11
Feb
2019

“მწვანე საჩუქარი” – გადამუშავებული მაკულატურისგან შექმნილი სასარგებლო პროდუქტები

11 Feb 2019

Startauperi
Startauperi


როგორ დავზოგოთ ბუნებრივი რესურსები და გავუფრთხილდეთ ეკოლოგიას? ბოლო რამდენიმე ათწლეულია, განვითარებულ ქვეყნებში ნარჩენებისაგან იღებენ ახალ ნედლეულს, ენერგიას და ამავდროულად, ამცირებენ ნაგავსაყრელებზე განთავსებული ნარჩენების რაოდენობას. განსხვავებული ვითარებაა საქართველოში, სადაც ნარჩენების უზარმაზარი მასა ნაგავსაყრელებზე ხვდება, რაც ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე. ნარჩენების მართვის იდეაზე მუშაობა მარი ბენდელიანმა და დაჩი ჯანელიძემ, რამდენიმე წლის წინ, საქართველოდან შორს, ერთ-ერთ საერთაშორისო ახალგაზრდული შეხვედრიდან დაიწყეს. საქმე გამოცდილებისა და ფულადი რესურსების გარეშე დაიწყეს. ეტაპობრივად, იდეა დაიხვეწა, განვითარდა და დღეს, სოციალური საწარმო “მწვანე საჩუქარის” სახით გვევლინება. საწარმო 110-ზე მეტი ორგანიზაციიდან აგროვებს მაკულატურას, რომელიც შემდეგ პარტნიორ ქარხანაში მუშავდება. შედეგად მიღებული მეორადი ქაღალდით ეკოდამზოგავ პროდუქტებს აწარმოებენ, სახელდობრ: კონვერტებს, ქაღალდის ჩანთებს, სასაჩუქრე ყუთებს, შესაფუთ ქაღალდს, კალენდრებს, ბლოკნოტებს, ფლიპჩარტებს და ა.შ.

“მთავარი მიზანი იყო შეგვემცირებინა – საქართველოში არსებული უმართავი ნარჩენები, რომელიც ხვდება ღია ნაგავსაყრელებზე, რის გამოც ბინძურდება ჰაერი, ნიადაგი და წყალი, იკარგება ღირებული რესურსები, რომლის ხელმეორედ გამოყენება ან გადამუშავება შეიძლება.”

საწარმოს ოთხი მეგობარი მართავს: მარი ბენდელიანი, ანა ილურიძე, აკაკი დარჩია და დაჩი ჯანელიძე. “მწვანე საჩუქარის” საქმეებს დამფუძნებლები სხვა სამსახურებში მუშაობის პარალელურად უმკლავდებიან. ისინი იმედოვნებენ, რომ ეტაპობრივად, სულ უფრო მეტ მოქალაქეს გაუჩნდება გარემოს დაცვის მოთხოვნილება, მაკულატურის შეგროვება, ჩაბარება და ამგვარად, ეკოდამზოგავი პროდუქტების შექმნის ხელშეწყობა კი მათი ცხოვრების წესად იქცევა… ჩვენს შეკითხვებს მარი ბენდელიანმა უპასუხა.

M: რა იყო თქვენი მთავარი მოტივაცია, როდესაც “მწვანე საჩუქარის” შექმნა გადაწყვიტეთ?

საქართველოში არსებული უმართავი ნარჩენები, რომელიც ხვდება ღია ნაგავსაყრელებზე, რის გამოც ბინძურდება ჰაერი, ნიადაგი და წყალი, ასევე იკარგება ღირებული რესურსები, რომლის ხელმეორედ გამოყენება ან გადამუშავება შეიძლება. ჩვენ ვთვლით რომ ნარჩენები არ არის ნაგავი, მეტიც მათგან სხვადასხვა ახალი და სასარგებლო პროდუქტის შექმნა შეგვიძლია. თავიდანვე, ჩვენი ინიციატივა მიზნად ისახავდა ნარჩენების მართვისა და გადამუშავების სფეროს გაძლიერებას.

M: უფრო ვრცლად ავუხსნათ მკითხველს, რამდენად მნიშვნელოვანია გახარჯული რესურსების გადამუშავება თითოეული ადამიანისთვის და მთლიანობაში, სამყაროსთვის?

