NASA-მ ახალი სუპერშენადნობი GRX-810 შემოგვთავაზა, რომელიც, დიდი ალბათობით, სრულად შეცვლის თვითმფრინავებისა თუ კოსმოსური ხომალდების აგების მეთოდებს. ამჟამინდელი 3D პრინტერით მიღებული მეტალის ნაწილები 2000 გრადუსამდე ტემპერატურას უძლებს, რაც ექსტრემალურ პირობებში მის გამოყენებას ზღუდავს. NASA-ს თქმით კი, „ახალი საოცარი მასალა 2-ჯერ უფრო ძლიერია, 1000-ჯერ მეტად გამძლე და 2-ჯერ მეტად მდგრადი ჟანგვის მიმართ“.
თუ მასალა უფრო მაღალ ტემპერატურას გაუძლებს, ეს იმას ნიშნავს, რომ დიზაინერებს მეტად მსუბუქი კოსმოსური ხომალდების შექმნა შეეძლებათ. ეს ყველაფერი კი უფრო მეტი ტვირთის წაღების საშუალებას მისცემს მეცნიერებს; რომ აღარაფერი ვთქვათ გაუმჯობესებულ სიჩქარეზე, რაც დრამატულად შეცვლის თვითმფრინავებისა და რაკეტების შესაძლებლობებს.
„GRX-810-ის გამოგონება აღწევს 3D ბეჭდვის მნიშვნელოვან წერტილს. ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ მეტალში ნანომასშტაბის მქონე ოქსიდების ჩართვა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა მის ტემპერატურულ თვისებებს. საქმე მხოლოდ ამის გაკეთების მეთოდს ეხებოდა. ამ შენადნობში არსებული ოქსიდის ნაწილაკები მისი სიძლიერის, ტემპერატურის გამძლეობისა და მდგრადობის გასაღებია. გუნდმა თანამედროვე კომპიუტერული მოდელირება გამოიყენა, რათა შენადნობის კომპლექსური ფენები დაეორგანიზებინა და ლაზერები საჭირო კომპონენტების გასაერთიანებლად გამოეყენებინა“, — აცხადებს ტიმ სმიტი, კვლევის წამყვანი ავტორი.
მარტივად რომ ვთქვათ, ნებისმიერი რამეს, რაც ახლა ხელით საკმაოდ შრომატევად მუშაობას მოითხოვს, შეუძლია, ამ მიდგომით ისარგებლოს. იმასაც კი ამბობენ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტექნოლოგიური მასალა იქნება ნასას ისტორიაში… კიდევ უფრო შთამბეჭდავი ის არის, რომ GRX-810-ის რეალურ ეფექტს რამდენიმე წელში კი არა, მომდევნო 2 ან 3 თვეში ვიხილავთ.