უფრო მეტი “ხელი” გვჭირდება.