22
Jan
2019

Greeny – კანაფისგან დამზადებული აქსესუარები

22 Jan 2019

Startauperi
Startauperi


ნატურალური პროდუქტი რომ სულ უფრო პოპულარული ხდება, ამას ახლადშექმნილი ბრენდები ნამდვილად ამტკიცებენ. ნატურალური წვენები, ნატურალური საკვები, ავეჯი, სამოსი… Greeny ერთ-ერთი ასეთი ბრენდია, რომელმაც გადაწყვიტა, ზემოხსენებულ ხაზს გაყვეს. მისი უნიკალურობა კი იმაში მდგომარეობს, რომ იგი საამისოდ ინდუსტრიულ კანაფს იყენებს. ბრენდის შესახებ მის დამფუძნებელს, ეკატერინე ებანოიძეს ვესაუბრეთ:

M: საიდან გაჩნდა ბრენდის შექმნის იდეა?

ყველანი ვამჩნევთ, რომ აზიური გავლენა პოპულარულ კულტურაზე ამ ბოლო ხანებში საგრძნობლად გაიზარდა. უფრო და უფრო მეტ აზიურ ან აზიურით შთაგონებულ დიზაინს ვხედავთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს პროდუქტი საინტერესო იქნება ყველასთვის, ვისაც აინტერესებს ალტერნატიული ცხოვრების სტილი და ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივა უნდა. ბრენდი შეიქმნა დეკემბრის ბოლოს და ლოგოსა და ნეიმინგზე – “Saatchi & Saatchi “ თბილისმა იმუშავა.

M: კონკრეტულად, რა პროდუქციას ქმნით და სთავაზობთ მომხმარებლებს?

ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ კანაფის მასალისგან დამზადებულ აქსესუარებს, რომლებიც იწარმოება ნეპალში. ამ ეტაპზე მხოლოდ ზურგჩანთებსა და  წელის ჩანთებს ვაწარმოებთ, მომავალში კი ვფიქრობთ სხვადასხვა აქსესუარის დამატებას. კანაფი ძალიან გამძლე და ნატურალური მასალაა, ამიტომ მის ხარისხში დარწმუნებულები ვართ. ყველა ჩანთის დიზაინი კეთდება ჩვენთან შეთანხმებით.

M: ასევე, რა მასალას და ტექნოლოგიას იყენებთ მათ დასამზადებლად?

მასალა არის აბსოლუტურად ნატურალური. კანაფი, რომელსაც ადამიანი მრავალი წელია იყენებს წარმოებაში. ტექნოლოგიას რაც შეეხება, კანაფისგან ქსოვენ ნაჭერს და შემდეგ უკვე ხელით კერავენ .

M: როგორ ფიქრობთ, რითი არის თქვენი პროდუქცია ბაზარზე გამორჩეული?

ჩვენს ბაზარზე, ზოგადად, ნატურალური პროდუქციის დეფიციტია. „გრინი“ მხოლოდ ბუნებრივი მასალისგან დამზადებულ აქსესუარებს შესთავაზებს მოხმარებელს. ჩვენი ბრენდის პლატფორმაც სწორედ ეს არის. ჩვენი მიზანია, ჩვენს პროდუქციაში იყოს ხალისი, ფერთა გამა, რომელიც ცოტა უფრო გააფერადებს ყოველდღიურობას. ასევე, რადგან პროდუქცია ხელნაკეთია, არსად არ მეორდება იმავენაირად განლაგებული ორნმენტები, პერიოდულად შეიცვლება ფორმები და დიზაინები, რაც, ფაქტობრივად, ექსკლუზიურობის ტოლფასია დღევანდელ ინდუსტრიულ წარმოებასთან შედარებით. ასევე, ვაპირებთ, ქართული თემატიკის დიზაინის შექმნას, რაც  საინტერესო იქნება, როგორც ლოკალური მომხმარებლებისთვის, ისე, ტურისტებისთვის.

M: როგორია ბრენდის სამომავლო ხედვა

პირველ რიგში, გვინდა, ვინც იყიდის ჩვენს პროდუქციას, იყოს მაქსიმალურად ინფორმირებული, რას ყიდულობს, რა მასალისგან არის დამზადებული, რამდენად ნატურალურია და ა.შ  შემდეგ უკვე მნიშვნელოვანია ასორტიმენტი. ვეცდებით, ხშირად განვაახლოთ დიზაინი. ხშირად გვწერენ სოციალურ ქსელში, რომ იმდენად ყველა ჩანთა მოსწონთ, უძნელდებათ არჩევანის გაკეთება. ჩვენი მიზანია, მომხმარებლის ეს ემოცია შევინარჩუნოთ.

M: კონკრეტულად, როგორი სერვისებით შეუძლია მომხმარებელს თქვენი პროდუქციის შეძენა? 

ამ ეტაპზე შეძენა შესაძლებელია ფეისბუქის საშუალებით. შეკვეთიდან მეორე დღეს პროდუქცია მიგვაქვს აღნიშნულ მისამართზე. უახლოეს მომავალში ქალაქის რომელიმე სავაჭრო ცენტრშიც გვიხილავთ.

M: როგორ ფიქრობთ, ვისზე/რა სეგმენტზეა გათვლილი თქვენი ბრენდი?

“გრინის” მიზნობრივი აუდიტორია ახლგაზრდებია, რომლთაც აქსესუარებით უყვართ თავიანთი ინდივიდუალურობის გამოხატვა. ყველა ჩანთა არის უნისექსი და შეუძლია, ატაროს როგორც ქალმა, ისე კაცმა.

განხილვა