დღეს, ყველა ვცდილობთ, ნებისმიერ საქმეში, პრაქტიკული გადაწყვეტილებები მივიღოთ და მაქსიმალურად დავზოგოთ დრო თუ სხვა რესურსები. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ერთმანეთთან დაკავშირებული სერვისებისთვის სხვადასხვა კომპანიის ძებნა და ათასგან სირბილი არ გვიწევდეს. მაგალითად, თუ მშენებლობას ვიწყებთ, გვირჩევნია, სრული მომსახურება ერთ ადგილზე მივიღოთ. ერთ-ერთი ასეთია „გრავიტა“ – კომპანიის ხელმძღვანელი რომეო ესართია ამბობს, რომ მომხმარებლებს სრულ პროექტირებასა და მშენებლობას სთავაზობენ. შესაბამისად, დამკვეთს აღარ უწევს ამ მომსახურებებისთვის სხვადასხვა მიმწოდებლის ძებნა. „გრავიტას“ გუნდისთვის მთავარი, მათივე თქმით, ხარისხი და საკუთარ თავზე აღებული პასუხისმგებლობის დროულად შესრულებაა.
კომპანიამ საქმიანობა 2006 წელს დაიწყო და „თეგეტა მოტორსის“ სამშენებლო ჯგუფს წარმოადგენდა. 2013 წლიდან კი „თეგეტა მოტორსის“ ჰოლდინგში შემავალი, დამოუკიდებელი კომპანიის სახელით განაგრძო საქმიანობა. დღეს, „გრავიტას“ საქმიანობა კომერციული, სახელმწიფო და საზოგადოებრივი არქიტექტურის ყველა მიმართულებას მოიცავს.
15 წლის განმავლობაში, კომპანიამ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბევრ მსხვილ პროექტზე იმუშავა. მათ შორისაა: TEGETA MOTORS-ის ფილიალები ფოთსა და ბათუმში, Porsche Centre Tbilisi, Toyota Centre Tegeta, Toyota Centre Batumi, Volvo Car Sakartvelo, Sairme Hotels & Resorts და ა.შ.
დასაწყისში რომ დავბრუნდეთ, ჩვენი სულ პირველი პროექტი „თეგეტა მოტორსის“ სათავო ოფისი იყო, რომელიც, დღემდე, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია კომპანიის პორტფოლიოში – სამუშაოები 8000 კვ/მ-ზე მიმდინარეობდა, სადაც, საბოლოოდ, შოურუმი, საოფისე მოდული და სერვის ცენტრი განთავსდა. ამ მშენებლობისთვის, „გრავიტას“ წელიწადზე ცოტა მეტი დასჭირდა – კომპანიამ, „თეგეტას“, დასრულებული პროექტი, 13 თვეში ჩააბარა.
ასევე აღსანიშნავია, რომ 2011 წელს „გრავიტამ“ სომხეთში განახორციელა პროექტი Flash Motors, რომლის სრული პროექტირება და სრული მშენებლობა ჩვენმა კომპანიამ უზრუნველყო. ეს იყო კომპანიის პირველი გასვლა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. შემდეგ, 2016 წელს, აზერბაიჯანში, კერძოდ კი ბაქოსა და შამახში განვახორციელეთ 2 პროექტი, სადაც ვიმუშავეთ ობიექტების დაპროექტებაზე.
რომეო ესართია: მომხმარებელს სხვადასხვა სახისა თუ სირთულის ობიექტების დაპროექტებასა და მშენებლობას ვთავაზობთ.
მიმდინარე პროექტებზე რა შეგიძლიათ, გვითხრათ?
რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე ერთად ვმუშაობთ. მათ შორის არის როგორც კომერციული, ისე სახელმწიფო დაკვეთები. ვმუშაობთ „მაზდას“, „ვოლვოსა“ და „პორშეს“ საკმაოდ მასშტაბურ პროექტებზე. ახლა პროექტირების ბოლო ეტაპზე ვართ. გარდა ამისა, წარმატებით ვახორციელებთ სახელმწიფო პროექტებს სვანეთსა და ხაშურში. ასევე, დაწყებული გვაქვს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ოფისის რეკონსტრუქცია.
ახლახან დავასრულეთ სასტუმრო „ახალი საირმე”, საირმეში, რომელიც გასული წლის დეკემბერში დავიწყეთ. ამ ობიექტზე სრული მშენებლობისა და გარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები ჩავატარეთ.
„გრავიტა“ საცხოვრებელ სახლებსაც აშენებს?
ზოგადად, მსხვილი პროექტების გარდა, ფიზიკური პირების დაკვეთებსაც ვასრულებთ. ამჟამად, ერთ-ერთ ჩვენს დამკვეთს ვუწევთ სრულ მომსახურებას და ვუშენებთ ინდივიდუალურ, ერთბინიან საცხოვრებელ სახლს, ლისზე.
ამ სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხი, როგორც მასალების, ისე – თავად მშენებლობის . . .
