მრავალი ბრენდია მარკეტინგული კამპანიებით გამორჩეული, თუმცა, სამწუხაროდ, ასევე გამოირჩევიან გარემოს დაბინძურებითაც. ეს ყველამ კარგად იცის, მაგრამ პირდაპირ არ საუბრობენ ხოლმე… გამონაკლისი კი Greenpeace აღმოჩნდა, რომელმაც Dove გარემოს დაბინძურებაში ამხილა. რაღა თქმა უნდა, ეს ძირს უთხრის ბრენდის რეპუტაციას, რომელიც, თავის მხრივ, ნამდვილი სილამაზის პოპულარიზაციას ახდენს.
ამ მიზნით ჯერ AI-ის მიერ გენერირებულ სურათებზე თქვეს უარი, შემდეგ დაუმუშავებელი ფოტოების წიგნიც გამოუშვეს, შეგვახსენეს, რომ სილამაზე მარადიულია და საკმაოდაც მოგვხიბლეს… თუმცა თუ ახლა Dove თავისი საკულტო კამპანიის 20 წელს ზეიმობს, Greenpeace-ის კვლევა ხაზს უსვამს შეუსაბამობაზე, რომელიც Dove-ის მარკეტინგსა და მის გარემოზე ზემოქმედებას შორის არსებობს.
ზუსტად ამიტომ, ფილმი Toxic Influence შემოგვთავაზეს, გვაჩვენებენ დედებსა და შვილებს, რომლებიც Dove-ის მარკეტინგით მოხიბლულები არიან მანამ, სანამ პლასტმასით დაბინძურების რეალობის შესახებ გაიგებენ… ცალსახად კარგი მარკეტინგული კამპანიების გამო მომხმარებლები ფიქრობენ, რომ Dove-ის პროდუქტებიც ასევე დადებითად ზემოქმედებს გარემოზე.
Greenpeace-ს კი სურს, ახალგაზრდები გააძლიეროს, რათა კორპორაციული „გრინვოშინგის“ წინააღმდეგ იბრძოლონ, Dove-ს ქმედებისკენ უბიძგონ, რათა ბავშვებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით უფრო ჯანსაღი მომავალი უზრუნველყონ… ამას საპროტესტო აქციებიც მოჰყვა, რომელიც Dove-ისგან პლასტმასაზე უარის თქმას ითხოვდა ერთი მთავარი გზავნილით, რომ „ნამდვილი სილამაზე ასეთი ტოქსიკური არ არის“.
Greenpeace კი მათ აქციების იქამდე გაგრძელებას ურჩევს, სანამ მიზანს არ მიაღწევენ…
როგორ პასუხობს კრიტიკას Dove?
Unilever-ის, ანუ Dove-ის მშობელი კომპანიის სპიკერმა განაცხადა, რომ ბრენდი პლასტმასით დაბინძურების პრობლემის მოგვარებას მათი შემცირებით, ხელახლა გამოყენებითა და კოლაბორაციებით აპირებს. ამასთან, ხაზი გაუსვეს Unilever-ის პროგრესზე, რაც პლასტმასის მოხმარების 18%-ით შემცირებასა და გადამუშავებადი პლასტმასის რაოდენობის 22%-მდე გაზრდას გულისხმობს.
მიუხედავად ამისა, თავადაც აღიარებენ, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვთ გასაკეთებელი. არც პასუხისმგებლობას გაურბიან და გვეუბნებიან, რომ იაზრებენ ვალდებულებას, რომელიც პლასტმასის ალტერნატივების შემუშავებას გულისხმობს და პლასტმასით დაბინძურების შესახებ გაეროს ხელშეკრულების დაცვასაც მოიაზრებს. ამგვარად, ისინი აღნიშნულ საკითხებზე უფრო აქტიურად აპირებენ მუშაობას…
დაბოლოს, ბევრი ადამიანისთვის საყვარელი ბრენდის მიზანში ამოღებით Greenpeace-ს სურს, საუბრები კორპორაციულ პასუხისმგებლობასა და მდგრადობაზე წამოიწყოს სილამაზის ინდუსტრიაში. თუმცა რამდენად წარმატებული იქნება მათი მცდელობა, ამას დრო გვაჩვენებს…