NBA-ს 5 გზის ჩემპიონის, San Antonio Spurs-ის მთავარ მწვრთნელს, გრეგ პოპოვიჩს, ერთხელ, ჰკითხეს, რა არის გუნდის წარმატებისთვის მთავარი. მან უპასუხა: „გუნდი, დაკომპლექტებული ისეთი მოთამაშეებით, რომლებმაც საკუთარ თავს აჯობეს (“Players who have gotten over themselves”)“.
“The Spurs Way”
დღეს, იშვიათად შეხვდებით ადამიანს, ერთი და იმავე პოზიციაზე დიდხანს რომ მუშაობდეს და ერთ საქმეს აკეთებდეს. განსაკუთრებით იშვიათია ასეთი რამ სპორტში, სადაც, გუნდის მიმართ ლოიალობასა და ღირებულებებზე უფრო მნიშვნელოვანი, ხშირად, ფინანსური პირობები და სასპონსორო ხელშეკრულებებია.
თუმცა, არსებობს გამონაკლისი – ეს არის ადამიანი, რომელიც ერთ საკალათბურთო გუნდს 22 წელია ხელმძღვანელობს – გრეგ პოპოვიჩი, 1996 წლიდან San Antonio Spurs-ის მთავარი მწვრთნელია. წარმატების დასტურად NBA-ს 5-ჯერ მოგებაც საკმარისია.
თუმცა, ეს მისი მთავარი მიღწევა საყოველთაოდ აღიარებული ორგანიზაციული სამუშაო კულტურა და ტერმინი – “The Spurs Way” [„სპურსის გზა“] – არის.
რას ნიშნავს “The Spurs Way” ?!
გრეგისათვის, პირველ რიგში, ეს საკუთარ თავზე გამარჯვებაა, რაც ცალკე აღებული, თითოეული მოთამაშის მხრიდან, პირადი ეგოს დაძლევასა და გუნდის სასარგებლოდ თამაშის სწავლაში გამოიხატება. მისთვის არავინაა გუნდზე დიდი, მისთვის მხოლოდ გუნდური სული იმარჯვებს.
ცნობილი ფაქტია, რომ პოპოვიჩის გუნდის სუპერვარსკვლავები არასდროს გამოირჩეოდნენ ცალ-ცალკე განსაკუთრებულად მაღალი სტატისტიკით. მაგალითად, ისეთი მაჩვენებლებით, როგორც ჰქონდა ლეგენდად აღიარებულ უილტ ჩემბერლენს ან კალათბურთის მეფედ წოდებულ, მაიკლ ჯორდანს. გრეგის გუნდში როლები და სტატისტიკა ზუსტად ისეა გადანაწილებული, როგორც ეს სჭირდება გუნდს და არა რომელიმე სუპერვარსკვლავს.
გრეგი არ ცნობს ფრაზებს: „ჩემი მოთამაშე”, „შენი მოთამაშე”, მისთვის, გუნდში ყველა კალათბურთელს თანაბარი უფლებები აქვს და „გუნდის მოთამაშეა”. არასდროს აღიარებს ტალანტს, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან ნიჭს. მიაჩნია, რომ ხასიათი და ნებისყოფა არის წარმატების განმსაზღვრელი, როგორც სპორტში, ისე ზოგადად, ცხოვრებაში.
ალბათ, არ გაგიკვირდებათ, რომ მისი გუნდის მთავარი ვარსკვლავები – დევიდ (ადმირალ) რობინსონი, ტონი პარკერი, მანუ ჯინობილი, ტიმ დანკანი – NBA-ს მილიონერი ვარსკვლავებისთვის უჩვეულო თავმდაბლობითა და გუნდური სულისკვეთებით გამოირჩევიან.
„არავითარი მანიპულაცია, არავითარი მინიშნებებით საუბარი, არავითარი სიტყვის გატეხა და აზრის შეცვლა საკუთარ ნათქვამზე, ერთი კვირის შემდეგ. მხოლოდ გულწრფელი საუბარი და ერთი სტანდარტი ყველასთვის! აი, რას მოაქვს წარმატება” – ამბობს პოპოვიჩი.

