in

გრძელი ვიდეოები მეტ ნახვას აღწევს? ახალი დაკვირვება ტიკტოკზე

აქამდე სულ იმას გვეუბნებოდნენ, რომ ტიკტოკი თავისი მოკლე ვიდეოებით იყო წარმატებული, თუმცა სულ ახლახან გამოვიდა ახალი დაკვირვება, რომელიც გვიხსნის, რომ ერთ წუთზე ხანგრძლივ ვიდეოებს უფრო მეტი ნახვა და ყურების დრო აქვს, ვიდრე მათ მოკლე კოლეგებს. 

1 მილიონზე მეტი ვიდეოს ანალიზის საფუძველზე, დაიდო დასკვნა, რომ მოკლე ვიდეოები დომინირებს პლატფორმაზე, ანუ თავად გამოქვეყნებული ვიდეოების დაახლოებით 86% ერთ წუთზე ნაკლებია, მაგრამ 60 წამზე მეტი ხანგრძლივობის ვიდეოებს აქვთ მინიმუმ 43,2%-ით მეტი წვდომა, 63,8%-ით მეტი ყურების დრო, ვიდრე მოკლე ვიდეოებს. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ტიკტოკის ალგორითმი ვირუსულობის პრინციპით მუშაობს. მართალია, გრძელი ვიდეოები საშუალოდ უფრო მეტ წვდომას აღწევს, მოკლე ვიდეოები მაინც დიდ ჩართულობას იძენს დღეის მონაცემებით.

თუ გახსოვთ, თავდაპირველად ტიკტოკი 15-წამიან ვიდეოებს გვთავაზობდა. შემდეგ გაზარდა ეს დრო 60 წამამდე, შემდეგ 3 წუთამდე და ახლა 10 წუთამდე. მიუხედავად ამ ცვლილებებისა, შემქმნელთა უმეტესობა კვლავ იცავს მოკლე ფორმატებს. ამას თავისი ახსნა აქვს – მათი შექმნა ბევრად ადვილია, ნაკლები დრო სჭირდება სცენარის მოსამზადებლად, გადასაღებად და დასამონტაჟებლად.

ქვემოთ წარმოგიდგენთ გრაფიკულ გამოსახულებას, სადაც ასახულია ვიდეოების ნახვის სტატისტიკა მისი ხანგრძლივობის მიხედვით.

როგორ აიხსნება ეს ყველაფერი?

TikTok-ის ალგორითმს შეუძლია, მეტ მომხმარებელს აჩვენოს გრძელი ვიდეოები, რადგან სურს, რომ მაყურებლები რაც შეიძლება დიდხანს დატოვონ პლატფორმაზე, გრძელი ვიდეოები კი ეხმარება ამ მიზნის მიღწევაში. 

რა უნდა გაითვალისწინოთ?

მოკლე ვიდეოები უფრო გავრცელებულია, მაგრამ შეზღუდულია მათი ჩართულობა. მაგალითად, ვიდეოების 22,2% არის 5-10-წამიანი, თუმცა მათი ყურების საშუალო დრო მხოლოდ 3,1 წამია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ულტრამოკლე ვიდეოებიც კი ხშირად ვერ იპყრობენ ყურადღებას. ეს იმითაცაა გამოწვეული, რომ ძალიან რთულია, თან სწრაფად და თან ეფექტურად გადმოსცე სათქმელი, ამიტომ მსგავსი კონტენტი ხშირად სქროლვაში იკარგება.

ვიდეოების მესამედზე მეტი (33.7%) არის 30-დან 60 წამამდე. ეს ვიდეოები აღწევს 6.9 წამის საშუალო ყურების დროს და 302 მედიანას.

ბოლოსთვის ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ვიდეოს სიგრძე მხოლოდ ერთი ფაქტორია კომპლექსურ ალგორითმში და ცხადია, მხოლოდ მასზე არაა დამოკიდებული შესრულების დონე. სპეციალისტები გვირჩევენ, ყურადღება გავამახვილოთ ვიდეოს დასაწყისზე, რადგან პირველი ორი წამი განსაზღვრავს მნახველების დაინტერესებას. დაიწყეთ თამამი განცხადებით, გასაკვირი ვიზუალით ან კითხვის დასმით, რომელიც იწვევს ცნობისმოყვარეობას და ჩართულობას. გრძელი შესავლები არაფრის მომცემია.

თუ აქამდე არ გიცდიათ, გადაიღეთ ცოტა გრძელი ვიდეო და დააკვირდით, რამდენად კარგად იმუშავებს ის. რა თქმა უნდა, სკრიპტი საინტერესოც უნდა იყოს. ამის გარეშე არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, 15-წამიანი ვიდეო გიდევთ თუ 5-წუთიანი.

Bidspace.ge – ქართული ციფრული პლატფორმა, სადაც ბილეთების ყიდვასა და გაყიდვას შეძლებთ

DIY ტრენდები — როცა ჰობი ცხოვრების წესი ხდება