in

„გაკვეთილი N1, ყოველთვის კარგად შეისწავლე ბაზარი“ – „გრინის“ #შეცდომები

Startauperi
Startauperi

ქართულ ბაზარზე „გრინის“ ნეპალური ეკოაქსესუარები, დაახლოებით, ორწელიწადნახევრის წინ გამოჩნდა. გუნდმა  საქმიანობა კანაფის ფერადი ჩანთების გაყიდვით დაიწყო. ეკატერინე ებანოიძესა და მის გუნდს სურდათ ადგილობრივი ბაზრისთვის ნატურალური მასალისგან დამზადებული პროდუქტები მიეწოდებინათ. მოგვიანებით, ასორტიმენტს ჭრელი და თბილი პონჩოებიც დაემატა. სხვა კომპანიების მსგავსად, ბოლო წლებში, დანის პირზე სიარული „გრინისაც“ მოუწია და დღეს, განვლილ გამოწვევებსა და შეცდომებზე გვიყვება.

შეცდომები ბიზნესის დაწყებისას…

ახალ წამოწყებას ყოველთვის ახლავს შეცდომები, გამოწვევები, გაუთვალისწინებელი დეტალები, რომელიც მუშაობის პროცესში იჩენს ხოლმე თავს. ამ პროცესს საკმაოდ ლიბერალურად ვუდგებით, ეს ბუნებრივი პროცესი გვგონია. ჩვენი მთავარი დავალება ამ პრობლემების გააზრება, გაანალიზება და მოცემულობის შეცვლაა.

როგორც იცით, ჩვენი პროდუქცია ნეპალში იწარმოება. პირველი მთავარი შეცდომა, რომელიც დავუშვით და მივხვდით, რომ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი საქმიანობის და რაც უნდა შეგვეცვალა, იყო მომწოდებლის მოძიება.

იმის გამო, რომ ჩვენს მომწოდებელს მისაღები ფასი და გამოცდილება ჰქონდა, ბაზრის კვლევა არ ჩავატარეთ. თუმცა, მალევე შეგვხვდა დედლაინების პრობლემა წარმოებაში და სიტუაციის უკონტროლობა. ამის შემდეგ უკვე დავიწყეთ ბაზრის კვლევა, სხვადასხვა ფაბრიკებთან კომუნიკაცია და საუკეთესოს შერჩევა. გავითავისეთ გაკვეთილი N1, ყოველთვის კარგად შეისწავლე ბაზარი.

პანდემიისას…

პანდემიის დროს, როგორც ყველა ბიზნესი და მით უმეტეს, სტარტაპი, ჩვენც გამოწვევის წინაშე ვიდექით. ორი გზა გვქონდა: გაჩერება ან უფრო მეტად გააქტიურება. მეორე გზა ავირჩიეთ, რამაც 2-ჯერ გაზარდა ჩვენი გაყიდვები, ამიტომ ამ დროის შეცდომად ჩავთვლით მხოლოდ იმას,რომ მარაგი არ გვქონდა საკმარისი რაოდენობით, ანუ გაყიდვების ასეთი რიცხვებისთვის მზად არ ვიყავით.

უშეცდომოდ ყველაფრის გაკეთება, ვფიქრობთ, ცოტა ფანტასტიკის სფეროა. ჩვენი ბიზნეს სტრატეგია მუდმივი განახლებაა. ეს განახლება ზოგჯერ ამართლებს. ზოგჯერ – არა. რადგან ჩვენ მხოლოდ ონლაინ შესყიდვას ვთავაზობთ მოხმარებელს, იყო პროდუქცია, რომელიც არ აღმოჩნდა რელევანტური ონლაინ გაყიდვებისთვის. გზადაგზა, უფრო ვხვდებით ქართველი ონლაინ მომხმარებელი ქცევას, სურვილებს და ა.შ.

კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად დაშვებული შეცდომები

ფასის დარეგულირება ბიზნესის საკმაოდ რთული ნაწილია, ზუსტად უნდა განსაზღვრო შენი მიზნობრივი აუდიტორიის შესაძლებლობა და მოთხოვნა. პირდაპირი კონკურენტი არ გვყავს, მაგრამ როცა შევისწავლეთ არაპირდაპირი კონკურენტების ფასები, ჩვენც გადავწყვიტეთ მეტ-ნაკლებად, ბაზრის ტრენდის შენარჩუნება. თუმცა, ბიზნესზე ეს დადებითად არ აისახა და მალევე შევცვალეთ პოლიტიკა. ახლა, მხოლოდ პროდუქტიდან გამომდინარე ვარეგულირებთ ფასს. ამ ყველაფერს შეცდომებად კი არა, უფრო გამოწვევებად აღვიქვამთ. გამოწვევებზე მუშაობა კი ბევრად საინტერესოა.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

Nike “სატანის ბოტასების” მწარმოებელ კომპანიას უჩივის!

დაბალანსებული კვების მნიშვნელობა ჩვენს ცხოვრებაში