1
თებ
2018

15 წლის თათუკა აბულაძის იაპონური გატაცება, ანუ Greenpantsu-ს ანიმეს-სტილის ილუსტრაციები

1 თებ 2018

Startauperi
Startauperi


ნარუტო უძუმაკი – „ნარუტოს“ მთავარი პერსონაჟი, ობოლი ბიჭი, ნინძა, რომელსაც თანასოფლელები დასცინიან და ერიდებიან მის სხეულში არსებული ცხრაკუდიანი ურჩხულის გამო, არაერთი ქართველი მოზარდისთვის გამხდარა იაპონური კულტურის სიყვარულისა და მისით შთაგონების წყარო. ერთ-ერთი ასეთია 15 წლის Greenpantsu, იგივე თათუკა აბულაძე, რომელმაც ნარუტოსთან ერთად, კარგად ნაცნობი Spirited Away-ს – „მოჩვენებების მიერ გატაცებულნის“ შემქმნელი ანიმაციური სტუდია – Studio Ghibli-ც შეიყვარა და თავადვე დაიწყო Fan Art-ის ჟანრში ხატვა – თამაშების, ანიმეების, მულტფილმებისა და საკუთარი ფანტაზიით, პერსონაჟების შექმნა.Greenpantsu-ს ნამუშევრებში შესაძლებელია როგორც პაჭუაცხვირიანი, უჩვეულოდ დიდი და ბრჭყვიალა თვალებითა და თმის ექსტრავაგანტული ფერისა და ვარცხნილობის მქონე ლამაზი ქმნილებების ნახვა, ისე, „ჩიბის“, იგივე SD სტილში (Super Deformed — სუპერ-დეფორმირებული) შესრულებული ილუსტრაციების ამოცნობაც – არაპროპორციული თავებითა და კიდევ უფრო დიდი თვალებით. Fan Art თათუკასთვის, ამ ეტაპზე თვითაქტუალიზაციის განუყოფელი ნაწილი და თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალებაა.თათუკა საუბრობს ქართულ, რუსულ, ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ და იაპონურ ენებზე. უნდა, რომ გახდეს ციფრული არტისტი, დამოუკიდებელია, საკუთარი ნამუშევრებით უკვე შეძლო instagram-ზე 22 000-ზე მეტი გამომწერის მოგროვება და ერთ თვეში, 40-მდე ნახატის გაყიდვა, რამაც ჯამში, $700 შეადგინა. მისმა ირონიულმა პოსტმა, სარეცხ საშუალებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ძალიან დიდი ინტერესი დაიმსახურა, მათ შორის, ცნობილი შვედი ვლოგერისა და ავსტრალიელი სტრიტ არტისტის ყურადღებაც მიიპყრო.

თათუკა აბულაძე: „ვსწავლობ სენტ-ეგზიუპერის სკოლაში, მე-10 კლასში ვარ. ჩემს ოჯახში ძალიან ბევრი ადამიანი ხატავს: დიდი ბაბუა, ბებია, მამიდა, დეიდა. დედა, ციცია ჯაფარიძე, მარკეტოლოგია, მამა – დათუჩა აბულაძე, მუსიკოსი (დრამერი). ლინგვისტური ნიჭი, მგონი, არ აქვთ. სახატავად ვიყენებ პლანშეტს და ვმუშაობ ძირითადად, Procreate-ზე (iPad-ის პროგრამა). გააჩნია, რას ვხატავ, შეიძლება შექმნის პროცესი იყოს 30 წუთიანი ან რამდენიმე დღიანი. მუსიკა ძალიან მიყვარს, ამიტომ ხატვისას, მუდმივად ვუსმენ, უფრო ხშრად, Lo-fi-ს. რაც შეეხება დიზაინერებსა და ილუსტრატორებს, ძირითადად, მომწონს იაპონელი არტისტები: @kamochiruu @sasucchi95 @kawanocy“.

M: როგორ დაიმსახურა Greenpantsu-ს ნამუშევარმა ცნობილი იუთუბერისა და სტრიტ არტისტის ყურადღება?
ყველაფერი დაიწყო მაშინ, როცა ვნახე სულელური ხუმრობა ჭამასთან დაკავშირებით, ჩემთვის საერთოდ რომ არ იყო სასაცილო: “tide pods”, რომელიც ტინეიჯერებმა ინტერნეტ გამოწვევად აქციეს იმის გამო, რომ სარეცხი საშუალება „ტაიდის“ ეს ხაზი, ძალიან ჰგავს ტკბილეულს და ისინი ღეჭავდნენ ამას, შემდეგ კი თავიანთ მეგობრებს სთავაზობდნენ, რომ იგივე გაეკეთებინათ. გადავწყვიტე, ირონიულად გამომეხატა ჩემი დამოკიდებულება ამ ფაქტის მიმართ და დავხატე ანიმე გოგო სათაურით – “tide pod chan” (Tide pod-ის პატივსაცემად), რამაც ძალიან დიდი ყურადღება მიიპყრო სოციალურ ქსელში. პოსტს ყველა აზიარებდა და შედეგად, მიაღწია knowyourmeme.com-ზეც და ვფიქრობ, აქედან მოხვდა შვედი ვლოგერის, Felix Arvid Ulf Kjellberg-ის youtube არხზეც, რომელსაც 60 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს და ცნობილია თავისი ვლოგებითა და Let’s Play კომენტარებით (თამაშის პროცესში გაკეთებული სასაცილო კომენტარებით).

ავსტრალიელმა სტრიტ არტისტმა, Lushsux-მა, საკუთარი instagram-ის გვერდზე დადო “tide pod chan-ის” ილუსტრაცია და თავის ფანებს ეკითხებოდა, დაეხატა, თუ არა ეს ნახატი. ძალიან ბევრმა რომ დაუდასტურა, ამის შემდეგ შექმნა ჩემი ნამუშევრის გრაფიტიც.

M: greenpantsu რას ნიშნავს?
ამას ვერ ვიტყვი, რატომ შევარჩიე ეს სახელი, მაგრამ გეტყვით, რომ ჩემი პერსონაჟის გავლენით არის შერჩეული.



განხილვა