in

700 ათასი ტექინსპექტირებული ავტომობილი და საუკეთესო პროფესიონალების გუნდი – კომპანია „გრინვეი“ 3 წლისაა

განვლილ გზაზე, პანდემიასთან ადაპტაციასა და მიღწეულ წარმატებებზე „გრინვეის“ დირექტორი ვახტანგ ებიტაშვილი საუბრობს

„ის, რომ „გრინვეიში“ ტექინსპექტირებული ავტომობილი ყველაზე დიდი ნდობით სარგებლობს, ვფიქრობთ, ჩვენი წარმატების მთავარი საზომია“, - ვახტანგ ებიტაშვილი

რეფორმა, რომლის მიხედვითაც, ტექინსპექტირება, ყველა ავტომობილისთვის, სავალდებულო გახდა, საქართველოში 3 წლის წინ დაიწყო. სწორედ მაშინ შეიქმნა Greenway, რომელიც დღეს, ყველაზე დიდი ოპერატორია. კომპანიას, თბილისსა და რეგიონებში, 30 ფილიალი აქვს და 250-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. „გრინვეიში“, ტექნიკური დათვალიერება, 700 000-მდე ავტომობილმა გაიარა.

„პირველივე დღიდან, ინსტიტუციური გზა ავირჩიეთ, ამ სფეროს საუკეთესო პროფესიონალებს მოვუყარეთ თავი და შევძელით, გვეჩვენებინა განვითარების სწრაფი და მდგრადი, წარმატებული ისტორია“, – ამბობს კომპანიის დირექტორი ვახტანგ ებიტაშვილი.

ზოგადად, როგორ მიმდინარეობს ტექინსპექტირების რეფორმა, რა წვლილი შეაქვს ამ საქმეში Greenway-ს და როგორ მოახერხა კომპანიამ ადაპტაცია, პანდემიის დროს?! – ამ თემებზე ვახტანგ ებიტაშვილს ვესაუბრეთ.

M: როგორ შეაფასებთ ტექინსპექტირების რეფორმას? საქართველოში არსებული ავტოპარკის მდგომარეობა, როგორ შეიცვალა რეფორმის დაწყებიდან, 3 წლის შემდეგ?

ვახტანგ ებიტაშვილი: თანამედროვე სამყაროში, ტექისპექტირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ეკოლოგიური და საგზაო უსაფრთხოების კუთხით, ვინაიდან ავტომობილების გამართულობა უმთავრესი ფაქტორია ამ მიმართულებით.

ჩვენს ქვეყანაში, ტექინსპექტირების რეფორმა 3 წლის წინ დაიწყო. ამიტომ, არსებით შედეგებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეფორმა სწორი მიმართულებით ვითარდება და გრძელვადიან პერსპექტივაში, კარგი შედეგების მომტანი იქნება.

დღეს, საქართველოში, 1,3 მილიონი ავტომობილია რეგისტრირებული. მათი დიდი ნაწილი 10 წელზე მეტი „ასაკისაა“, რაც ნიშნავს, რომ ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში, საკმაოდ ბევრი გაუმართავი ავტომობილი მოძრაობს.

რეფორმის პირველ წელს, 800 ათასამდე ავტომობილმა გაიარა ტექინსპექტირება. დანარჩენი ავტომობილები გაჩერდა მანამ, სანამ გაიმართებოდა ტექნიკურად, ან მოხდა მათი უტილიზება. ამან, სავარაუდოდ, გარკვეულწილად, შეამცირა გაუმართავი ტრანსპორტის მოძრაობა გზებზე. რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი ისიცაა, რომ მომხმარებლის ქცევა იცვლება – ავტომობილის შეძენისას, მათი ძირითადი მოთხოვნების სიას ემატება გამართული სისტემა და ტექინსპექტირებული ავტომობილები მეტი სანდოობით სარგებლობენ. თუმცა, ცხადია, ეს საკმარისი არ არის და რეფორმა უნდა გაგრძელდეს შეუფერხებლად, რათა ხელშესახებ შედეგებს მივაღწიოთ.

M: რა როლი აქვს, კონკრეტულად, „გრინვეის“ უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებაში?

