in

დიდი კორპორაციიდან უბნის მაღაზიამდე – ანუ როგორ გამოიყურება წარმატება ვახტანგ კაჭარავასთვის

რამდენიმე თვე გავიდა, რაც ვახტანგ კაჭარავამ თეგეტა ჰოლდინგის გენერალური დირექტორის პოზიცია დატოვა. ამით ყველა გააკვირვა, რამდენიმე საინფორმაციო სტატიის შთაგონებადაც იქცა. საბოლოოდ, არც მეტი არც ნაკლები, საკუთარი ხელებით, ახალი ბიზნესის შენება დაიწყო.

სამშენებლო, სარემონტო და საყოფაცხოვრებო პროდუქტების მაღაზია შენს სახლთან ახლოს – ეს არის გროსსმანნი, რომელიც თბილისის მასშტაბით უკვე 3 მაღაზიას ითვლის.

დაგვაინტერესა, როგორია ვახტანგის ხელწერა ბიზნესის წარმატების ისტორიის შექმნაში და რა თანაკვეთებია კორპორაციის წესრიგსა და სტარტაპის ქაოსს შორის.

გახსოვს ის მომენტი, როცა გადაწყვიტე თეგეტადან წასვლა?

კი, რა თქმა უნდა. ზაფხული იყო. თითქოს, ჩემში რაღაც მომწიფდა – ვიგრძენი, რომ დრო იყო და მყისიერად მივიღე გადაწყვეტილება. საერთოდ, სწრაფად ვიღებ ხოლმე გადაწყვეტილებებს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მარტივი იყო.

მთელი კარიერა კორპორაციულ სექტორში გავატარე. წლების მანძილზე, თეგეტას ტოპ-მენეჯმენტში და ბოლოს მთლიანი ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი ვიყავი. 12 წლის განმავლობაში, დაუთვლელი რესურსი მქონდა ჩადებული თეგეტას წარმატებაში. ამ ყველაფრის ფონზე კი ყველაზე მტკივნეული, გუნდის, ჩემი ხალხის დატოვება იყო.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ სწრაფი გადაწყვეტილება კი იყო, მაგრამ არც ისე მარტივი.

ახლობლებმა როგორ მიიღეს ეს ამბავი?

ყველამ დიდი მხარდაჭერა გამომიცხადა. მამაჩემმაც კი, რომელიც უზომოდ ფრთხილია, პირდაპირ მითხრა – უეჭველად გამოგივა, შენს გვერდით ვარო. ამან დიდი თავდაჯერება მომცა.

თეგეტას გუნდმაც, მეგობრებმაც, ნათიამაც (არავისზე ნაკლები გულშემატკივარი და ჩემი მეუღლე) მხარი დამიჭირეს. ზოგი მეკითხებოდა კიდეც – აქამდე რატომ არ გადადგი ეს ნაბიჯი?

და რა იყო პირველი ნაბიჯები?

პირველი – ბაზრის კვლევა და ბიზნესის ხედვის ჩამოყალიბება. საინტერესო აღმოჩენებით სავსე იყო ეს ეტაპი. მთავარი მაინც ის აღმოჩენაა, რომ ბაზარი საკმაოდ ფრაგმენტულია. სექტორში, სადაც ყოველწლიური ბრუნვა დაახლოებით 15 მლრდ-ია, ტოპ-მოთამაშეებს ბაზრის 15-20% უჭირავთ. ამიტომ, ვფიქრობ, უზარმაზარი პოტენციალია ქსელური მარკეტებისთვის.

მეორე ნაბიჯი ალბათ ფორმალური ნაწილები: სახელის რეგისტრაცია, ბიზნესის რეგისტრაცია, საოპერაციო სისტემის შერჩევა, Signify-ზე რეგისტრაცია, რომ ვენდორებთან კონტრაქტები, მიღება-ჩაბარებები, HR-ული დოკუმენტები ელექტრონულად მეკეთებინა და დრო არ დამეკარგა.

შემდეგ კი დავიწყეთ ბრენდის დოკუმენტირება: ჩამოვაყალიბეთ ბრენდის კონცეფცია და ვიზუალი გზამკვლევი. ვფიქრობ ჰოლი მოტორსთან და შოთა ჩინჩალაჩესთან შესანიშნავი კოლაბორაცია გამოვიდა.

მომდევნო ეტაპი უკვე ლოკაციების არჩევა და სარემონტო სამუშაოები იყო, პარტნიორებთან/მომწოდებლებთან ურთიერთობა და პორტფელის ფორმირება.

ბრენდინგზე მუშაობა როგორი პროცესი იყო?

სტუდენტი ვიყავი, როდესაც ვიცოდი, რომ ერთ დღეს საკუთარ ბიზნესს წამოვიწყებდი და სახელი „გროსსმანნი“ იქნებოდა. არაფერი ღრმა ფილოსოფიური კონტექსტი არ აქვს ამას, ამიტომ სიღრმეებში არ შევალ.

ბრენდის მდგენელები შოთა ჩინჩალაძესთან ერთად გავნსაზღვრეთ, მერე საქმეში კუბოც (ნიკოლოზ კუმბარი) ჩაერთო და მშვენიერი ვიზუალური გზამკვლევი გამოგვიცხო.

ვიზუალურ ბრენდინგში კარგად გამოგვივიდა „გროსსმანნის“ ხასიათის გადმოცემა.

