in

Green It – სხვადასხვა პროდუქტით შექმნილი მცენარეთა მოვლის საშუალებები

Startauperi
Startauperi

მცენარეებს რომ საგულდაგულოდ მოვლა-პატრონობა სჭირდებათ, ეს ახალი ამბავი არ არის. ხშირად, მათი მოვლისთვის სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა პროდუქტის ყიდვა გვიწევს ხოლმე.. სწორედ ამ ამბით შეწუხებულმა სამმა ადამიანმა გადაწყვიტა, ეს პროდუქტები გაეერთიანებინა და შექმნა “Green It” – ბრენდი, რომლის ქვეშაც დღესდღეობით სხვადასხვაგვარი მცენარეთა მოვლის მოვლის საშუალებები ერთიანდება. მათ შესახებ, ბრენდის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ანა ჩადუნელს გავესაუბრეთ:

M: პირველ რიგში, გაგვეცანით, ვინ ხართ? მებაღეობასთან რა შეხება გქონდათ აქამდე?

“Green It“-ის და „Green Soil”-ის შექმნის იდეა ჩვენს მთავარ „მებაღეს“, ირაკლი ნიჟარაძეს ეკუთვნის, რომელიც „წინა ცხოვრებაში“ გრაფიკოსი იყო. ფინანსური საკითხებისა და მოლაპარაკებების გურუ, სანდრო მრევლიშვილი მომსახურების ხარისხის მართვის მენეჯერია. და ბოლოს, კოპირაითერი, მთავარი მებაღის „მარჯვენა ხელი“ და პარალელურ ცხოვრებაში ფსიქოლოგი, ანა ჩადუნელი, გენდერული ბალანსის აღსადგენად (ეს ხუმრობით რა თქმა უნდა). პრინციპში, ჩვენი გუნდი ძალიან ჰგავს ჩვენსავე პროდუქტს, სადაც თითოეულ შემადგენელ კომპონენტს უნიკალური და ინდივიდუალური ფუნქცია აკისრია.

ყველაფერი უწყინარი გატაცებით დაიწყო. 2016 წლის 31 დეკემბერი იყო, ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათი რჩებოდა. სახლში დატვირთულები ვბრუნდებოდით, ქუჩაში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო, ავტობუსის გაჩერებაზე ერთადერთი მოხუცი იჯდა და მცენარეებს ჰყიდდა. მე და ირაკლის მანამდე სახლში მცენარე არასოდეს გვქონია და შესაბამისად – არც გამოცდილება ამ კუთხით. პატარა სუკულენტს ხელი დავავლეთ და ახალი წლის ღამეს ახალი ბინადარით შევხვდით. იმ დღიდან ჩვენს სახლში პირველად გაჩნდა ვიღაც/რაღაც, რომელსაც ჩვენი ზრუნვა და ყურადღება სჭირდებოდა იმისათვის, რომ ეცოცხლა. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ოჯახის პატარა „წევრის“ შემომატებამ უამრავი რამ გვასწავლა, გვაკითხა და გვაძებნინა მცენარეთა მოვლის შესახებ.

M: როგორ მიხვედით აზრამდე, რომ ამ საქმის ბიზნესად ქცევა შეგეძლოთ?

მებაღეობით გატაცებულ ადამიანებს კარგად ესმით, რაოდენ მნიშვნელოვანია მცენარეებისთვის სწორი ნიადაგის შერჩევა. როცა ჩვენ დავდექით მსგავსი გამოწვევის წინაშე, აღმოვაჩინეთ, რომ დაბალანსებული ნაზავის შესაქმნელად საჭირო იყო სხვადასხვა პროდუქტის ცალ-ცალკე ყიდვა, ხშირად ამისთვის ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში წასვლაც კი გვიწევდა. შემდეგ იწყებოდა მათი სწორი პროპორციებით შეზავების პროცესი, რომელიც საკმაოდ შრომატევადი საქმეა. ყოველთვის, როცა მცენარის გადარგვის დრო მოვიდოდა, იწყებოდა დაუსრულებელი ქაოსი აივანზე, ნიჩბები, მიწა, პერლიტი, ტორფი… არ გვასვენებდა იმაზე ფიქრი, რომ სადმე გვეპოვა ჩვენთვის სასურველი ნაზავი მზა სახით, თუმცა უშედეგოდ, მსგავსს ვერსად ვერაფერს მივაგენით. მსგავსი პრობლემის წინაშე, რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩვენ არ ვიდექით, ამიტომ გადავწყვიტეთ, ინიციატივა საკუთარ თავზე აგვეღო.

M: როგორ გადადგით პირველი ნაბიჯები? და როდის?

