Group Session მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმია, რომელიც ერთი გმირის ამბავს კი მიჰყვება, მაგრამ მასში შემოქმედებითი ადამიანების კრებითი სახე უფრო იკითხება. ახალგაზრდა კრეატიული ინდივიდი, სახელად ჯეოფი, თავის გრძნობებს ებრძვის და ამის ფონზე ე. წ. ჯგუფურ სესიას მართავს საყვარელ ხელსაწყოებთან. ეს საკმაოდ ნაცნობი სცენარია, რადგან შემოქმედებით ადამიანებს ხშირად აწუხებთ უძილობა, საკუთარ თავში დაეჭვება, ADHD-ის თვითდიაგნოსტირება და იდეებით გადატვირთულობა…
ზოგადად, კრეატიულ ინდუსტრიასთან დაკავშირებული ეჭვები მასობრივად გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს; თუმცა, ამავდროულად, ინდივიდუალურ დონეზე განსხვავდება კონკრეტული პიროვნების მიხედვით. უბრალოდ, მოკლემეტრაჟიან ფილმში მაქსიმალურად საერთო გრძნობებია წარმოდგენილი — მაგალითად, როგორ გვიჭირს იდეებს შორის ნავიგაცია, რეალობასა და წარმოსახვას შორის არსებული ბალანსის პოვნა. ასევე, საუბარია ცნობისმოყვარეობის საკითხზეც, როგორც ადამიანების „დამაბნეველ და შემაშინებელ“ განცდაზე.
ანიმაციაში Bohemian Rhapsody-ის სახალისო ვერსიაცაა გაცოცხლებული, რაც დამატებით ხიბლს სძენს მას.
საბოლოოდ, სიუჟეტი იმით სრულდება, რომ ჯეოფი ცნობისმოყვარეობის შიშს ამარცხებს — ხვდება, რამდენად ბუნებრივი და საჭიროც კია ის შემოქმედებითი განვითარებისთვის.