კომპანიები შინაური ცხოველების კომფორტს სულ უფრო მეტი სერიოზულობით ეკიდებიან. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, მუსიკალურმა პლატფორმამ Spotify გადაწყვიტა შინაური ცხოველების გემოვნებას მიაყურადოს და მათთვის შესაფერისი “ფლეილისტები” დაამზადოს, რაკი ძაღლებსა და კატებს, სუნის ბრწყინვალედ ამოცნობის გარდა, სიტყვებისა და ხმის ტემბრის გარჩევა შესანიშნავად შეუძლიათ. სხვებმა შინაური ცხოველების გარეგნობაზე დაიწყეს ზრუნვა – მიიჩნევენ, რომ გარეგნული სიკოხტავე ცუგებსა და ფისოებს კომფორტულ ცხოვრებაში ეხმარება. თანაც, სურთ, თავიანთი ოთხფეხა მეგობრების მიმართ სიყვარული და მზრუნველობა ამგვარადაც გამოხატონ. ამ მოთხოვნის საპასუხოდ, ბაზარზე თანდათან გამოჩნდა გრუმინგ სალონები, სადაც შინაური ცხოველების გალამაზებაზე გამოცდილი სტილისტები (გრუმერები) ზრუნავენ. დღეს, ერთ-ერთ ასეთ გრუმინგ სალონზე გიამბობთ. Camora Pet Grooming დედაქალაქში ორიოდე თვეა, რაც გამოჩნდა. ამ ბიზნესის წამოწყებამდე რამდენიმე მეგობარს შინაური ცხოველების სიყვარულმა მიიყვანა და ბარბერშოპ “კამორას” შემდეგ, გრუმინგ სალონის გახსნა გადააწყვეტინა. მარკეტერმა შეკითხვებით ანა პეტრიაშვილს მიმართა.
M: თქვენი ხედვით, რამდენად აქტუალური და მოთხოვნადია გრუმინგ სალონი დღეს?
მოვლა ისევე სჭირდებათ ცხოველებს, როგორც ჩვენ. როგორც ადამიანებს გვინდა, კარგად გამოვიყურებოდეთ და სხვებისგან გამოვირჩეოდეთ, ისე სურთ ჩვენს შინაურ ცხოველებს, თავიანთი გარეგნობით მათსავე სოციუმში თავი დაიმკვიდრონ.
გრუმინგ სალონები ყოველთვის საჭირო იყო და დღესაც განიცდის აუცილებლობას. ამ ეტაპზე კი უბრალოდ ინტერესმა აიწია, დამკვიდრდა და ყოველდღიურად განიცდის ევოლუციას ეს სფერო. მარტივია – თუ გყავს, უნდა მოუარო და როცა უვლი, უნდა იცოდე, ეს სწორად როგორ გააკეთო, რომ ის არ დააზიანო.
მოგეხსენებათ, ქალაქის მაშტაბით ძალიან ბევრს ჰყავს შინაური ცხოველი, და ასევე ბევრი არის უპატრონოდ დარჩენილი… ყველა ცხოველის მოყვარულს თავისი მიდგომა და ხერხი აქვს, მათი ცხოვრება შეცვალოს და როგორმე უკეთესი გახადოს.
ჩვენ გვინდა, რომ ამ სფეროში ჩვენი სიტყვა ვთქვათ, რადგან ვთვლით რომ შეგვწევს ამის ძალა. მთავარი საქმისადმი ინტერესი და მონდომებაა, სხვა დანარჩენს შრომა მოიტანს. ჩვენ ვხედავთ მომავალში ჩვენს თავს ამ სფეროში და რაოდენ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, უსაზღვრო სიყვარულით ვართ შეპყრობილები ცხოველების მიმართ. შესაბამისად, ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა მათთვის, გინდ მოსიყვარულე პატრონით შემოაბიჯოს ჩვენს კარებში, და გინდ თავისი ფეხით მოვიდეს.
M: ბარბერშოპის შემდეგ, გრუმინგ სალონის გახსნა რამ გადაგაწყვეტინათ და როგორ დაიწყეთ?
გრუმინგ სალონის იდეა რამდენიმე წლის წინ ტივტივებდა სადალაქოსთან ერთად. როგორც უკვე ვთქვით, კაცებს თუ უნდათ თავის მოვლა, ცხოველებს არ უნდათ?! ბიზნესის დაწყების რესურსი იმ დროისთვის არ იყო… ყველაფერს რომ თავი დაანებოთ, ირგვლივ არავინ არ გვეგულებოდა, ვისაც ოდნავადაც კი რაიმე ცოდნა ექნებოდა გრუმინგზე (შიდა სამზარეულო)… მოგვიხდა ამ იდეის დაპაუზება, მაგრამ პრინციპში, ყველაფერს თავისი დრო აქვსო და ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. ბევრი ძებნის შედეგად, ვიპოვნეთ სანატრელი ადგილი მცხეთის ქუჩაზე და შევუდეგით საქმეს. 2 თვის თაობაზე, ყველაფერი კარგად მიდის. ჯერ ახლა ვყალიბდებით და მოგებიანობაზე ჯერ ხმამაღალი იქნებოდა საუბარი, მაგრამ პოტენციალი დიდია და ამას შრომა სჭირდება.