ჩვენთვის ეს ძალიან სერიოზული და პრიორიტეტული საკითხია. მუდმივად ვეცნობით ახალ სამშენებლო ტექნოლოგიებსა და მასალებს. „გრავიტას“ შესყიდვების გუნდი, ყოველდღიურად, აწარმოებს კვლევებს როგორც ადგილობრივ, ისე სხვა ქვეყნების სამშენებლო ბაზარზე. ხშირად არის შემთხვევა, როდესაც კონკრეტული პროექტისთვის საკმაოდ ძვირადღირებული და ხარისხიანი მასალა ჩამოგვაქვს ევროპიდან. მათი სურვილები ჩვენთვის პრიორიტეტულია, საბოლოო შედეგით ხომ ორივე მხარე კმაყოფილი უნდა იყოს. „გრავიტას“ შესრულებული პროექტები პირდაპირ აისახება კომპანიის იმიჯსა და სანდოობაზე. შესაბამისად, მასალების ხარისხს, ისევე როგორც, უშუალოდ, მშენებლობის მიმდინარეობას, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ.
ასევე, არის შემთხვევები, როდესაც ვთანამშრომლობთ ევროპაში წამყვან კომპანიებთან. მაგალითად, „კურორტი საირმე“-ს რესტორნის ინტერიერის დიზაინზე იმუშავა იტალიურმა კომპანიამ AFA Arredamenti – Arredamenti su misura & design, რომელიც რესტორნების დიზაინში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა იტალიაში.
აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ „გრავიტა“ მშენებლობის მიმდინარეობისას მკაცრად იცავს სახელმწიფო დადგენილებით არსებული უსაფრთხოების ყველა სტანდარტსა და ნორმას.
მშენებლობის ვადებზე რა შეგიძლიათ, გვითხრათ?
ამ სფეროში ეს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ყველა სამშენებლო პროცესს თავისი ხანგრძლივობა და მიმდინარეობა გააჩნია. შესაბამისად, ამა თუ იმ პროექტის დასრულების დრო ინდივიდუალურია. ჩვენი კომპანია, დამკვეთთან მოლაპარაკებისას, ზუსტად ადგენს ამ ვადებს და იღებს სრულ პასუხისმგებლობას, დათქმულ დროს ჩააბაროს მომსახურება.
კომპანიის ვებგვერდზე ჩაშენებული გაქვთ „ონლაინ“ კალკულატორი . . .
ამ კალკულატორით ორი მაჩვენებელი ითვლება – მშენებლობის კლასი და პროექტის ღირებულება. ასე, პოტენციური დამკვეთისთვის, ყველა მნიშვნელოვანი მონაცემი ჩვენს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი და თავადაც შეუძლია გამოთვლა. ფასის ამ ფორმატით დაანგარიშების შემთხვევაში, გვინდა, მსურველებს მაქსიმალურად გავუმარტივოთ მშენებლობისთვის მზადების პროცესი და დავეხმაროთ საკუთარი ხარჯების წინასწარ განსაზღვრაში. რაც შეეხება კლასის გამომთვლელს, ვფიქრობთ, ნამდვილად ძალიან პრაქტიკული ფუნქციაა – მშენებლობის კლასის დასადგენად, როგორც წესი, საჭიროა ხოლმე სხვადასხვა ორგანიზაციაში მისვლა. ჩვენ კი საშუალებას ვაძლევთ, ეს ინფორმაცია პირდაპირ კომპანიის ვებგვერდზე ნახონ მომხმარებლებმა.
ბუნებრივია, ორივე შემთხვევაში, გამოთვლილი მონაცემები და ციფრები მიახლოებითია. მათი ზუსტად განსაზღვრა ჩვენს თანამშრომლებთან დეტალების შეთანხმებისა და გაზიარების შემდეგ არის შესაძლებელი.
ბაზარზე საკმაოდ დიდი კონკურენციაა. „გრავიტა“ რით არის გამორჩეული?
„გრავიტამ“ უკვე მოიპოვა მსხვილი კომპანიების ნდობა, რაც მათი მხრიდან უწყვეტ თანამშრომლობაში გამოიხატება. როგორც მოგახსენეთ, ჩვენი გუნდი მუდმივ პროფესიულ ზრდაზეა ორიენტირებული და მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა დაკვეთა ინდივიდუალურად შევასრულოთ, მოვძებნოთ განსხვავებული, პრაქტიკული და ხარისხიანი გადაწყვეტები.
სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
ჩვენ მკაფიოდ ვხედავთ წარმატების სურათს. წარმატების უმთავრესი კომპონენტი უკვე არსებობს – ეს ჩვენი სტაბილურად მზარდი, მუდმივად განვითარებასა და პროფესიონალიზმზე ორიენტირებული ქართული გუნდია, რომელიც კომპანიის მიმართულებას და ღირებულებებს მთლიანად იზიარებს.
ამას, ჩვენი მხრიდან, ემატება 2006 წლიდან, არაერთ გიგანტ და საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობის გამოცდილება. ეს ყველაფერი, საკმაოდ ბევრი, მიმდინარე და მომავალი პროექტის განხორციელებაში გვეხმარება.
ჩვენ გვჯერა, რომ ის ინოვაციები, ხარისხი და ოპტიმალური გადაწყვეტილებები, რასაც ჩვენი გუნდი მუდმივად ნერგავს, აუცილებლად გამოიღებს შედეგს.
[R]