ჩვენი კომპანია სამი წლის წინ, რეფორმის დაწყების ეტაპზე შეიქმნა და დღეს, საქართველოში, ტექინსპექტრების ყველაზე დიდი ოპერატორია, რომელიც წარმოდგენილია  30 ფილიალით, თბილისსა და რეგიონებში.

დღეს, „გრინვეი“ საუკეთესო პროფესიონალებს აერთიანებს. გვჯერა, ძალიან დიდი როლი გვაკისრია ქვეყანაში საგზაო და ეკოლოგიური უსაფრთხოების გაუმჯობესებაში. ჩვენი მისია და კომპანიის თითოეული თანამშრომლის მთავარი ამოცანაა, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ საქართველოში საგზაო უსაფრთხოების ამაღლებასა და ეკოლოგიური გარემოს გაჯანსაღებაში.

პირველივე დღიდან, თითოეულ ადამიანს, ვინც ამ კომპანიის შექმნაში მონაწილეობდა, გათვითცნობიერებული ჰქონდა, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა, არა მარტო წარმატებით შევასრულოთ კანონით დადგენილი ყველა პარამეტრი, არამედ თითოეულ მოქალაქეს გავაცნობიერებინოთ ტექინსპექტირების მნიშვნელობა.

შესაბამისად, ამ 3 წლის განმავლობაში, დიდი ძალისხმევა ჩავდეთ ავტომფლობელების ცნობიერების ამაღლებაში – არაერთი საინფორმაციო კამპანია ჩავატარეთ, როგორც დიდ ქალაქებში, ასევე რეგიონებში – დაბებსა და სოფლებში. ადამიანებს ვუხსნიდით და სწორ ინფორმაციას ვაწვდიდით ტექინსპექტირების აუცილებლობაზე და იმ სიკეთეებზე, რაც გარემოსთვის და ადამიანების ჯანმრთელობისთვის მოაქვს გამართულ ავტომობილს.

„გრინვეის“ ინიციატივით, დაფუძნდა კავშირი „ტექინსპექტირება უსაფრთხოებისთვის“, რომელიც აერთიანებს ბაზრის ძირითად მოთამაშეებს და მათთან ერთად სისტემატური მუშაობა მიმდინარეობს რეფორმის ეფექტიანობის გაზრდისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.

დღეს, ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი ვართ ამ სფეროში, ჩვენი ქსელის სიდიდიდან გამომდინარე. ყოველწლიურად გვაქვს სტაჟირების პროგრამები, რაც საშუალებას გვაძლევს, ახალგაზრდა, გამოუცდელ კადრებს გავუზიაროთ ცოდნა და შევაძენინოთ გამოცდილება. სტაჟიორების ნაწილი, რომელიც ყველაზე მეტად გამოიჩენს თავს, უშუალოდ ჩვენს კომპანიაში საქმდება.

ავტომობილების ტექინსპექტირების კომპანია Greenway 3 წლისაა

M: როგორია საერთაშორისო პრაქტიკა და რამდენად ხერხდება უცხოური სტანდარტების გადმოტანა საქართველოში?

„გრინვეი“ ერთადერთი კომპანიაა საქართველოს ტექინსპექტირების ბაზარზე, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორი ჰყავს და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებით ოპერირებს. ჩვენი პარტნიორია, ევროპაში წამყვანი კომპანია ტექინსპექტირების სფეროში, Applus.

თავიდანვე, სწორედ Applus-თან ერთად, დავნერგეთ სერვისის უმაღლესი სტანდარტი, რომელიც ერთნაირია „გრინვესი“ 30-ვე ფილიალისთვის, ჩვენმა წამყვანმა ტექნიკურმა პერსონალმა სპეციალური ტრენინგები გაიარა ესპანეთში, Applus-ის ბაზაზე. ამ კომპანიის დახმარებით, კომპანიაში, ყოველწლიურად, ტარდება აუდიტი და ტრენინგები ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

ამ ყველაფერმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იმას, რომ „გრინვეიმ“, თავიდანვე, ევროპული სტანდარტების მიხედვით დაიწყო ოპერირება და დაფუძნებიდან მეორე წელს, ჩვენი კომპანია ტექინსპექტირების საერთაშორისო ასოციაცია CITA-ს სრულუფლებიანი წევრი გახდა. ეს მკაფიო და დამაჯერებელი დადასტურებაა იმისა, რომ დღეს, „გრინვეი“ სწორედ საერთაშორისო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ფუნქციონირებს.