ჩვენი პირველი ნაბიჯი 12 შეკვრა ნიადაგის სუბსტრატის დამზადება იყო, რომლის შემადგენელი კომპონენტებიც საკუთარი ხელით გაცრილი მიწა და სხვა დანამატები იყო. იმ პერიოდისთვის უკვე გვქონდა facebook გვერდი „Green It”, სადაც ჩვენს გამომწერებს საინტერესო სტატიებით და რჩევებით ვანებივრებდით მცენარეთა შესახებ. სწორედ აქ გამოჩნდა პირველად “Green Soil” 2017 წელს . რამდენიმე თვეში გადავწყვიტეთ, ჩვენი პროდუქტი მცირე ზომის აგრო მაღაზიებისთვის შეგვეთავაზებინა. დასაწყისისთვის სულ 2 მაღაზიას ვამარაგებდით და წარმოება თვეში 100 ცალამდე გავზარდეთ. 2019 წლის გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, როცა დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე მაღაზიებთან მოსალაპარაკებლად ვიყავით, გადავწყვიტეთ იქვე „გორგიაში“ შეგვევლო და ჩვენი პროდუქცია მათთვის შეგვეთავაზებინა. სულ მალე მათგან თანხმობა მივიღეთ და ჩვენი პირველი „მსხვილი“ ხელშეკრულება გავაფორმეთ, რომელიც თვის განმავლობაში 1000-მდე შეკვრის წარმოებას გულისხმობდა. სიმართლე რომ ვთქვათ, იმ დროს ამისთვის მზად ნამდვილად არ ვიყავით, თუმცა იმდენად დიდი იყო სურვილი, ეს შანსი გამოგვეყენებინა, ფაქტობრივად, შეუძლებელი შევძელით. ჩვენს ნიადაგზე მთელი ქვეყნის მასშტაბით მოთხოვნა სწრაფი ტემპით გაიზარდა. პროდუქციის რაოდენობა, რომელიც განსაზღვრული იყო თვის განმავლობაში სარეალიზაციოდ, ერთ კვირაში ამოიწურა. მომხმარებლები ყველა დიდი ქალაქიდან გვწერდნენ და ითხოვდნენ ნიადაგის გაგზავნას, როცა რეგიონულ ფილიალებში მარაგი იწურებოდა. დავდექით გამოწვევის წინაშე, რომ 1 თვეში წარმოება 10-ჯერ გაგვეზარდა. მსგავსმა რეაქციამ და უკუკავშირმა თავდაჯერებულობა შეგვმატა და გადავწყვიტეთ, ქვეყნის მასშტაბით ყველა დიდი ჰიპერმარკეტი მოგვეცვა.

M: დღეს რა ეტაპზეა ბიზნესი?

უკანასკნელი 7 თვის განმავლობაში მოვახერხეთ და ავითვისეთ ქვეყნის მასშტაბით ისეთი მსხვილი ჰიპერმაკეტები, როგორიცაა: „გორგია“, „დომინო“, „აგროჰაბი“, „გუდვილი“, „ბრიკორამა“, „ნიკორა“, „ბორნ სოფქიმია“ და რამდენიმე მცირე ზომის აგრო მაღაზია. დღესდღეობით მათ უმრავლესობაში ერთის ნაცვლად უკვე სამი პროდუქტით ვართ წარმოდგენილი. საკუთარ ეზოში დაწყებულმა საქმიანობამ კი მასშტაბური სახე მიიღო და დღესდღეობით “Green It”-ის ბრენდის ქვეშ ერთიანდება მოქმედი საწარმო, რომელიც ყოველდღიურად ამარაგებს ჩვენს პარტნიორ მაღაზიებს უწყვეტ რეჟიმში. სულ მალე კი ჩვენი პირველი საფირმო მაღაზია გაიხსნება ონიაშვილის 61 ნომერში, სადაც გარდა მცენარეთა მოვლის საშუალებებისა, მომხმარებელი ადგილზე შეძლებს, შექმნას მისთვის სასურველი ნიადაგის ნაზავი სხვადასხვა კომპონენტის შერევით.

M: რა არის თქვენი პროდუქტი/სერვისი?

ჩვენი პირველი პროდუქტი, „Green Soil” 6 კომპონენტიანი, აქტიური მიკროფლორით გამდიდრებული ნიადაგის სუბსტრატია. გარდა ამისა, ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ დამუშავებულ, გაცრილ ნიადაგს სუფთა სახით და ქოქოსის ბოჭკოსა და აგრო პერლიტის ნაზავს.

საცალო გაყიდვების გარდა, ბოლო თვეების განმავლობაში სათბურების სპეციფიკური ნიადაგით მომარაგების გამოცდილებაც დავაგროვეთ. კერძოდ, მარწყვის სასათბურე მეურნეობა 15 000 ლიტრის მოცულობის ქოქოსის ბოჭკოთი აღვჭურვეთ. ამ სერვისით დაინტერესებულ მომხმარებლებს „Green It” მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ ნიადაგის ნაზავს სთავაზობს.

