21 – 22 აპრილს, თბილისში, მწვანე გამოფენა – გაყიდვა „პრო – ექსპო“ გაიმართება. ღონისძიება დედამიწის დღესთან დაკავშირებით, „პროკრედიტ ბანკის“ ორგანიზებით ტარდება. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, სტუმრებს უნიკალური შესაძლებლობა მიეცემათ, ერთ სივრცეში, ბიო, ორგანული და გარემოსადმი მეგობრული პროდუქცია შეიძინონ. გამოფენა „პროკრედიტ ბანკის“ სათაო ოფისში (ალ.ყაზბეგის #21), 12:00-დან 18:00 საათამდე იმართება.

„გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 30-მდე კომპანია, სხვადასხვა სფეროდან. გელოდებით ყველას „პრო – ექსპო“-ზე, გავხდეთ გარემოსადმი უფრო მეტად მეგობრულები“.
„პროკრედიტ ბანკში“ ამბობენ, რომ გარემოსდაცვითი სტანდარტების გათვალისწინებით ეკონომიკური საქმიანობა მათი გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია.
„ეს გამოიხატება როგორც მომხმარებლებთან ურთიერთობის, ისე შიდა აქტივობების დაგეგმვისას. გარდა ამისა, ბანკი მწვანე დაკრედიტებას 2012 წლიდან ახორციელებს. შესაბამისად, ინვესტირება გარემოსადმი მეგობრულ ტექნოლოგიებში, ჩვენს მომხმარებლებს მეტ კომფორტს უქმნის, ამცირებს დანახარჯებს, ზრდის ეფექტურობას და ამასთან, ხელს უწყობს გარემოს შენარჩუნებას“.
[R]