M: რა გავლენა იქონია პანდემიამ და რა გამოწვევების წინაშე დააყენა ტექინსპექტირების სფერო?

პანდემიამ, როგორც ყველა ინდუსტრიაზე, ჩვენს სფეროზეც ძალიან უარყოფითად იმოქმედა. გახსოვთ, ალბათ, 2020 წელს, რამდენიმე თვის განმავლობაში, ფაქტობრივად, შეჩერებული იყო ავტომობილების გადაადგილება. ამ პერიოდში, ჩვენი ინდუსტრიაც, თითქმის, სრულად გაჩერდა. მომდევნო პანდემიურ ტალღებზეც მკვეთრად ეცემოდა ავტომობილების ნაკადი.

თუმცა, ძალიან მოკლე პერიოდში შევძელით ახალ რეალობასთან ადაპტირება და პანდემიის პერიოდში, გადავედით სრულიად ახალ და განსხვავებულ მართვის მოდელზე. ეს გულისხმობს შეზღუდული რესურსებით, ბიზნეს უწყვეტობის შენარჩუნებას, რომ კომპანია, მაქსიმალურად, ეფექტიანი იყოს – სათავო ოფისი გადავიდა დისტანციურ მართვაზე, ხოლო ფილიალის თანამშრომლები – ცვლებში მუშაობაზე, რათა მინიმუმამდე დაგვეყვანა ინფექციის გავრცელების საფრთხე როგორც თანამშრომლებში, ისე – მომხმარებლებში.

ჯამში, პანდემიის პერიოდში, თითქმის, 40%-ით შემცირდა მომართვიანობა, თუმცა „გრინვეიმ“, მინიმალური დანაკარგებით, შეძლო ამ რთული პერიოდის გადალახვა და დღეს კომპანია კვლავ დინამიკურად ვითარდება, მიუხედავად ურთულესი პანდემიური ვითარებისა.

დღეს, შემიძლია ვთქვა, რომ პანდემია იყო ურთულესი გამოწვევა, რომელსაც ჩვენმა გუნდმა მყისიერად უპასუხა – ის ინოვაციები, რომლებსაც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია ჩვეულებრივ გეგმავს და ახორციელებს, პანდემიამ კიდევ უფრო დააჩქარა და დიდ მასშტაბურ პროექტად აქცია: ყველა პროცესი, პროცედურა და ოპერირებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები სწრაფად გავაციფრულეთ. დღეს, „გრინვეიში“ ხორციელდება AGILE ტრანსფორმაცია, რაც ვფიქრობ, დიდი გამოწვევაა და განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს კომპანიას.

M: როგორ იცავთ უსაფრთხოების ზომებს პანდემიის პირობებში?

როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, „გრინვეი“ განსაკუთრებით ზრუნავს თანამშრომლებისა და მომხმარებლების ჯანმრთელობაზე. ამ კუთხით, თავიდანვე მაქსიმალური ზომები მივიღეთ: გადავამზადეთ თანამშრომლები, გავაძლიერეთ სანიტარული ნორმების კონტროლი, ვიცავდით და ვიცავთ ყველა იმ დადგენილ რეგულაციას, რაც მოწოდებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ.

შესაბამისად, ჩვენს ფილიალებში, პირველივე დღეებიდან მკაცრადაა დაცული COVID-19-ის საწინააღმდეგო, უსაფრთხოების ნორმები. გარდა სტანდარტული წესებისა, როგორიცაა პირბადე, სადეზინფექციო ხსნარები, ხელთათმანები, ავტომობილის ტექინსპექტირებისას ვიყენებთ პოლიეთილენის ერთჯერად შალითებს, რათა ინსპექტორი არ შეეხოს ავტომობილის სალონს და მომხმარებელს ჰქონდეს სრულად დაცულობის განცდა.

შედეგად, ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ პანდემიის დაწყებიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ, ჩვენს არც ერთ სერვის-ცენტრში, COVID-19-ის შიდა გადაცემის თუ მომხმარებლის ინფიცირების შემთხვევები არ ყოფილა.

M: როგორ ფიქრობთ, „გრინვეი“, პირდაპირი მნიშვნელობით „მწვანე“, ანუ სრულად COVID-უსაფრთხო ბიზნესი გახდება? 

