„გრემი არასდროს გადაეცემა რობოტს“ — Recording Academy-ის სურს, როცა საქმე AI-ზე საუბრებს ეხება, მუსიკის გულშემატკივრებმა ეს კარგად გაიაზრონ. ამგვარად, თუ ტექნოლოგიებისთვის ადგილი ნებისმიერ შემოქმედებით ბიზნესში მოიპოვება, ჯილდოები ადამიანთა მიღწევის აღსანიშნავად არის გამიზნული.
„როცა AI ასრულებს სიმღერას, მაგრამ ადამიანი წერს მას, იგი შესაფერისი იქნება წერის კატეგორიისთვის და, პირიქით — თუ AI-მ დაწერა სიმღერა, მაგრამ ადამიანი ასრულებს, შესრულების კატეგორია უნდა განვიხილოთ. ვფიქრობ, საკმაოდ სამართლიანია“, — აცხადებს ჰარვი მეისონი, Recording Academy-ის ხელმძღვანელი.
მიუხედავად იმისა, სამართლიანია თუ არა, ამაზე დავაც შეიძლება… EGOT-ის ღონისძიებაზე ისიც განაცხადეს, რომ რაც უფრო მეტად იყენებენ ხელოვანები AI ხელსაწყოებს, დებატებიც მით უფრო მწვავდება. ამაში კი Drake-ის ხელოვნური ინტელექტით შექმნილი მუსიკაც გვარწმუნებს, რომელიც ანონიმურმა ავტორმა გამოაქვეყნა და მალევე ვირუსული გახდა… „თქვენ დააკვირდებით ხმის მოდელირებასა და სხვა რაღაცებს, სადაც ადამიანი რეალურად მღერის, მაგრამ იყენებს ფუნქციას, რათა ეს ხმა სხვას დაამსგავსოს. ეს ხელოვნური ინტელექტია თუ არა? ადამიანი ასრულებს მას სასიამოვნოდ თუ არა? აქ ბევრი რამ არის გასარკვევი“.
ტექნიკურად AI-ს ემი უკვე გადავეცით
თუმცა, როგორც National Academy of Television Arts and Sciences-ის პრეზიდენტი ადამ შარპი ამბობს, ტექნიკურად AI-ს ემი უკვე გადავეცით, როცა კომპანიებმა Technology and Engineering Emmy Awards მიიღეს პროგრამისთვის, რომელსაც სატელევიზიო შოუებში ხალხის სიმულაცია შეუძლია. სწორედ ამიტომ ფიქრობს, რომ არსებულ ღელვას არ უნდა მივცეთ საშუალება, კრეატიულობაზე ცუდად აისახოს. თუნდაც იმიტომ, რომ AI-ის შეუძლია, შემოქმედებითობისთვის ძლიერი ინსტრუმენტი იყოს და მისი საზღვრებიც გააფართოოს.
აქ კი არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ მსგავსი დებატები ამ ინდუსტრიისთვის ახალი არ არის — 10 წელზე მეტი ხნის წინ ანდი სერკისმა ოსკარი მიიღო Rise of the Planet of the Apes-ში კომპიუტერის მიერ გენერირებული ვიზუალური ეფექტებით (CGI) შექმნილი შიმპანზეს გამო, რასაც მოჰყვა საუბრები იმაზე, რამდენად ეკუთვნოდა ანიმატორების გუნდს კონკრეტული ჯილდო, რადგან ეფექტები კომპიუტერმა შექმნა…
„ეს სწრაფად შეიცვლება და ჩვენც ვიზრუნებთ ამაზე, უნდა შეგვეძლოს ადაპტაცია და AI გვაიძულებს კიდეც ამას…“, — აცხადებს მეისონი.