in

ნახატი, ბაბუს რჩევა და მზეზე ცხოვრება – „გადაწყვეტილების მიღებისას ვცდილობ, ის 4-5 წლის ბავშვი გავხდე“ – გვანცა ჩიჯავაძე

ამ გადაწყვეტილებამ საკუთარი თავის მოსმენა და დაჯერება მასწავლა!

არ მახსოვს, რამდენი წლის ვიყავი… ალბათ, ოთხის ან ხუთის, მაგრამ გადაწყვეტილება, რომელიც მაშინ მივიღე, დღემდე მეხმარება და ცხოვრებაში ჩემი საუკეთესო გზამკვლევია.

დავხატე მზე, რომელშიც მოვაქციე სახლი, გოგო, ძაღლი, ჩიტი და ხე. მზის წრე თითქმის მთელ ფურცელს მოიცავდა. ჩემს ნახატს ბაბუმ დახედა რა, ჯერ დასრულებული არ მქონდა, მეუბნება: „ბაბუ, იცი, რომ მზე ცეცხლის ბურთია? ამიტომ, მზეზე სახლს ვერ ააშენებ, დედამიწაა ჩვენი სახლი“. საშინლად მეწყინა, რომ მზეზე ცხოვრება არ შემეძლო და ვიფიქრე, მზეს დედამიწად გადავაკეთებ და ყველაფერი სწორად იქნება-მეთქი… მაგრამ დავფიქრდი… გადავწყვიტე, რომ ჩემს ფურცელზე მზეზე ცხოვრება შეიძლებოდა!

მოკლედ, ჩემთვის ძვირფასი ემოცია დავტოვე ისეთი, როგორიც იყო.

ამ გადაწყვეტილებამ ძალიან ბევრი რამ მომცა! პირველ რიგში, ის, რომ ნახატი, რომელიც ჩემთვის ძვირფასი იყო, არ გადავაკეთე. მას შემდეგ გადავწყვიტე: თეთრი ფურცელი, რომელიც წინ მიდევს, იქ მხოლოდ მე ვიცი, რა შეიძლება და რა – არა. მას მერე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს ვცდილობ, გავხდე ის 4-5 წლის ბავშვი და არ მივაქციო ყურადღება იმას, შეიძლება, თუ არა მზეზე ცხოვრება!

ცხოვრება, ზოგადად, არჩევანზეა დამოკიდებული. მე ხშირად მახსენდება ჩემი ის გადაწყვეტილებები, რომლის შედეგზეც ვდგავარ. ამ გადაწყვეტილების შედეგს მუდმივად სჭირდება ზრუნვა, ფიქრი და განვითარება, მაგრამ პირველი ნაბიჯი გადაწყვეტილებიდან იწყება!

ამ გადაწყვეტილებამ საკუთარი თავის მოსმენა და დაჯერება მასწავლა! მაშინ პირველად მივხვდი, რომ მე შემიძლია, მოვიფიქრო ისეთი რაღაც, რაც არ შეესაბამება რეალობას, მაგრამ ჩემს ფურცელზე ძალიანაც რეალური და ნამდვილია.

გვანცა ჩიჯავაძე, სააგენტო „ორის“ დამფუძნებელი. 

ქართული სააგენტოების წარმატება KIAF 2021-ზე – ნახეთ შედეგები!

როგორ გადავწყვიტო, თუ ბრენდის შექმნა მინდა?