ჩვენ სრულად ვიზიარებთ და გვჯერა, რომ პანდემიას მხოლოდ ვაქცინაციით დავამარცხებთ. ამ საქმეში კი პასუხისმგებლობიანი ბიზნესის მისიაა, იყოს წამხალისებელი და მამოტივირებელი ადამიანებისთვის, რომ გამოიყენონ ვაქცინა, როგორც მეცნიერების მიღწევა და ყველამ თავისი წვლილი შეიტანოს პანდემიის დამარცხებაში.

დავიწყეთ აქტიური შიდა კამპანია, რომლის მიზანია, უმოკლეს დროში, „გრინვეის“ პერსონალის აბსოლუტური უმრავლესობა იყოს სრულად ვაქცინირებული.

გარდა ამისა, პარტნიორ კომპანიებთან ერთად, დავიწყეთ გარე კამპანიაც და ვაქცინირებულ მომხმარებლებს ვთავაზობთ სპეციალურ სასაჩუქრე ნაკრებს – ავტომობილის მოვლისთვის საჭირო პროდუქციის ვაუჩერებს, ფასდაკლებებს, სხვადასხვა კლინიკებსა და ლაბორატორიებში, მათ შორის, COVID-19-თან დაკავშირებულ კვლევებზე.

გვინდა, შევახსენოთ მოსახლეობას, თუ რამდენად აუცილებელია ვაქცინაცია, ხოლო ვაქცინირებული, ანუ პასუხისმგებლობიანი მოქალაქეებისადმი ჩვენი დაფასება გვსურს, გამოვხატოთ ამ ღირებული საჩუქრებით. მით უმეტეს, რომ ჩვენი მომხმარებლები არიან ავტომფლობელები, რომელთა მობილობა არის ძალიან მაღალი და ბევრ ადამიანთან უწევთ კონტაქტი.

M: „გრინვეის“, დაფუძნებიდან, 3 წელი უსრულდება. რა არის მთავარი შედეგი, რასაც ამ დროში მიაღწია კომპანიამ?

სამ მთავარ მიღწევას გამოვყოფდი. უმნიშვნელოვანესი მგონია ის, რომ „გრინვეიმ “, პირველივე დღიდან, აირჩია განვითარების ინსტიტუციური გზა და დღეს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის შედგა, როგორც ჯანსაღი ინსტიტუცია – თავისი მისიით, სტრატეგიული ხედვით, გრძელვადიანი მიზნებით და კორპორაციული მართვის ინსტრუმენტებით. ვფიქრობ, სწორედ ამან შეუწყო ხელი სტარტაპ ეტაპზევე მის ბაზრის ლიდერად ქცევას.

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ „გრინვეიმ“ ამ სფეროს საუკეთესო პროფესიონალებს მოუყარა თავი და „გრინვეელი“, დღეს, ნიშნავს მკაფიო პროფესიულ სტანდარტს, მყარ ფასეულობებს და ჩამოყალიბებულ კორპორაციულ კულტურას, რაც 250-ზე მეტ ადამიანს ერთ გუნდად აერთიანებს.

და მესამე მიღწევა, ვფიქრობ, ისაა რომ ამ ურთულეს ვითარებაში, „გრინვეიმ“ შეძლო განვითარების სწრაფი და მდგრადი, წარმატებული ისტორია ეჩვენებინა.

სამი წლის წინ, ჩვენ ამ სფეროში ყველაზე დიდი ინვესტიცია – 54 მილიონი ლარი ჩავდეთ და, ფაქტობრივად, ცარიელი ფურცლიდან ავაწყეთ ბიზნესი.

დღეს, „გრინვეი“ არის ტექინსპექტირების ყველაზე ფართო ქსელი, ყველაზე მრავალრიცხოვანი, გადამზადებული ტექნიკური პერსონალით და ყველაზე მეტი, 700 ათასამდე ტექინსპექტირებული ავტომობილით.

ის, რომ „გრინვეიში“ ტექინსპექტირებული ავტომობილი ყველაზე დიდი ნდობით სარგებლობს, ვფიქრობთ, ჩვენი წარმატების მთავარი საზომია.

 

[R]

„აჭარაბეთის“ 8 საპატიო ელჩმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა

პენსილავნიის ბიბლიოთეკაში კატას ლიტერატურულ და კინო გმირებად გარდაქმნიან