გრეგს არასდროს უყვარდა ზედმეტი ემოციების გამოხატვა: „თუ მოიგებ, ძალიან არ აღფრთოვანდე, მოიქეცი ისე, თითქოს, ყოველ დღე ასე უნდა ხდებოდეს. თუ წააგებ, გული არ დაგწყდეს, გაარკვიე, რა გააკეთე არასწორად და მომდევნო თამაშზე გამოასწორე. ნაღვლიანობა, მაქსიმუმ, 2 დღეს უნდა გრძელდებოდეს.”
„პროცესი – სიამაყე ყოველდღიურად საკუთარი საქმის კეთებისა – აი, რა აძლიერების გუნდის სულისკვეთებას”.
რთულია, არ დაეთანხმო, თუნდაც, იმიტომ, რომ არაერთი ჯილდოს მფლობელია : NBA-ს 5 გზის ჩემპიონობა, 3-ჯერ „წლის საუკეთესო მწვრთნელი“, 4-ჯერ „NBA All Star-ის მწვრთნელი“, 1210-ზე მეტი მოგებული თამაში (მოგებული 68,6%) NBA-ში, რითიც, ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელთა შორის (ჯერი სლოანი 1221, ლენი ვილკინსი 1332, დონ ნელსონი 1335), მე-4 ადგილზეა.
„როცა შენი საუკეთესო კალათბურთელი ყველაზე შრომისმოყვარე კალათბურთელია, აი, მაშინ იმარჯვებ”, – ამბობს პოპოვიჩი.
„პატივისცემა და ურთიერთობა”
NBA-ში მოხვედრამდე, გრეგ პოპოვიჩი ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალებში მსახურობდა, სადაც, სავარაუდოდ, ჩამოუყალიბდა კიდეც მიდრეკილება წესრიგის, სიხისტისა და ორგანიზებულობისკენ. ამის მიუხედავად, ცნობილია, რომ გრეგს ძალიან ახლო და, ხშირ შემთხვევაში, მეგობრული ურთიერთობა აქვს თავის კალათბურთელებთან. მის ერთ-ერთ ძლიერ მხარედ სწორედ ადამიანებთან კომუნიკაცია ითვლება.
განსაკუთრებით აღსანიშნავია გრეგ პოპოვიჩისა და ლეგენდარული კალათბურთელის, 5 გზის NBA-ის ჩემპიონის ტიმ დანკანის ურთიერთობა. 1997 წლის 25 ივნისს დრაფტზე გრეგმა ტიმი აიყვანა პირველ ნომრად. გავიდა 20 წელი და სპორტის სამყარო ძალიან წარმატებული გუნდის, მოგებული ტიტულებისა და ყველასათვის სამაგალითო მეგობრობის მოწმე გახდა – პოპოვიჩმა და დანკანმა ერთად მოიგეს 1000-ზე მეტი თამაში, რაც საუკეთესო შედეგია მწვრთნელი – მოთამაშის [წყვილებში] NBA-ის ისტორიაში.
„ის ჩემთვის არა მარტო მწვრთნელი, არამედ როგორც მამა ისეა, [პოპოვიჩი] ზრუნავს ჩვენზე სათამაშო მოედანზე და მის გარეთ” – ამბობს ტიმ დანკანი.

პოპოვიჩი [დანკანზე]: „როცა ადამიანებს ეკითხებიან, „ვისთან ისურვებდით სადილობას“, უმეტესად პასუხობენ ხოლმე – იესო ქრისტე, დედა ტერეზა, დალაი ლამა. მე გიპასუხებდით – ვისადილებდი ტიმ დანკანთან”.
გუნდში მოსვლიდან, 2 წლის შემდეგ, 1999 წლის ივნისში, პოპოვიჩმა და დანკანმა პირველი ჩემპიონობა გაიფორმეს. ეს დიდი ისტორიის მხოლოდ დასაწყისი იყო.
დანკანის გარდა, პოპოვიჩს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს გუნდის სხვა ვარსკვლავებთანაც. აღსანიშნავია, რომ მან დრაფტზე ტონი პარკერი 28-ე ნომრად აიყვანა, ემანუელ ჯინობილი სულაც # 57 იყო, სანამ მათში ის პოტენციალი არ დაინახა, რაც ბევრმა სხვა გუნდის სკაუტებმა უგულებელყვეს.
