in

რა ვიცით ჯანსაღი ღრძილების შესახებ? – 12 მაისი, ღრძილის დაავადებების შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეა

როდესაც ჰოლივუდის ღიმილზე საუბრობენ, პირველი ყველას თეთრი, ქათქათა კბილები ახსენდება, თუმცა დაგვეთანხმებით, რომ ჯანმრთელი და ლამაზი ღრძილებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. 12 მაისი ღრძილის დაავადებების შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეა, რომელიც ევროპის პაროდონტოლოგიის ფედერაციის (European Federation of Periodontology – EFP) ორგანიზებით აღინიშნება. ამ ღონისძიების მიზანი პაროდონტის ანთებითი დაავადებების განვითარების მიზეზებისა და შედეგების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. 

ღრძილი პაროდონტის ქსოვილების იმ ნაწილს წარმოადგენს, რომელსაც ადამიანი კბილების ირგვლივ ხედავს, თუმცა მას უფრო რთული აგებულება აქვს, ვიდრე ამას თვალი ამჩნევს. ღრძილის ქვეშ მოთავსებულია უმნიშვნელოვანესი ქსოვილი ძვალი, რომელიც კბილს კბილბუდეში იჭერს და ღეჭვისას მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. დენტალური იმპლანტიც ძვალშია მოთავსებული და მას გარედან ვარდისფერი რბილი ქსოვილი ფარავს. როდესაც ამ ქსოვილებში ვითარდება ანთების ისეთი ფორმა როგორიცაა პაროდონტიტი ან პერიიმპლანტიტი, კბილის და იმპლანტის გარშემო აღინიშნება რბილი ქსოვილების შეშუპება, სიწითლე და სისხლდენა, ხოლო ძვალი ანთების შედეგად იშლება. იმ შემთხვევაში თუ პაციენტი დროულად არ ჩაიტარებს მკურნალობას, ძვლის დაკარგვასთან ერთად საბოლოოდ დაკარგავს კბილს ან იმპლანტს. 

არსებობს კვლევები, რომლებიც გვეუბნება, რომ პაროდონტიტი ქრონიკულ დაავადებებს შორის მე-6 ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მსოფლიოში. მისი პირველი ნიშანი სისხლდენაა, თუმცა არსებობს სხვა სიმპტომებიც, რომლებიც ღრძილების დაავადებაზე მიგვანიშნებს. ესენია:

  • წითელი, შეშუპებული ღრძილები;
  • ღრძილებიდან სისხლდენა კბილების გახეხვისას, კბილთაშორისი ზედაპირების წმენდის ან მყარი საკვების მიღებისას;
  • კბილებისგან დაშორებული ღრძილები, რომლის გამოც კბილები უფრო გრძელია, ვიდრე უწინ;
  • უსიამოვნო სუნი;
  • ჩირქდენა ღრძილებიდან;
  • კბილების დაკარგა ან მათი გადანაცვლება;
  • კბილების შეთანასოვნების დარღვევა.

ხშირად ღრძილების დაავადება გვიან იჩენს თავს, როცა უკვე მძიმე ფორმაში გადადის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ანთებითი დაავადებების დროული გამოვლენა და მკურნალობა. ეს ამ დაავადებების მენეჯმენტის უმთავრესი სტრატეგიაა.

გარდა იმისა, რომ უკვე აღმოჩენილი დაავადების სწორი მკურნალობაა მნიშვნელოვანი, აუცილებელია ამ დაავადებათა პრევენციაც. არსებობს რამდენიმე გზა, რომელიც დაგვეხმარება მძიმე შედეგების თავიდან აცილებაში:

  • კბილების გახეხვა დღეში ორჯერ;
  • დღეში ერთხელ კბილთაშორისი წმენდის რომელიმე მეთოდი (ირიგატორი, კბილთაშორისი ჯაგრისი, ფლოსი);
  • პერიოდულად ექიმთან პროფილაქიკისთვის სიარული;
  • სტომატოლოგთან კონსულტაცია, თუ რამდენად სწორად ვუვლით პირის ღრუს. საჭიროების შემთხვევაში, ის შეიტანს კორექციას ჩვენს წესებში.

ბოლოს გეტყვით, რომ საქართველოში არსებობს კვალიფიციურ პაროდონტოლოგთა კლუბი Albius PerioClub, რომელშიც გაწევრიანებულია 100-ზე მეტი პაროდონტოლოგი საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან. კლუბის წევრები მუდმივად ზრუნავენ უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე. ცოდნას ევროპის ცნობილი პაროდონტოლოგებისგან იძენენ და ფლობენ დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს. 

თქვენი პაროდონტოლოგის პოვნა ამ ვებგვერდზე შეგიძლიათ.

[R]

10 ტექნოლოგიური სიახლე საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის

ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო