in

მიკროსათბურები ოთახის მცენარეებისთვის – ქართული კომპანია GrowGrow-ს ნაწარმი

Startauperi
Startauperi

ორი თვის წინ, ქართულ ბაზარზე კომპანია  GrowGrow  გამოჩნდა, რომელიც ოთახის პატარა სათბურებს ამზადებს. დავით ძებისაშვილისა და გიორგი ჯინჭარაძის სტარტაპი ეხმარება მსურველებს, გაზარდონ მცენარე სწრაფად, წელიწადის ნებისმიერ დროს. GrowGrow-ს ყუთები იქმნება მომხმარებელზე მორგებული ინვენტარით და გარდა დამზადება-მიწოდების სერვისისა, კომპანიას აქვს ინდივიდუალური, საკონსულტაციო მომსახურებაც. ორთვიანი ფუნქციონირების განმავლობაში, GrowGrow-ს 15-მდე ყუთი გაიყიდა, ამის შემდეგ კი, კომპანიამ დამატებითი პროდუქტების – სასუქები, ქოთნები, ნათურები – რეალიზებაც დაიწყო. იქცევა თუ არა ახალბედა ბიზნესი მცენარეთა მოვლის სრულყოფილ სერვისად? სტარტაპის დაწყებასთან და განვითარებასთან დაკავშირებულ დეტალებზე მარკეტერი დავით ძებისაშვილს ესაუბრა:

M: რა გამოცდილება გქონდათ ბიზნესის კეთების ან მცენარეთა მოვლის კუთხით? რატომ გადაწყვიტეთ შეგექმნათ GrowGrow? 
აქამდე ბიზნესი არ გვქონია, მცენარეთა მოვლის მხრივ კი გვქონდა დიდი გამოცდილება. ბებია ბიოლოგი იყო, ჩემი ძმაც, მთელი ცხოვრება მცენარეებთან მქონდა შეხება და ვიცი, ზამთარში რამდენად უჭირთ მათ მზის გარეშე, რა სასუქი რა დოზით სჭირდებათ და ა.შ. ბაზარზე არ არსებობდა მსგავსი პროდუქტი, კუსტარული ნათურებით აკეთებდნენ და აქამდე, არავის გამოუყენებია ლედ ნათურები, ამ მიმართულებით. ქართული გროუბოქსის იდეა გაჩნდა ზამთარში, როდესაც არ იყო საშუალება მცენარე გაგეზარდა ნორმალურ პირობებში. ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობდა ამაზე, მათ შორის, ჩვენი მეგობრები, მათი მეგობრები და დიდი მოთხოვნა იყო, თუმცა, მიწოდება არ არსებობდა.

M: რა გზა განვლო იდეამ გაჩენიდან შესრულებამდე?
ძალიან მარტივად სათქმელი, ძალიან რთული გასაკეთებელი გამოდგა, თუმცა, დიდი შრომის შედეგად, პირველმა გროუბოქსმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია. შემდეგ კი, დავიწყეთ ახალი საქონლის გაყიდვა, როგორიცაა, მაგალითად: ნათურები, სასუქები, ქოთნები და ა.შ. არა მხოლოდ ზამთრის, არამედ, ნებისმიერ პერიოდში შეგვიძლია დავეხმაროთ მსურველს იმაში, რომ მისი მცენარე უკეთესი იყოს, თუ მზე აკლია ხელოვნურად შევუქმნათ ის, ან, თუ სასუქი სჭირდება მივაწოდოთ. მიწაც გვაქვს, ქოთნებიც.

M: პროდუქცია მთლიანად საქართველოში იწარმოება? მიკრო სათბურების შექმნისას, ითვალისწინებთ თუ არა საერთაშორისო სტანდარტებს?
პროდუქციას თბილისში ვამზადებთ, მხოლოდ ნათურებს ვიწერთ უცხოეთიდან. გროუბოქსების შექმნასთან დაკავშირებული ჩვენი ცოდნა ინტერნეტში განთავსებულ ინფორმაციას ეყრდნობა და საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

M: როგორია ინდივიდუალური, საკონსულტაციო მომსახურებასთან დაკავშირებული დეტალები და რა მიმართულებით გეგმავთ GrowGrow-ს გაზრდას? 
ამ სფეროში არ არის სათანადო გამოცდილება, ეს ახალი პროდუქტია ბაზარზე, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვხვდებით მომხმარებელს, უმეტეს შემთხვევაში, ვუხსნით სიტუაციას. ბევრი რამ წერია ინტერნეტში, თუმცა, მათზე მორგებულ ინფორმაციას ჩვენ ვაწვდით. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, გვინდა, გავხსნათ შოურუმი, რადგან გროუბოქსი შედარებით უცხო პროდუქტია ქართულ ბაზარზე და მომხმარებელი ყიდვამდე, არამხოლოდ ინტერნეტის საშუალებით უნდა გაეცნოს მას.

ქეთევან პაპიაშვილი – #პირველისამსახური

ქეთევან ქავთარაძე სააგენტო branding.ge-ს აღმასრულებელი დირექტორია