ჩვენს მაღაზიაში შემოდის ხელობის პროფესიონალიც და ჩვეულებრივი ადამიანიც, ამიტომ გვინდოდა ძალიან უშუალო, თბილი, გულღია ბრენდის შექმნა. კონკურენტებისგან ესეც გამოგვარჩევდა, ვინაიდან ბაზარი ცოტა ცივი, ზედმეტად პრაგმატული და სტერილურია, მომხმარებლის გამოცდილებაც შესაბამისი.

როგორ ითარგმნება შენ მიერ დახასიათებული ბრენდი „გროსსმანნის“ მაღაზიაში?

მინდოდა, მაღაზია ყოფილიყო ადგილი, სადაც ადამიანი შევა და თავს კომფორტულად იგრძნობს – კარგი განათება, მუსიკა, ყავა, სისუფთავე, ანუ იმის სრული საპირისპირო, რაც ელიავაზე ხდება, ან უბნის წვრილმან მაღაზიებში. თუ ელიავაზე იმიტომ მიდიხარ, რომ „გიწევს“, გროსსმანში დაგხვდება ისეთი სივრცე, რომელიც შთაგაგონებს შექმნა რაღაც ახალი, წარმოიდგინო, როგორ გამოიყენებ ამა თუ იმ ინსტრუმენტს და სიამოვნებით იშოპინგებ.

აქვე ალბათ ისიც უნდა ვთქვა, რომ ჯერ ჩანაფიქრისთვის ბოლომდე ფრთები არ შეგვისხავს. ბევრი წინაღობა გვხვდება გზაზე. მაგალითად, მუსიკა ჩავრთეთ, მაგრამ მალე მოგვმართეს – ლიცენზია გაქვთო? რაც, დამწყები ბიზნესისთვის ძვირი სიამოვნებაა. ყავის კუთხეც გვქონდა მომხმარებლებისთვის, მაგრამ პროდუქციის მოცულობამ იმდენი ადგილი წაიღო, რომ სივრცე აღარ გვრჩებოდა. ერთი სიტყვით, საწყის ეტაპზე მყოფი ბიზნესის მართვა კომპრომისებით ჟონგლიორობას ჰგავს. არაუშავს, ასე უფრო საინტერესოა.

პირველი მომხმარებელი გახსოვს?

მახსოვს. სამხედრო იყო, ზუსტი წოდება არ ვიცი. შემოვიდა მაღაზიაში და ძალიან გამიხარდაო ასეთი მაღაზია რომ გაგვიხსენით, აქვე ვცხოვრობო. მერე ჯიბიდან ამოიღო ელემენტი, ასეთი თუ გაქვთო. შვიდასნაირი ელემენტი მინახავს ცხოვრებაში და მაინც და მაინც ეგეთი არ მქონდა ნანახი. კალამში ჩასადები ელემენტი იყო და ნუ, არ გვქონდა. ჩავინიშნეთ ამ ადამიანის საკონტაქტო, გავიქეცით, დავძებნეთ, ვუშოვეთ და მოვუტანეთ ეგ ელემენტი. ძალიან ბედნიერი იყო. ჩვენ უფრო ბედნიერები.

რით განსხვავდება „დღევანდელი ვახტანგი“ კორპორაციული ვახტანგისგან?

ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ პიჯაკი აღარ მაცვია. დანარჩენი, როგორიც ვიყავი, ისეთივე ვარ. ადრეც არ მეთაკილებოდა არანაირი საქმე და ახლაც ეგრეა. საწყობშიც ვეზიდები პროდუქციას, სადისტრიბუციო მანქანაზეც ვზივარ და სალაროშიც, თუ საქმე მოითხოვს.

როგორია კარგი დღე გროსსმანნში

ჩემი საყვარელი მომენტია, როცა სალაროს აპარატიდან ქვითარი გამოდის და ხმას გამოსცემს, ბზზზზზზზზ… რაც უფრო დიდხანს ბზუის, ესეიგი მეტი პროდუქტია მყიდველის კალათში. ეგ ბზზზზზ რომ მესმის, ეგ არის კარგი დღე.

რას ნიშნავს შენთვის წარმატება?

პირველ რიგში, მოლოდინების გამართლებას გუნდისთვის. როცა ადამიანები გენდობიან და შენს გუნდს უერთდებიან, არ გაქვს ფუფუნება იმედი გაუცრუო.

მერე – რიცხვები, ფინანსები, ბიზნესშედეგები. ასეც შეგვიძლია გავზომოთ წარმატება, მაგრამ მეორე რიგში.

რას ეტყოდი ადამიანს, რომელიც დიდ კომპანიაშია, წარმატებულია, სტაბილურადაა, მაგრამ რაღაც სხვა უნდა და ვერ ბედავს?

სულ ამას ვამბობ – ერთხელ ცხოვრობ. თუ რაღაც გულით გინდა, უნდა გააკეთო. რაც არ უნდა წარმატებული იყო ერთი შეხედვით, თუ იქ არ ხარ, სადაც გულს უნდა, ეს წარმატება არაა.

[R]

ტვინის იმპლანტით ქალმა, რომელიც 17 წელი ვერ საუბრობდა, ლაპარაკი შეძლო!

მალე WhatsApp Status-ზე მუსიკის დამატებას შეძლებთ