ადამიანების მიერ ყოველდღიურად წარმოქმნილი უამრავი ნარჩენების ნაგავსაყრელზე განთავსება, განვითარებული ქვეყნებისათვის ნარჩენების მართვის ყველაზე მოძველებული და ნაკლებად მისაღები ფორმაა, რადგან ნარჩენების პრობლემა არ მთავრდება ნაგავსაყრელებზე მათი განთავსებით, არამედ ჩნდება ახალი პრობლემები, როგორიც არის ჰაერის, ნიადაგის და წყლის დაბინძურება, გარდა ამისა, იკარგება პოტენციური ნედლეული და ენერგია. ნაგავსაყრელების ახლოს ცხოვრება არ არის აუცილებელი, რომ დავინახოთ იქ განთავსებული ნარჩენების ნეგატიური ზეგავლენა გარემოზე და შესაბამისად ადამიანის ჯანმრთელობაზე. ნაგავსაყრელებზე მოხვედრილი ბიოდეგრადირებადი ნარჩენი არ იხრწნება სრულად, რის შედეგადაც გამოიყოფა მეთანი, რომელიც 25-ჯერ უფრო საშიში სათბური აირია ვიდრე ნახშირორჟანგი. მსოფლიოში არსებული სათბური აირების გამოფრქვევის 5% სწორედ კი ნაგავსაყრელებზე მოდის, რითიც იზრდება გლობალური დათბობის ეფექტი). გარემოს დეგრადაციას იწვევს მუდმივად ახალი ნედლეულის მოპოვება ბუნებიდან, მაგალითად ქაღალდის შესაქმნელად ვჭრით ხეებს, როცა მის შესაქმნელად უკვე გამოყენებული ქაღალდიც საკმარისია, ამასთან გადამუშავების პროცესში პირვანდელი ნედლეულის გარდა იზოგება სხვა რესურსებიც – ელექტროენერგია, წყალი, საწვავი და ა.შ.

M: რა გზა განვლო თავდაპირველმა იდეამ, სანამ “მწვანე საჩუქარი” ამჟამინდელ სახეს მიიღებდა?

საერთაშორისო ახალგაზრდული ვორკშოპი იყო თურქეთში. ენგურის ორივე მხარეს მცხოვრები აქტიური მოქალაქეები შევხვდით ერთმანეთს. არ იყო ლაპარაკი არც ომზე, არც დამნაშავეებზე და მის შედეგებზე, მხოლოდ არსებულ გამოწვევებზე და გადაჭრის გზებზე ვსაუბრობდით. ჩვენი იდეა ეხებოდა ნარჩენების მართვის საკითხებს. ეს იდეა ჩვენ თბილისში ჩამოვიტანეთ, ჩვენმა მეგობრებმა კი – სოხუმში, სადაც სანაპირო ზოლისა და მთლიანად, ქალაქის დასუფთავებაზე უნდა ემუშავათ. ამ აქციას აფხაზურ ადგილობრივ რადიო და სატელევიზიო ეთერში დიდი გამოხმაურება მოყვა. ჩატარდა განმეორებითი აქციები. დასუფთავდა სანაპირო ზოლი.

2015 წლის გაზაფხულზე გამოვაცხადეთ მაკულატურის შეგროვების კვირეული რომლის შედეგად შევაგროვეთ ქაღალდის ნარჩენები ჩვენი მეგობრებიდან, ნაცნობი ორგანიზაციებიდან და უცნობი მოქალაქეებისაგან. მიუხედავად იმისა, რომ არ გვქონდა არც გამოცდილება ამ მიმართულებით და არც ბიუჯეტი ამ საქმიანობისათვის, გადავწყვიტეთ საკუთარი ძალებით განგვეხორციელებინა ეს ინიციატივა. დაახლოებით 2 ტონა მაკულატურა შევაგროვეთ და გადავცვალეთ 300 წიგნში, რომელიც გადავეცით ბოლნისის და სიმონიანთხევის სკოლის ბიბლიოთეკებს. ჩვენს ინიციატივას სახელად „მწვანე საჩუქარი“ შევურჩიეთ. მაშინ, ალბათ ვერც წარმოგვედგინა, რომ ჩვენი ერთჯერადი აქტივობა ორგანიზებულ სახეს მიიღებდა. პირველ საქველმოქმედო აქციას მეორე მოყვა, სისტემატური სახე მიიღო, განვითარდა და ორი წლის წინ, პატარა, მაგრამ დიდი მიზნების მქონე ორგანიზაციად ჩამოყალიბდა.

