in

გრავიტაციული ტალღების დეტექტორმა უჩვეულო სიგნალები დააფიქსირა

ეს სიგნალები, შესაძლოა, სამყაროს საწყის პერიოდს უკავშირდებოდეს

დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერთა მიერ შექმნილმა გრავიტაციული ტალღების დეტექტორმა უჩვეულო სიგნალი დააფიქსირა, რომელთა მსგავსიც აქამდე არასდროს აღმოჩენილა. ამის გამომწვევ მიზეზად, მეცნიერები რამდენიმე კოსმოსურ მოვლენას მიიჩნევენ, თუმცა ჯერჯერობით რთულია კონკრეტული მათგანის დასახელება.

გრავიტაციული ტალღები პირველად დეტექტორმა LIGO-მ დააფიქსირა. შედეგად მეცნიერებმა შეძლეს, შავი ხვრელებისა და ნეიტრონული ვარსკვლავებისგან მომავალი სიგნალების შესწავლა დაეწყოთ. გრავიტაციული ტალღები სწორედ შავ ხვრელებსა და შორეულ სამყაროში, ნეიტრონული ვარსკვლავების შეჯახების შედეგად წარმოიქმნება. ეს მოვლენები იმდენად მძლავრია, რომ ისინი დროსა და სივრცეში ირხევა და წარმოქმნილი გამოსხივება ასობით კილომეტრზე ვრცელდება.

საგულისხმოა, რომ ამ უზარმაზარი ობსერვატორიის აშენებამდე დიდი ხნით ადრე მეცნიერებმა ეჭვი შეიტანეს ასეთი ზომის გრავიტაციული ტალღების არსებობაში. ეს ბუნებრივიცაა, რადგან მათ იცოდნენ შავი ხვრელებისა და ნეიტრონული ვარსკვლავების შეჯახების შესახებ. თუმცა ჯერ კიდევ არ არსებობს გრავიტაციული ტალღების კარგად შესწავლილი წყაროები. “სამყაროში ყოველთვის არის ისეთი რამ, რასაც არ ველოდებით” – აღნიშნავს დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის ფიზიკოსი მაიკლ ტობარი.

2014 წელს მაიკლ ტობარმა და მისმა კოლეგებმა შექმნეს დეტექტორი, რომელიც 3 სანტიმეტრის დიამეტრის კვარცის კრისტალის დისკისგან შედგება. მაღალი სიხშირის სიგნალები მისი გავლით ბგერის მდგარ ტალღებს წარმოქმნის და ოდნავ ამობურცულ ნაწილში კრისტალის ატომთა რხევითი მოძრაობის კვანტების, ფონონების სახით ვლინდება. ამ სუსტ აკუსტიკურ ვიბრაციებს კი, რომლებიც შემდგომ ხელოვნურად ძლიერდება, პიეზოელექტრული ფირფიტები აღიქვამს.

აღნიშნულმა დეტექტორმა, რომელიც რადიაციისგან დაცულ ვაკუუმურ სივრცეშია მოთავსებული, 153 დღიანი ექსპერიმენტის დროს  მაღალი სიხშირის გრავიტაციული ტალღები 2-ჯერ დააფიქსირა. ასეთი მოწყობილობები სამყაროს საწყის ეტაპსა და ისეთ ჰიპოთეტურ ობიექტებზე გვაძლევს ინფორმაციას, როგორიცაა ბოზონური ვარსკვლავები, პირველადი შავი ხვრელები, ბნელი მატერიის ღრუბლები და სხვა.

ამ დროისათვის მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ, რამ გამოიწვია ეს შედეგები. ტობარის თქმით, ერთ შესაძლო ახსნას დამუხტული ნაწილაკების ნაკადები წარმოადგენს, რომლებსაც კოსმოსური სხივები ეწოდება. თუმცა ამის პარალელურად მრავალი უჩვეულო პერსპექტივა არსებობს – მათ შორის, ბნელი მატერიის ტიპი, რომელიც ცნობილია როგორც აქსიონი. ეს უკანასკნელი შავი ხვრელის გარშემო ბრუნავს და გრავიტაციულ ტალღებს ასხივებს.

გარდა ამისა, შესაძლებელია, ბევრი მოვლენის ასახსნელად ტრადიციული ფიზიკის მიღმა გაღწევა აღმოჩნდეს საჭირო. ამ სიგნალების წყარო, შესაძლოა, კოსმოსური გამოსხივება, ბნელი მატერიის ტოპოლოგიური დეფექტები ან მისი მასიური ნაწილაკები იყოს. მეტნაკლებად სრულყოფილი შედეგის მისაღებად და სრული სურათის დასანახად, მეცნიერები მეორე კრისტალის დამატებასაც გეგმავენ.

Leo Burnett-მა Ikea-ს ფასდაკლების კამპანიისთვის პრინტ სერია შექმნა

Oxygen Biennial 2021 – “გადანაცვლების რიტუალები” #ეთერში