in

“სტარტაპისთვის რომ მიმეხედა, სამსახურიდან წამოვედი და პანდემიაც დაიწყო…” – ამბავი “მწვანე ფერზე”

Startauperi
Startauperi

ერთად შეკრებისას, მეგობრებს რამდენჯერ გითქვამთ “მოდი, ერთად წამოვიწყოთ ბიზნესი”? შემდეგ კი, დიდხანს გირჩევიათ იდეა, რომელიც ყოველი თქვენგანისთვის იქნებოდა საინტერესო. ეს ამბავიც ასე იყო. ბავშვობის სამი მეგობარი – გიგი კოტრიკაძე, თემო მჭედლიშვილი და სანდრო გოგიშვილი – ძალიან დიდხანს ფიქრობდა საერთო საქმის წამოწყებაზე.

“ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობთ, რამაც ერთმანეთის მიმართ ნდობა ჩამოგვიყალიბა. ვფიქრობთ, დღევანდელ საერთო საქმიანობაში ეს დიდ როლს თამაშობს და ძალიან გვეხმარება,” – გვიამბო გიგი კოტრიკაძემ.

ისეთი ბიზნესიდეის პოვნა კი, რომელშიც თითოეული ადამიანი დაინახავდა საკუთარ თავსაც და განვითარების პერსპექტივაც, არც ისე მარტივი აღმოჩნდა. სანამ მათი სტარტაპი “მწვანე ფერს” მიიღებდა, ხან დისტრიბუცია სცადეს, ხანაც მომსახურების სხვა მიმართულება. ბოლოს, სარემონტო სფერო აირჩიეს და მომხმარებლებისთვის მოქნილი სერვისის შეთავაზება დაიწყეს. საქმეს სამსახურების პარალელურად უძღვებოდნენ – თემო სამედიცინო სფეროში მუშაობდა, სანდრო – სამშენებლო ბიზნესში, გიგი – ანალიტიკოსად. აცნობიერებდნენ, რომ სტარტაპის გამართვა, დატვირთული სამუშაო გრაფიკის პარალელურად, გაუჭირდებოდათ. მაინც სცადეს. გამოცდილების დაგროვებაში საკუთარი ფართების კეთილმოწყობაზე მუშაობა დაეხმარათ.

გიგი კოტრიკაძე: “ყველამ იცის რამდენ დროსთან და ნერვებთან არის დაკავშირებული რემონტი. საკუთარი ბინის რემონტი რომ დავიწყე, სრული გრაფიკით ვმუშაობდი და მიუხედავად იმისა, რომ სანდრო და თემოც მეხმარებოდნენ, მაინც ვერასდროს ვიცლიდი სრულყოფილად, რამაც რემონტის პროცესი უფრო ხანგრძლივი გახადა. მაშინ გადავწყვიტეთ პირველად, რომ საერთო  ძალებითა და შემართებით, სწორედ ამ სფეროში მიგვეწოდებინა მომხმარებლებისთვის ისეთი სერვისი, რომელიც ჩვენ თვითონ გვაკლდა და არ მოგვწონდა.”

კომპანიის მთავარი იდეა იყო, მომხმარებლისთვის გაემარტივებინა რემონტი, რაც ხშირად დამღლელ და დაუსრულებელ პროცესად გადაიქცევა ხოლმე:

“გვინდოდა დაგვეზოგა დრო, რათა მომხმარებელს არ დასჭირვებოდა ობიექტზე ვიზიტი, მასალების ასარჩევად სიარული, ლოგისტიკაზე ფიქრი და ა.შ. ამავდროულად, ყველა პროექტს ჰყავს თავისი მენეჯერი რომელიც 24/7ზე ხაზზეა მომხმარებელთან და მუშაობის პროცესთან დაკავშირებით საქმის კურსში აყენებს და უთანხმებს დეტალებს. ესაა თანმიმდევრული და ცოცხალი პროცესი.”

