in

როგორ განვავითაროთ გრძელვადიანი აზროვნება

1997 წელს, Amazon-ის საფონდო ბირჟაზე გასვლის შემდეგ, აქციონერებისთვის გაგზავნილ პირველ წერილში მკაფიოდ დაფიქსირდა, რომ კომპანიის გადაწყვეტილებები მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივას დაეყრდნობოდა და უოლ-სტრიტის მოკლევადიანი რეაქციები სტრატეგიულ მიმართულებას ვერ შეცვლიდა. ორი წლის შემდეგ ბიზნესგამოცემებმა კომპანიას წარუმატებლობა უწინასწარმეტყველეს, ხოლო 2001 წლის მიწურულს აქციების ფასი ექვს დოლარზე ქვემოთ დაეცა. ინვესტორების უკმაყოფილების მიუხედავად, საწყობების მშენებლობა, ტექნოლოგიური სისტემების განვითარება და მომხმარებლის ნდობის მოპოვება შეუჩერებლად გაგრძელდა, პირველი წერილი კი ყოველ წლიურ ანგარიშს უცვლელად ერთვოდა. სწორედ ამ პრინციპებზე დაფუძნებულმა სისტემამ აქცია კომპანია გლობალურ გიგანტად. გრძელვადიანი აზროვნების ჩამოსაყალიბებლად ოთხი ფუნდამენტური მიდგომა გამოიყოფა.

ზუსტი დროითი ჰორიზონტი

გრძელვადიანი ხედვა აზრს კარგავს, თუ ის ბუნდოვანია, ამიტომ კონკრეტული ვადის არჩევა აუცილებელია. ეს შესაძლოა იყოს ხუთი, ათი ან ნებისმიერი სხვა რაოდენობის წელი, რომელიც კონკრეტულ მიზანს უკავშირდება. Amazon-ის წარმატება ბაზარზე ლიდერობასა და მომხმარებლის ურყევ ნდობას მიება. ანალოგიური მიდგომა მუშაობს კარიერასა თუ პირად განვითარებაშიც – მთავარია საბოლოო წერტილის ცოდნა, რის შემდეგაც ყურადღება კვლავ დღევანდელ ქმედებებზე უნდა დაბრუნდეს.

შეცდომის დაშვების სიმამაცე

მოკლევადიან პერსპექტივაში გრძელვადიანი ნაბიჯები ხშირად გაუგებარი ჩანს. ჩნდება ეჭვები და გარშემომყოფთა ირონია. ელექტრონული კომერციის დაპყრობის მცდელობას თავდაპირველად ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, კომპანიას კრახს უწინასწარმეტყველებდნენ, აქციების ვარდნის ფონზე კი შეშფოთებული ინვესტორები წილებს ყიდდნენ. პანიკის ნაცვლად ფოკუსის შენარჩუნებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა.

აუცილებელია მოკლევადიანი შედეგების გამიჯვნა გადაწყვეტილების გრძელვადიანი ხარისხისგან. სწორმა ნაბიჯმა შესაძლოა დროებით უარყოფითი შედეგი მოიტანოს, ხოლო მცდარმა – მოკლევადიანი წარმატება. ამ პროცესში სასარგებლოა გადაწყვეტილებების დღიურის წარმოება, სადაც ფიქსირდება არჩევანის მიზეზი, მოლოდინები და გადახედვის ვადები. ეს იცავს ადამიანს მოვლენების უკანა რიცხვით შეფასებისგან და ავლენს უსარგებლო სიჯიუტეს. გრძელვადიანი ხედვა ფაქტების შეცვლასთან ერთად მეთოდების მორგებას გულისხმობს – თავდაპირველად წიგნების გაყიდვით დაწყებული საქმიანობა დროთა განმავლობაში მასშტაბურ ეკოსისტემად გარდაიქმნა. წლების განმავლობაში ზარალზე მუშაობის მიუხედავად, დასახულ ვადაზე ფოკუსირებამ და რთულ მომენტებში შეუპოვრობამ კომპანია გადაარჩინა.

უარის თქმა

გრძელვადიანი აზროვნება უმეტესად ზედმეტის ჩამოშორების პროცესია. ყოველი მოკლევადიანი თანხმობა მომავალს დროს ართმევს. უორენ ბაფეტის მიდგომით, წარმატებული ადამიანები თითქმის ყველაფერზე უარს ამბობენ, რადგან საკუთარ დროს მკაცრად იცავენ.

ამ გზაზე დასარჩენად აუცილებელია იმ აქტივობების სიის შედგენა, რომლებზეც უარი უნდა ითქვას მომდევნო კვარტალში თუ საანგარიშო პერიოდში. თანხმობა მხოლოდ იმ ამოცანბსა და გამოცდილებებს უნდა ეთმობოდეს, რომლებიც არჩეულ დროით ჰორიზონტს ერგება. კალენდრისა და პრიორიტეტების რეგულარული გადამოწმება აჩვენებს, ემსახურება თუ არა ყოველდღიური საქმე მთავარ მიზანს. ათი წლის განმავლობაში დღეში თუნდაც ერთი საათის დახარჯვა უსარგებლო საქმიანობაზე ათასობით დაკარგულ საათს ნიშნავს, რაც გაცილებით მომგებიანად შეიძლებოდა გამოყენებულიყო.

რეგულარული რევიზია

გრძელვადიანი პროცესი ხშირად მოსაწყენია და დიდ ენერგიას მოითხოვს, რის გამოც ბევრი საქმეს შუა გზაზე ტოვებს. ენთუზიაზმით სავსე დასაწყისის შემდეგ რთული შუალედური ეტაპი სიმტკიცეს საჭიროებს, რადგან შედეგების დაგროვებას დრო სჭირდება და პროგრესი ზოგჯერ უხილავია. ჩნდება დროის ფუჭად კარგვის განცდაც, ამიტომ სისტემური გადაფასების მექანიზმი აუცილებელია.

ბილ გეიტსი Microsoft-ში მუშაობისას რეგულარულად გეგმავდა განმარტოებულ კვირეებს მასალების გასაანალიზბლად და სიღრმისეული ფიქრისთვის. საკუთარ თავთან პერიოდული შეხვედრები თუნდაც კვირაში ნახევარ საათს უნდა მოიცავდეს რთულ კითხვებზე პასუხის გასაცემად – რა გაკეთდა სწორად, რამ დაკარგა აზრი ბოლო თვეებში და რა უნდა შეწყდეს ან დაიწყოს. წელიწადში რამდენჯერმე კი სასარგებლოა დროის დათმობა მთლიანი ჰორიზონტის შესაფასებლად.

წყარო: Fastcompany

რას ტოვებს სეზონური კამპანია სეზონის გასვლის შემდეგ?

Nike თავის ლოგოს სამკაულად აქცევს