M: თქვენი დაკვირვებით, რა შეიცვალა “ნარჩენების გადამყრელების” ფსიქოლოგიაში, “მწვანე საჩუქარის” დაარსებიდან ორი წლის მანძილზე?

2 წელი ძალიან მოკლე დროა ასეთი ჩვევების ჩამოსაყალიბებლად, თუმცა ბოლო პერიოდში უფრო მეტი ორგანიზაცია თუ მოქალაქე მოგვმართვას და გამოხატავს მზადყოფნას, ვიდრე 2 წლის წინ. ეს მისასალმებელია, რადგან საქართველოში უახლოეს მომავალში ნარჩენების მართვის რეფორმის განხორციელება დაიწყება და საზოგადოება მეტად მომზადებული დახვდება ამ სიახლეებს. აქვე უნდა აღვნიშნო, გამოჩნდა სხვა მწვანე ინიციატივებიც და მივესალმებით ამ პოზიტიურ ცვლილებებსაც. თუ მეტი სტარტაპი გამოჩნდება ამ სფეროში, მით უფრო გაძლიერდება ნარჩენების მართვის სექტორი, რაც შედეგად მოიტანს იმას, რომ ჩვენი საწარმოს მთავარი მიზანთან უფრო ახლოს ვიქნებით და საქართველოში ნარჩენები უფრო მეტი რაოდენობით გადამუშავდება.

M: როგორია გადამუშავების შედეგად შექმნილი პროდუქტების გავრცელების არეალი და საკომუნიკაციო სტრატეგია?

ჩვენი საწარმოს  საკომუნიკაციო სტრატეგია B2B გახლავთ და სამიზნე სეგმენტი, ძირითადად, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციები და კომპანიებია, რომლებიც ჩვენი სოციალური საწარმოს მხარდაჭერით ზრუნავენ გარემოზე და ზოგავენ ბუნებრივ რესურსებს. ჯერჯერობით, ჩვენი პროდუქციის გავრცელების არეალი, მეტწილად, თბილისი გახლავთ. თუმცა ჩვენი პროდუქციის მიწოდება საქართველოს მასშტაბით შეგვიძლია.

ნარჩენების შეგროვების სერვისი არის უფასო და მარტივი – დაინტერესებული ორგანიზაცია ან კომპანია გვიკავშირდება, გამოხატავს ჩვენთან თანამშრომლობის ინტერესს, ჩვენ ვინიშნავთ მონაცემებს და გარკვეულ დროში უზრუნველვყოფთ დაინტერესებულ მხარეს მწვანე ყუთით, ყუთის გავსების შემდეგ ორგანიზაციიდან გვიკავშირდებიან და 2-დან 5 სამუშო დღემდე ვადაში მოგვაქვს შეგროვებული მაკულატურა.

M: თუ გეგმავთ სხვა ტიპის მასალების, მაგალითად, პლასტმასის ბოთლების, მინის და სხვა ტიპის ნარჩენების გადამუშავებას და რა სჭირდება ამ იდეას განხორციელებისთვის?

სოციალურ საწარმოს დაფუძნების დღიდან გააჩნია გრძელვადიანი მიზნები და გეგმები, რომელშიც შედის დიდი გადამამუშავებელი ქარხნისა და სხვადასხვა ნარჩენის შემგროვებელი დაწესებულების დაფუძნება, საქართველოს ისეთ რეგიონში, სადაც ასეთი საწარმოები არ ფუნქციონირებს. ამისთვის დაგვჭირდება ინვესტიციები, ადგილობრივი მთავრობის მხარდაჭერა და გამოცდილი ადამიანური რესურსების მოძიება. ვფიქრობთ, ამ იდეას რამდენიმე წელიწადში განვახორციელებთ.

განხილვა

1 Response

  1. 16/03/2019

    […] მოსახერხებელი მისამართი და დაიწყონ ქაღალდის, პლასტმასის, შუშისა და ალუმინის […]