in

GRANSHAN-ის წარმომადგენელი თბილისში პრეზენტაციას მართავს — კონკურსი მალე დაიწყება

როგორც უკვე იცით, ასოციაცია „ქართული შრიფტის“ ძალისხმევით, არალათინური შრიფტების საერთაშორისო კონკურს „გრანშანს“, საქართველოს სახით, მეათე მონაწილეც დაემატა.

ახლა კი, ვიდრე კონკურსი ოფიციალურად დაიწყება და ქართულ შრიფტზე მომუშავე დიზაინერები სრულ ვნებათაღელვაში გადაეშვებიან, კიდევ ერთი სიახლე გვაქვს: „ასოციაცია ქართული შრიფტის“ მოწვევით, საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, ჩამოდიან კონკურსის დამფუძნებელი და მთავარი ჟიურის თავმჯდომარე. კერძოდ, 25 სექტემბერს თიბისი კონცეპტის ბიბლიოთეკაში გრანშანის არალათინური შრიფტების საერთაშორისო კონკურსის მთავარი ჟიურის თავმჯდომარის, ბორის კოჰანის (გერმანია) პრეზენტაცია გაიმართება.

როგორც ასოციაციის დირექტორი, ნინო ჯიშკარიანი აღნიშნავს, შეხვედრაზე ბორისი გრანშანის შესახებ ისაუბრებს — რას მოიცავს კონკურსი, როგორია მისი სპეციფიკა, ისტორია, მნიშვნელობა და ა. შ. გარდა ამისა, სწორედ პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი კონკურსის დაწყების თარიღი და ზუსტი ვადები. მასში მონაწილეობის მიღება კი ნებისმიერ მსურველს შეუძლია — ისინი თავად გააგზავნიან „გრანშანის“ ვებგვერდზე საკუთარ ნამუშევრებს; ხოლო მოსამზადებელი პერიოდი, სავარაუდოდ, ოქტომბრიდან თებერვლამდე გასტანს.

რა თქმა უნდა, მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობა ქართული დამწერლობისა და შრიფტების პოპულარიზაციისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რაც კიდევ უფრო მეტად გამოკვეთს სიახლის მნიშვნელობას. GRANSHAN, როგორც ვიზუალური იდენტობის ცენტრი, აერთიანებს არალათინურ შრიფტებს, ტიპოგრაფიას, დიზაინსა და კომუნიკაციას.


შეგახსენებთ, რომ „გრანშანი“ 2008 წელს სომხეთის კულტურის სამინისტრომ დააფუძნა, როგორც ეროვნული ტიპის კონკურსი; 2009-ში კი, როდესაც ქვეყანას მიუნხენის ტიპოგრაფიული საზოგადოება ეწვია, ახალი ორგანიზაცია დაიბადა: მას შემდეგ ორივე ინსტიტუტი წარმატებით აწყობს საერთაშორისო კონკურსს, სადაც არალათინური შრიფტებია წარმოდგენილ, გამარჯვებული ნამუშევრები კი მასშტაბურ გამოფენებზე იფინება.

ბორის კოჰანი, ვერონიკა ბურიანი, ედიკ ხაბუძიანი, კატრინ შაფერი, საბინე რიდელი, ულრიხ მიულერი, სანდრა ჰაჩმანი და ა. შ. — ამჟამად სწორედ ესენი მუშაობენ კონკურსისა და კონფერენციის ორგანიზებაზე.

ფასი თუ ღირებულება — როგორ იღებენ მყიდველები გადაწყვეტილებას?

როგორ გავაორმაგოთ ელ.ფოსტაზე პასუხის დაბრუნების შანსი?