M: ვინ არის სამიზნე სეგმენტი და როგორ მუშაობთ მის ათვისებაზე?

ნებისმიერ ადამიანს, ვინც მებაღეობითაა დაინტერესებული, შეუძლია ჩვენს ასორტიმენტში მისი მცენარეებისთვის საჭირო და სასარგებლო პროდუქტი აღმოაჩინოს. არ აქვს მნიშვნელობა, ერთი სახეობის მცენარეს ზრდით თუ მრავალს, სახლში თუ გარეთ, ჩვენთან ყველა მათგანისთვის მოიძებნება შესაბამისი ნიადაგი. “Green Soil“ უნივერსალური ნაზავია, რომელიც მრავალი სახეობის მცენარის გაზრდისთვის იდეალურ პირობებს ქმნის თავისი შემადგენლობითა და მჟავიანობის ბალანსით. გარდა ამისა, საუკეთესო ვარიანტია მათთვის, ვისაც არ აქვს დრო, საკუთარი ხელით მოამზადოს ნიადაგის ნაზავი სახლის პირობებში. რა თქმა უნდა, არ დავივიწყეთ ის ადამიანებიც, ვინც ამ პროცესით სიამოვნებას იღებს და მათ სუფთა სახით წარმოდგენილ ნიადაგს ვთავაზობთ, რომელიც საუკეთესო ბაზას იძლევა სასურველი ნაზავის მისაღებად და მასში სხვადასხვა კომპონენტის შერევაა შესაძლებელი მცენარის საჭიროებიდან გამომდინარე. ქოქოსისა და აგრო პერლიტის ნაზავი ასევე უნივერსალურია და, რეალურად, ნებისმიერი სახეობის მცენარეთა მოვლაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

M: რეალიზების გზებზეც გვესაუბრეთ – სად იყიდება?

როგორც უკვე ვახსენეთ, ჩვენი პროდუქცია ყველა დიდ ჰიპერმარკეტშია ხელმისაწვდომი ქვეყნის მასშტაბით. გარდა ამისა, ჩვენს მომხმარებელს მათი შეძენა სახლიდან გაუსვლელად, ჩვენივე გვერდის მეშვეობით შეუძლიათ. შეკვეთას კი ძირითადად იმავე დღეს, საკმაოდ ოპერატიულად იღებენ.

M: რა სირთულეებს წააწყდით, ბიზნესის მართვის განმავლობაში და რა გამოწვევების წინაშე ხართ ახლა?

„Green It”-ის მსგავსი სტარტაპები ხშირად აწყდებიან პრობლემებს დაფინანსების კუთხით, რადგან კომერციული ბანკები ამგვარ წამოწყებებს მაღალი რისკის შემცველ ბიზნესებად განიხილავენ. სამწუხაროდ, აგრო მიმართულებით დაფინანსებული პროექტების არც თუ ისე მრავალფეროვანი გამოცდილებაა დაგროვებული დღესდღეობით. ფინანსური რესურსების მოძიება დღესაც გამოწვევად რჩება იმის გათვალისწინებით, რომ უამრავი სამომავლო გეგმა და განსახორციელებელი იდეა გვაქვს.

M: როგორია თქვენი ხედვა სამომავლოდ?

ფართო მასშტაბებზე გასვლა ყოველთვის უფრო დიდ პასუხისმგებლობასთან ასოცირდება. ამიტომ გადავწყვიტეთ, სუბსტრატის ლაბორატორიული ანალიზი გაგვეკეთებინა და ხარისხის სერტიფიკატის მოსაპოვებლად კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა პროცედურა გავიარეთ. ეს საშუალებას გვაძლევს, ქართული ბაზრის ათვისების გარდა, სამომავლოდ ჩვენი პროდუქციის ექსპორტზეც ვიფიქროთ.

“Green Soil” პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქართული წარმოების სუბსტრატია, რომელიც წელს ანტალიაში გამართულ უდიდეს საერთაშორისო აგრო გამოფენაზე, Growtech”-ზე მსოფლიოს ყველა წერტილიდან შეკრებილ მონაწილეებს გავაცანით. აგრო სფეროში არსებული საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცნობისა და მისი ქართველი მომხმარებლის ინტერესებზე მორგების გარდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის პოპულარიზაცია ქვეყნის ფარგლებს გარეთ. “Growtech” კი ამ უკანასკნელის განსახორციელებლად საუკეთესო საერთაშორისო პლატფორმა აღმოჩნდა.

SPAR-მა “პირადი კონსულტანტის” სერვისი დანერგა

უფასო ონლაინ AI კურსი, რომლის გავლაც ფინეთის მთავრობის ინიციატივით შეგიძლიათ