ტონი პარკერი : „აქ რომ მოვედი, 19 წლის ვიყავი, გრეგ პოპოვიჩი მამასავით მექცეოდა და დამეხმარა, გავმხდარიყავი უკეთესი ადამიანი. ზოგჯერ, ძალიან მკაცრიც იყო ჩემ მიმართ. მას ადარდებს ჩვენი ბედი. ამიტომ მომწონს აქ ყოფნა, ეს მხოლოდ კალათბურთი არ არის. თანამდროვე ბიზნესის სამყაროში ასეთი ურთიერთობა ძალიან იშვიათია”.

სარკაზმი და მეგობრული ირონია
გრეგი, ასევე, განთქმულია თავისი იუმორითა და სარკაზმით. ყველასთვის ცნობილია, რომ NBA-ს სამგზის ჩემპიონი შაკილ ო’ ნილი ძალიან ცუდად ისროდა საჯარიმო ტყორცნებს. მწვრთნელები, ხშირად იყენებდნენ, თამაშის ბოლოსკენ დაჯარიმების ტაქტიკას იმის იმედით, რომ გააცუდებდა საჯარიმოებს.
პოპოვიჩმა გამოიყენა ეს ტაქტიკა მის წინააღმდეგ, რის გამოც შაკი გაბრაზდა და ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ეს იყო ლაჩრული საქციელი. შემდეგ თამაშზე პოპოვიჩის დავალებით იგივე მოხდა, მხოლოდ არა თამაშის ბოლო წუთებზე, არამედ, მე-5 წამზე:
ამით გრეგი, უბრალოდ, გაეხუმრა მას და მიანიშნა, რომ მთელი თამაშის მანძილზე გააწამებდნენ.
ასევე, სარკაზმით გამოირჩევა გრეგი ჟურნალისტებთან ურთიერთობისას. განსაკუთრებით, აშაყირებდა და, ამავე დროს, მეგობრობდა კრეიგ საგერთან, რომელიც, ყოველთვის, არაორდინალური ჩაცმულობით გამოირჩეოდა.
ერთ – ერთი შესვენების დროს საგერმა პოპოვიჩს ჰკითხა :
– რატომ აგებთ თამაშს?
გრეგმა უპასუხა:
– იმიტომ, რომ ჩემი კალათბურთელები შენს პიჯაკს უყურებენ.
ერთხელ კი, ინტერვიუს დროს, საგერის პიჯაკის ცხვირსახოცით ცხვირიც კი მოიწმინდა.
გრეგი, ხშირად, მარტივი ირონიით პასუხობს ჟურნალისტების შეკითხვებს.
ერთ – ერთმა რეპორტიორმა ჰკითხა:
– რატომ აგებს თქვენი გუნდი თამაშს?
– „იმიტომ, რომ ბურთი არ ვარდება კალათში“, – უპასუხა პოპოვიჩმა.
2014 წლის კონფერენციის ფინალების სერია – ჟურნალისტი ეკითხება: „რას ნიშნავს NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალში დაბრუნება?“
გრეგ პოპოვიჩი: „ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დავბრუნდით NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალში“.
ზოგადად, გრეგ პოპოვიჩს მიაჩნია, რომ NBA ზედმეტად აიძულებს მწვრთნელებს და მოთამაშეებს ჩაწერონ ინტერვიუები. მისი აზრით, ეს ფუჭი დროის კარგვაა. ერთ-ერთი სეზონის დაწყების წინ მან ჟურნალისტებს უთხრა: „ძალიან მიხარია, რომ იწყება სეზონი და თქვენც დაგიბრუნდით, ახლა კი შეგიძლიათ, დამისვათ იგივე
კითხვები, რომელსაც მისვამთ აგერ უკვე 15 წელია”.
მეორე მაგალითი იყო ცნობილი 2 სიტყვიანი ინტერვიუ, როცა ჟურნალისტმა სთხოვა, გაეზიარებინა აზრი თამაშზე. გრეგმა უპასუხა: „ჩვენ ვაგებთ” და გაჩუმდა.
