ექვს თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც აშშ “Great Resignation”-მა მოიცვა. მილიონობით ადამიანმა დატოვა სამსახური. ეს თემა საკმაოდ ფართო განხილვის საგნად იქცა. კომპანიები დადგნენ უდიდესი გამოწვევის წინაშე, როგორმე შეენარჩუნებინათ თანამშრომლები, როგორ შეეცვალათ სამუშაო პირობები, მიდგომა და მოეზიდათ ტალანტები.
თუმცა, სანამ საზოგადოებისა და მედიის ერთი ნაწილი სამსახურიდან გათავისუფლების შედეგებზე მსჯელობს, დროა, ბიზნესი დაფიქრდეს, საით იქნება მიმართული სამსახურის მაძიებელთა ეს უზარმაზარი ნაკადი. ასევე, მოემზადოს მომავალი ტალღისთვის, რასაც „დიდი ადაპტაცია“ ჰქვია და ადამიანების სამსახურებში დაბრუნებას გულისხმობს. კვლევითმა კომპანიამ Qualtrics XM Institute შენიშნა, რომ 72.4 მლნ ამერიკელი დასაქმებული, რაც სამუშაო ძალის 52%-ია, უახლოესი 6 თვის მანძილზე, დიდი ალბათობით, სამსახურის ძიებას დაიწყებს. ეს კი, 2019 წელთან შედარებით, 14%-იანი ზრდაა. ბუნებრივია, არც ამჟამინდელი დასაქმებულები დაკმაყოფილდებიან მიღწეულით და არ გაჩერდებიან ისეთ კომპანიებში, რომლებიც უსაფრთხოების, მოქნილობისა და კომპენსაციის თანამედროვე მოთხოვნებს არ აკმაყოფილებენ. იმის ფონზე, რომ 2022 წელს მილიონობით დასაქმებული შეუერთდება ახალ ორგანიზაციას, სამსახურში ადაპტაციის გამოცდილება საკვანძო პრიორიტეტი იქნება, დამსაქმებლების შესახებ შთაბეჭდილების ჩამოყალიბებისას.
სანამ დასაქმებაზე მოთხოვნა გაიზრდება, სამუშაო ძალის განახლებაზე ორიენტირებულ ლიდერებს შეუძლიათ სარგებელი საბაზრო ცვლილებების ხარჯზე ნახონ და ამრიგად, მოიზიდონ ტალანტები, რომლებიც უკეთეს სამუშაო გამოცდილებას ეძებენ.
რა სურთ სამსახურის მაძიებლებს?
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გავიაზროთ, ვინ არიან სამსახურის მაძიებლები. Qualtrics XM Institute-ის კვლევის მიხედვით, მათი უდიდესი ნაწილი 25-34 წლისაა, ხოლო მთლიანობაში, 55% – 25-44 წლის. ამ ასაკის დასაქმებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც კარიერულ საფეხურზე იმყოფებიან, პანდემიისას, დისტანციურ სამუშაოზე გადავიდა. ასეთმა მკვეთრმა ცვლილებამ, ბევრს გადაააზრებინა სამსახურიც და პირადი ცხოვრებაც.
კომპანიები, პანდემიასთან საბრძოლველად, მეტწილად, მაღალი რგოლის ხელმძღვანელებზე იყვნენ დამოკიდებული და ეს ამჟამინდელ გარემოებაზეც აისახება. განყოფილების ხელმძღვანელების 62% და დეპარტამენტების უფროსთა 72%, უახლოეს თვეებში ახალი კომპანიების ძიებას დაიწყებს.
ბოლო ორი წელი განსაკუთრებით რთული იყო ყველა იმ ლიდერისთვის, რომელიც მომხმარებლის მოთხოვნილების ცვლილების მომსწრე გახდა. ამას დაემატა ცვლილება თანამშრომლებში, სამუშაო გარემოში. მოახლოებულ სიახლეებთან ერთად, ბევრი მოისურვებს ახალ გარემოში მუშაობას.
გადაიაზრეთ სამსახურში ადაპტაციის პროცესი
იმის ნაცვლად, რომ მეტისმეტად ბევრი იფიქროთ იმ თანამშრომლებზე, რომლებიც წასვლას აპირებენ, ყურადღება არსებულ ძლიერ ტალანტებსა და ახალ აპლიკანტებზე მომართეთ, რომლებიც ახლა უერთდებიან კომპანიის გუნდს. სამსახურში ადაპტაციის პროცესის დახვეწა სამუშაო ძალის უკეთეს გამოცდილებას შეგაქმნევინებთ.
ე.წ. ონბორდინგის გამოცდილება, ხშირად, რესურსებში შეზღუდული და არასათანადოდ გათვლილია. ბევრი დამსაქმებელი ყურადღებას არ აქცევს ადამიანის ცხოვრებაში იმ მასშტაბურ ცვლილებას, რაც ერთი სამსახურიდან მეორეში გადასვლას უკავშირდება. თანამშრომლების გადინების ასეთი მასშტაბის გათვალისწინებით, ორგანიზაციებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეფექტიანობისა და შედეგიანობის გაზრდა ადაპტაციის კუთხით, სწორედ ახლა. აუცილებლად უნდა დაეხმაროთ თანამშრომლებს, თავი იგრძნონ კომფორტულად და ღირებულად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დისტანციურად მუშაობენ.
კომპანიები, რომლებიც ახალ თანამშრომლებს იმატებენ, უნდა იაზრებდნენ, რომ სამსახურის მაძიებლები დაინტერესებული არიან უფრო მოქნილი სამუშაო გარემოთი, სამუშაოთი გადაწვისგან თავის დაღწევითა და ახალი შესაძლებლობებით. ლიდერებმა უნდა გამოიჩინონ თანაგრძნობა და თანამშრომელთა მოთხოვნილებები გაითვალისწინონ, განსაკუთრებით ისეთი, რაც ფსიქიკურ ჯანმრთელობას უკავშირდება. მკაფიო და დამაჯერებელი ხედვის გაზიარებით, თანამშრომლებს წაახალისებთ, ახალი, ენერგიული სტარტისკენ.
„ონბორდინგში“ ინვესტირება დააჩქარებს თანამშრომლების ინტერესისა და მიზანდასახულობის ზრდას, სამუშაოსთან მიმართებაში და მათ შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
წყარო: inc.