გამოცდილების დასაგროვებლად და სერვისის გამოსაცდელად, ჯერ საკუთარი ფართები გაარემონტეს, შექმნეს ბაზა – საიდან და როგორ ეშოვნათ საჭირო მასალები და მოეზიდათ ადამიანური რესურსი. ამის შემდეგ, პირველი დამკვეთიც გამოჩნდა, ერთ-ერთი მსხვილი კომპანია. საქმე კარგად მისდიოდათ, თუმცა რაკი დიდ ჩართულობას მოითხოვდა, გიგიმ სამსახურიდან წამოსვლა გადაწყვიტა. სამსახურის დატოვებიდან სულ რამდენიმე დღეში პანდემიური კრიზისი დაიწყო, რომელიც სხვა ინდუსტრიებთან ერთად, სარემონტო სფეროზეც აისახა.

“თავიდან შევშინდით, მაგრამ მუშაობას კვლავაც განვაგრძობდით, ამიტომ მალევე შევწყვიტე ნერვიულობა. მივხვდი, რომ დაგეგმილზე უარესად წავიდოდა საქმე. ისიც ფაქტი იყო, რომ ეკონომიკა დიდი ხნით ვერ მოკვდებოდა, თან რაღაც დანაზოგი მქონდა, რაც მამხნევებდა.

ამ პერიოდში დავრწმუნდი, რომ დანაზოგი აუცილებელია. დღეს დაზოგილი თითოეული თეთრი არის ხვალინდელი დღისთვის ჩადებული ინვესტიცია. დანაზოგის გარეშე ძალიან გაუჭირდება ადამიანს განვითარება, მით უმეტეს საქართველოში. დაუგეგმავი შემოსავალი როცა მქონდა, ანგარიშზე შემქონდა ხოლმე და ამან გადამარჩინა. დანაზოგი უმნიშვნელოვანესია ფსიქოლოგიურადაც, სტაბილურობის განცდას გძენს. ვფიქრობ, რამდენიმე თვის საცხოვრებელი ფული მუდამ უნდა გქონდეს. ამ სიტუაციამაც გამოაჩინა, რომ არასდროს ხარ დაზღვეული და რომ შეიძლება სამსახური ან საქმე დაკარგო. დანაზოგი კი მოგცემს საშუალებას, ფეხზე წამოდგე, მოძებნო ახალი გზები და სანამ ამას გააკეთებ, თავის გასატანი თანხაც გქონდეს.”

დღეს, მეგობრები თვლიან, რომ ამ საქმის არჩევით სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. მიუხედავად სირთულეებისა, კრიზისული თვეები სერვისის დასახვეწად და გასაუმჯობესებლად გამოიყენეს.

“ჩვენი, როგორც მომხმარებლის გამოცდილებამ დაგვანახა ის პრობლემები, რომლებიც ამ სფეროში იყო და თავდაპირველად ძალიან დიდი დრო და შრომა დაგვჭირდა იმისთვის, რომ მომხმარებლისთვის დახვეწილი და კომფორტული სერვისი შეგვეთავაზებინა.”

M: პანდემიამ როგორ იმოქმედა თქვენს ბიზნესზე?

პანდემიამ სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორი სერიოზულად დააზარალა. მომხმარებლებმა გადაავადეს დაგეგმილი რემონტები შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ასევე გართულდა ტრანსპორტირების საკითხი. თუმცა სარემონტო-სამშენებლო ბიზნესში ინოვაციურ მიდგომებს მისცა განვითარების საშუალება. ამასთან, მე უფრო დადებით მხარეზე გავამახვილებდი ყურადღებას. თუ  აქამდე მომხმარებელი ფიქრობდა რომ მისი ჩართულობა აუცილებელი იყო რემონტის პროცესში, პანდემიამ დაარწმუნა რომ  რემონტის გაკეთება სრულად დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი.

M: ამ დროის მანძილზე, სარემონტო სფეროს ბიზნესმა რა ცოდნა და უნარები მოითხოვა თქვენი გუნდისგან?

თავიდანვე კარგად შევისწავლეთ ბაზარი – რა სერვისებზე იყო მოთხოვნა და მიწოდება არ ხდებოდა, შევისწავლეთ მომხმარებლის სურვილები – რაც უმნიშვნელოვანესია. ამის შემდეგ უკვე დავიწყდეთ მოლაპარაკებები მასალების მომწოდებლებელ ევროპულ ბრენდებთან, რის შედეგადაც მომხმარებლებს მაღალი ხარისხის მასალებს და დამატებით ფასდაკლებებს ვთავაზობთ პარტიორ ობიექტებში.

ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო სანდო ადამიანური რესურსის თავმოყრა. დღეს, არც ისე მარტივია კვალიფიციური და პასუხისმგებლიანი ხელოსნების პოვნა. ამ კუთხით საკმაო გამოცდილება დავაგროვეთ. თითოეულ მათგანს ვქირაობდით ჩვენს საკუთარ პროექტებზე და შემდეგ ვთავაზობდით კომპანიასთან თანამშრომლობას. ძალიან დიდი შრომის შედეგად, მოვახერხეთ და გვყავს სანდო ადამიანები, რომლებიც კეთილსინდისიერად და ორგანიზებულად უძღვებიან თავიანთ საქმეს.

ასევე, დიდი ყურადღება დავუთმეთ შრომის უსაფრთხოებასა და ტექნოლოგიურ ეკიპირებას. მუდმივად ვცდილობთ ისეთი აღჭურვილობა გვქონდეს, რაც ხელოსანს მუშაობას გაუადვილებს და უკეთესი ხარისხის შექმნაში დაგვეხმარება.

M: როგორ გამოიკვეთა “მწვანე ფერის” სამიზნე სეგმენტი?

ჩვენი მომხმარებლები ის ადამიანები არიან, ვისთვისაც მაღალი ხარისხის მომსახურება მნიშვნელოვანია.  ასევე თავიანთი გადატვირთული გრაფიკის გამო არ შეუძლიათ რემონტის დეტალებში ჩართვა , ამიტომ ურჩევნიათ ობიექტი ჩვენ გუნდს ჩააბარონ , რომელიც ყოველდღიურად მიაწოდებს ინფორმაციას სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ.

M: გუნდური როლები როგორაა განაწილებული?

ვეცადეთ, როლები იმ მიმართლებით გადაგვენაწილებინა, რაშიც უფრო გამოცდილები ვიყავით. შესაბამისად, მე მომხმარებლებთან და პარტნიორებთან ვურთიერთობ, თემო შრომის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს სამუშაოების დროს, სანდრო კი სარემონტო-სამშენებლო პროცესების საოპერაციო საკითხებს. თუმცა, ამის მიუხედავად, სამივე ჩართული ვართ ყოველდღიურ საქმიანობაში და მუდმივად ვაკვირდებით სამუშაო პროცესებს.

M: როგორ შეაფასებთ, რა შედეგი გაქვთ დღეს?

რა თქმა უნდა, პირველი დამკვეთი ისეთი კმაყოფილი არ იყო, როგორებიც უკვე დღეს გვყავს. ის, რომ მუდმივად ვზრუნავთ მომსახურების ხარისხის დახვეწაზე, ჩვენი საგარანტიო მომსახურების სერვისი კი უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის ნებისმიერი ხარვეზის აღმოფხვრას დამატებითი დანახარჯების გარეშე, ჩვენს პროგრესზეც აისახა. დღეს უკვე სრული დატვირთვით მუშაობთ და კმაყოფილი მომხმარებლების რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება.

M: როგორ ხედავთ ბიზნესის განვითარებას?

აქტიურად ვმუშაობთ ახალ სერვისებზე, რომელსაც მომხმარებლებს შევთავაზებთ და უფრო გავუმარტივებთ სახლის რემონტის პროცესს. აგრეთვე, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ კომპანიებთან, რომ ჩვენმა დამკვეთებმა კიდევ უფრო მეტ ბრენდზე მიიღონ ფასდაკლებები. ახლახან დავნერგეთ ეკო-რემონტის მომსახურება და გვინდა უფრო მეტ ადამიანს გავაგებინოთ მისი დადებითი მხარეების შესახებ და ავამაღლოთ ცნობიერება. აქტიურად ვმუშაობთ, რომ ჩვენი გუნდი მუდმივად ეცნობოდეს და გადამზადებას გადიოდეს იმ ინოვაციური სერვისებთან დაკავშირებით, რომელიც ევროპაში და ამერიკაში ინერგება.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

გლემპინგ სასტუმროების დასაჯავშნი ქართული პლატფორმა – Pompok

Zoomart-ის და Wolt-ის საახალწლო საჩუქარი მიუსაფარ ცხოველებს