M: რა გამოგარჩევთ ბაზარზე?
ჩვენი გრუმინგი ემსახურება ძაღლების და კატების ჰიგიენურ მოვლას და მათ გალამაზებას. ყოველდღიურად ვცდილობთ მოვიძიოთ სხვადასხვა ინფორმაცია ამ სფეროს შესახებ და ხორცი შევასხათ ახალ იდეებსა თუ მეთოდებს.
სხვა გრუმინგ სალონებისგან განსხვავებით, ჩვენ, ცხოველების პატრონებს, გამოცდილ გრუმერებს, მაღალი სტანდარტების აღჭურვილობას, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ჰიგიენური მოვლის საშუალებებს და ძალიან კომფორტულ გარემოს ვთავაზობთ. დაკავებული პატრონებისთვის მათი ცხოველების დატოვების სერვისიც გვაქვს. ვთავაზობთ ასევე გასეირნების სერვისს და სამომავლოდ გვინდა, მანქანით მომსახურების სერვისიც დავამატოთ.
M: როგორ ცდილობთ სამიზნე სეგმენტის ათვისებას?
გრუმინგ სალონი გათვლილია სრულიად ცხოველთა სამყაროზე. აქ არ მუშაობს ტიტულები და ჯიშთა კვალიფიკაცია. მაქსიმალურ სერვისს და ენერგიას ვდებთ უკლებლივ ყველა შინაური ცხოველის მოვლაზე და პასუხისმგებლები ვართ ამ ყველაფერზე!
ამ ეტაპზე მთელი ენერგია და ყურადღება უფრო მეტად საქმეს ეთმობა, ვიდრე რაიმეს რეკლამირებას, თუმცაღა სოციალური ქსელების მეშვეობით, ვახერხებთ მომხმარებლებს მივაწვდინოთ ხმა. სამომავლოდ, როდესაც ცოტათი უფრო მეტად მოვიკიდებთ ფეხს (ჯერ, სულ რაღაც, 2 თვეა დავიწყეთ მუშაობა), ვგეგმავთ, უპატრონო ძაღლებისთვის სოციალური კამპანიები გავაკეთოთ, ასევე ვიზრუნოთ ადამიანების ინფორმირებაზე, თუ რას ნიშნავს გყავდეს ცხოველი, რა პასუხისმგებლობების აღებას საჭიროებს მოუარო მას და რისთვის უნდა იყო მზად, რათა აყვანილი ცოხველები ისევ გარეთ, ღია ცის ქვეშ არ მოხვდნენ.
M: რა სირთულეებთანაა დაკავშირებული ამ ბიზნესის კეთება?
მთავარი სირთულე ის არის, რომ ჩვენი ბაზარი მწირია, ვერაფერს იშოვნი, რაც სამუშაოდ გჭირდება. ინვენტარის, პროდუქტისა და მასალის 80-90% უნდა გამოიწერო, რაც დროში ძალიან იწელება.
M: გვიამბეთ, ვინ ხართ გრუმინგ სალონის გუნდში და რამ გაგაერთიანათ?
რამდენიმე ახალგაზრდა ადამიანი ვართ ჩართული გრუმინგის საქმეში. ყველას ჩვენ ჩვენი ცხოვრება გვაქვს, ჩვენ-ჩვენი საქმე, ოჯახები, ძაღლები, კატები… და ერთი რაღაც გვაერთიანებს – ერთმანეთის და ცხოველების სიყვარული. მაგალითად, ნიკოლოზი 29 წლის არის, კაცების სადალაქო კამორას დამფუძნებელი. მისი ყოველდღიურობა საქმეებზე სირბილი და თავის ხელთ არსებულ ობიექტებში რემონტების კეთებაა. მუდამ სიახლეების ძიებაშია და არასდროს კმაყოფილდება არსებული მოცემულობით.
ტატო 33 წლის მთამსვლელია, ჰყავს ცოლი და 2 შვილი. მისი ცხოვრება არის მეგობრები, ოჯახი და მთა. ზამთარ-ზაფხულ 3.000 მეტრზეა ასული და იქ ებადება განსაკუთრებული იდეები.
ლუკა 29 წლის არის და უკვე ორი ძაღლის მამაა. ის სარეკლამო სფეროთია დაკავებული და ან 24/7-ზე გადაღებებზე უწევს ყოფნა, ან ძაღლებს უვლის.
M: პარალელურად ყველა დაკავებული ხართ. როგორ ახერხებთ ამ სალონისა და სხვა საქმეების შეთავსებას?
კი, საკმაოდ დაკავებულები ვართ ყველანი და რთულია, საქმის, ოჯახის, მეგობრების ფონზე, დამატებით საქმეს გაუძღვე. თუმცა, მაგიტომ ვართ რამდენიმე! ერთს არ სცალია, მეორე მივა, მეორესაც თუ არ სცალია, მესამე არ დააყოვნებს ადგილზე გაჩენას და თუ არცერთს არ გვცალია, გვყავს უმაგრესი გრუმერები, ემი, ლუკა და ვანო, რომლებიც ენერგიას არ ზოგავენ, თან გადაყვნენ კამორაში მოსულ სტუმრებს.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი