29
Jun
2017

Grosh – ნატურალური ტყავის ხელნაკეთი აქსესუარები – ქართველი წყვილის სტარტაპი

29 Jun 2017

Startauperi
Startauperi


Grosh-ის შექმნის იდეა ახალგაზრდა წყვილს – გვანცა ფანცხავასა და გიორგი გურგენიძეს ერთი წლის წინ გაუჩნდა. სახელოსნოსთვის შესაფერისი ფართის მოძიებისა და მისი მოწყობის შემდეგ, წყვილმა საკუთარი ხარჯებით შეიძინა შესაბამისი ინსტრუმენტები და ნატურალური ტყავის დამუშავებას შეუდგა. შედეგად, 2017 წლის მარტში, ქართულ სტარტაპ სივრცეში ქართული ნატურალური ტყავის ხელნაკეთი აქსესუარების სტარტაპი – Grosh გამოჩნდა, რომელიც, ამ ეტაპზე, მომხმარებელს ჩანთებს, საფულეებს, სამაჯურებსა და ბრელოკებს სთავაზობს. რა არის „გროშის” განმასხვავებელი ნიშანი და უპირატესობა ხელნაკეთი აქსესუარების ბაზარზე? ამ და სხვა, ტყავის ნაწარმის შექმნის სპეციფიკასთან დაკავშირებულ დეტალებზე ბრენდის თანადამფუძნებელი – გვანცა ფანცხავა გვესაუბრა:

M: როგორ გაგიჩნდათ ტყავის ხელნაკეთი აქსესუარების სტარტაპის შექმნის იდეა რას გამოხატავს თქვენი ბრენდის სახელი „გროში”?
ხშირად, როცა გვინდოდა მსგავსი პროდუქტის შეძენა, გვიწევდა მისი გამოწერა უცხოური საიტებიდან. ორივეს მოგვწონდა ტყავის ხელნაკეთი აქსესუარები, დაკავებული ვიყავით ხატვითა და ფოტოგრაფიით, ერთი და იგივე ინტერესები გვაქვს, ვცადეთ, რომ დაგვეწყო ტყავის დამუშავება და გვექცია ის ჩვენთვის მოსაწონ აქსესუარად, გამოგვივიდა და გავაგრძელეთ. თავიდან მეგობრები დაგვეხმარნენ რამდენიმე ნივთის რეალიზებაში, რის შედეგადაც გვქონდა გარკვეული კაპიტალი ხელსაწყოების შესაძენად, წარმოების განსავითარებლად. გროში ასოცირდება ფულთან, მონეტასთან, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ძირითადი შეკვეთები საფულეებზე მოდის, გადავწყვიტეთ „გროში” შეგვერქმია ჩვენი სტარტაპისთვის. 

M: რა მასალას იყენებთ პროდუქციის შესაქმნელად, სად იძენთ მას და როგორია წარმოების პროცესი?
„გროშის” პროდუქციის შესაქმნელად ვიყენებთ ნატურალურ ტყავს, რომელსაც ვიძენთ ქართული ქარხნებისგან. ორივე ვმუშაობთ პროდუქციის დიზაინზეც და შექმნაზეც. ფოტოებსაც თვითონ ვიღებთ, ლოგოც ჩვენ შევქმენით. 

M: რა არის თქვენი განმასხვავებელი ნიშანი და უპირატესობა ხელნაკეთი აქსესუარების ბაზარზე?
ვფიქრობ, ჩვენს აქსესუარებს დიზაინი და ხარისხი განასხვავებს. გარდა ამისა, პროდუქტის შექმნისას, ყველა სამუშაოს ხელით ვასრულებთ, ხელით ვჭრით, ვამუშავებთ, ვკერავთ, ასე რომ, „გროში” მთლიანად ხელნაკეთია. 

M: მოდელებს რაც შეეხება… ექსკლუზიურია თუ გამეორებადი და თუ მუშაობთ ახალ კოლექციაზე?
ყველა ნივთი, რადგან ხელით მუშავდება, ერთმანეთის იდენტური ვერ იქნება, აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ექსკლუზიურია. იმ შემთხვევაში, თუ უკვე არსებული მოდელზეა მოთხოვნა, ვუკეთებთ მიახლოებულ ვარიანტს. გარდა ამისა, თუ დამკვეთი კონკრეტულ დიზაინს შემოგვთავაზებს და გვეტყვის, რომ უნდა მხოლოდ მას ჰქონდეს ამგვარი ნივთი, კი ბატონო, შევასრულებთ მისთვის ერთადერთ მოდელს.

M: რა ღირს „გროში” და სად შეიძლება მისი შეძენა?
საფულეების ფასები 75 ლარიდან იწყება და 200 ლარამდეა. ბრელოკები და სამაჯურები 30 ლარიდან. ჩანთების შემთხვევაში, ლეპტოპის ჩანთები ღირს 400 ლარი, მომცრო ჩანთები დაახლოებით 150 ლარიდან გვაქვს. ჯერჯერობით, სოციალური ქსელების მეშვეობით შეუძლია მომხმარებელს ჩვენი პროდუქციის შეძენა. მიწოდება ხდება კურიერის საშუალებით, ასევე ადგილზე მოდიან და მიაქვთ, ყოფილა შემთხვევები, როცა მე და გიორგის მიგვიტანია მსურველთან. ამჟამად, ჩვენს სახელოსნოში მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და ფართს ვამზადებთ იმისათვის, რომ მომხმარებელი მოვიდეს, დაათვალიეროს ჩვენი კოლექცია, ტყავის ხარისხი და ადგილზე მიიღოს შეძენის გადაწყვეტილება. სავარაუდოდ, მომავალი თვიდან იქნება ამის საშუალება.

M: გარდა სახელოსნოსთვის მაღაზიის ფუნქციის შეთავსებისა, რა სამომავლო გეგმები გაქვთ და თუ ფიქრობთ წარმოების გაფართოებაზე?
ყოველთვის ვცდილობთ, რომ განვაახლოთ კოლექცია და ამ საკითხში შეკვეთებზე ვართ დამოკიდებული; არსებული პროდუქტის რეალიზება ახალ დიზაინებსა და მოდელებზე მუშაობის წინაპირობაა ჩვენთვის. ასე რომ, ყოველთვის გვექნება ახალი დიზაინების შეთავაზება მომხმარებლისათვის. გარდა ამისა, გამოფენებზე ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას და ჩვენი პროდუქტის საზოგადოებისთვის გაცნობას.

განხილვა