თუმცა, არსებობს უკვე მოკლე ვერსიაც : 2014 წელს ფინალების დროს ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ შეცვლიდა რამეს მომდევნო თამაშისთვის და ელოდებოდა მცირე ანალიზს. პოპოვიჩმა კი უპასუხა უბრალოდ “არა” და ინტერვიუ დასრულდა – ეს იყო ერთადერთი 1 სიტყვიანი ინტერვიუ NBA-ის ისტორიაში.
პოპოვიჩი ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ადამიანს შეუძლია ერთი და იგივე პასუხი გასცეს ჟურნალისტის 2 სხვადასხვა შეკითხვას :
ჟურნალისტი : „რატო ვერ უტევს გუნდი როგორც საჭიროა?”
პოპოვიჩი : იმიტომ, რომ ბურთს ვკარგავთ” (turnovers)
ჟურნალისტი : „და რატომ ვერ თამაშობს გუნდი კარგად დაცვაში?”
პოპოვიჩი : „იმიტომ რომ ბურთს ვკარგავთ” (turnovers)
კალათბურთის ხსენებაზე გულშემატკივარს ყოველთვის წარმოუდგება თვალწინ ისეთი მეგაპოლისები როგორიცაა ჩიკაგო მისი უკვდავი მაიკლ ჯორდანით, ლოსანჟელესი მეჯიკ ჯონსონით და კობი ბრაიენტით, ან თუნდაც, ბოსტონი ბილ რასელითა და ლარი ბერდით. თუმცა, შეერთებულ შტატებში არსებობს შედარებით პატარა ქალაქი სან ანტონიო, რომელიც სწორედ რომ მისი გუნდით და ამ გუნდის მწვრთნელით – გრეგ პოპოვიჩით არის ცნობილი.
„სან ანტონიო უტევს საოცრად, ეს, თითქოს, მოცარტის მუსიკას მოგაგონებთ. გასაოცარია მათი თამაში” – ეს მარცინ გორტადის სიტყვებია.
„ძალიან ხშირად ჩვენ წინ ვწევთ ინდივიდუალურ მოთამაშეს, როგორიცაა ლებრონი, კობი ან დურანტი. და ამ დროს, შეიძლება, მხედველობიდან გამოგვრჩეს გუნდი – რომელიც თამაშობს ნამდვილ და ლამაზ თამაშს. მათი ყურებისას მე მახსენდება ჩემი დროის ჩვენი დაპირისპირება ბოსტონ სელტიქსტან – უბრალოდ მარტივი და დიდებული კალათბურთი. და მე მიხარია, რომ თანამედროვე კალათბურთში არსებობს მსგავსი გუნდი. გუნდი, რომელზე საუბრისას სიტყვებსაც კი კარგავ, უბრალოდ უნდა უყურო” – ამბობს ლეგენდარული მეჯიქ ჯონსონი „სან ანტონიოზე“.
კიდევ ბევრი შეიძლება ითქვას ამ უკვე ლეგენდარული მოქმედი მწვრთნელის შესახებ, თუმცა, ყველაზე მთავრი არის რომ მისი გახსნილი ხასიათის, გუნდური სულის, ადამიანებთან უბრალო ურთიერთობის და მოტივაციის ხარჯზე პოპოვიჩმა მოახერხა, NBA-ში ჩამოეყალიბებინა ყველაზე სტაბილური, წარმატებული და მეგობრული ორგანიზაცია, სადაც კალათბურთელები პოულობენ არა მხოლოდ ტიტულებს, არამედ გაცილებით მეტს.
„ყოველივე გენიალური – მარტივია” – ეს ცნობილი სიტყვები არ ეკუთვნის გრეგ პოპოვიჩს. მისი ავტორი გენიალური ფიზიკოსი და ფილოსოფოსი ალბერტ აინშტაინია.
თუმცა, პოპოვიჩი მას ნამდვილად დაეთანხმება, რადგან მისი გუნდი ყოველივე გასაოცარს აკეთებს ძალიან მარტივად და ეს ყველაფერი უკვე 22 წელია გრძელდება.
ავტორი: გ.მ.