in ,

NASA-ს აღიარება! 22 წლის გიორგი მჭედლიშვილის სიტყვა მომავლის აერონავტიკაში!

გიორგი მჭედლიშვილი

NASA-ს აერონავტიკის კონკურსი წარმოადგენს „ამერიკის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს” მიერ გამოცხადებულ წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას. წელს, მასში მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტის როგორც ბაკალავრატის, ასევე, მაგისტრატურის გუნდები. როგორც გაირკვა, ეს იყო საბოლოო გამოწვევა რომელიც NASA-მ გამოაცხადა და ის მომავალ წლებში აღარ ჩატარდება. 22 წლის გიორგი მჭედლიშვილი კოლუმბიის უნივერსიტეტის საინჟინრო სკოლის სტუდენტია, მისმა გუნდმა, NASA-ს კონკურსში ტექნიკურ ნაშრომ „გრიფონის” წარდგენის შედეგად გაიმარჯვა. მათ მიერ შემუშავებული კომერციული თვითმფრინავის ახალი მოდელი მოიხმარს ნაკლებ საწვავს, იწვევს ნაკლებ ხმაურს და რაც მთავარია, 80%-ზე მეტით ამცირებს მავნე ნივთიერებების გამონაბოლქვის სახით გამოყოფას, ეს უკანასკნელი კი უშუალოდ, კოლუმბიის უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტის დამსახურებაა. როგორია ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის განვლილი გზა, ჰიბრიდი თვითმფრინავის მოდელის შექმნის საჭიროება და როდისთვის იგეგმება NASA-ს მიერ აღიარებული პროექტის იმპლემენტაცია – ამ საკითხებზე მარკეტერი „გრიფონის” ერთ-ერთ შემქმნელს – გიორგი მჭედლიშვილს ესაუბრა: 

გიორგი მჭედლიშვილი

M: მოგვიყევით თქვენს გზაზე კოლუმბიის უნივერსიტეტამდე.. რამ გამოიწვია თქვენი ინტერესი ფიზიკა-მათემატიკის მიმართ?
ფიზიკა-მათემატიკის და ზოგადად მეცნიერებისადმი ინტერესი ბუნებრივია. ადამიანი მუდმივად უნდა ცდილობდეს როგორც საკუთარი თავის, ისე გარე სამყაროს შემეცნებას. აღნიშნულის განხორციელებაში მეცნიერების წვლილი ფასდაუდებელია და შესაბამისად, ინტერესიც გამუდმებით ძლიერია. რაც შეეხება განვლილ გზას, დავამთავრე თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის #42 საჯარო სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩავირიცხე Earlham College-ში და სწავლა ფიზიკა-მათემატიკის კუთხით განვაგრძე. მეორე კურსზე, მაღალი აკადემიური მოსწრების გამო, შესაძლებლობა მომეცა მონაწილეობა მიმეღო 3-2 საინჟინრო პროგრამაში, რაც გულისხმობდა ჩემს 3 წლიან სწავლებას Earlham (ერლჰამ) College-ში და 2 წლიანს კოლუმბიის უნივერსიტეტში, იმ პირობით, რომ 5 წლის თავზე 2 სრულფასოვანი ბაკალავრიატის დიპლომს ავიღებდი. ასეც მოხდა, გადმოვედი კოლუმბიის უნივერსიტეტის საინჟინრო სკოლაში, თუმცა, ამჯერად, სწავლა “ოპერაციების კვლევის” – Operations Research მიმართულებით განვაგრძე. კოლუმბია აღნიშნულ დარგში ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიში.

M: როგორ გაჩნდა „გრიფონის” კონცეფცია და როგორი იყო პროექტზე მუშაობის პროცესი?
გასულ სექტემბერს, ჩემმა მეგობარმა, ილონ გორდონმა, მითხრა NASA-ს გამოწვევის შესახებ და იმის შესახებ, რომ სტუდენტთა პატარა გუნდი აპირებდა აღნიშნულ გამოწვევაში მონაწილეობის მიღებას. შემომთავაზა, ერთად გვემუშავა აღნიშნულ პროექტზე. როგორც უკვე აღვნიშნე, შევიცვალე პროფესია, ანალიტიკური მეთოდების გამოყენებისა და შესაბამისად, სისტემის ოპტიმიზაციის მიმართულებით. მიუხედავად ამისა, ჩემი ინტერესი ფიზიკისადმი  და დამოკიდებულება პროგრესისადმი, რა თქმა უნდა, არ შეცვლილა, მით უფრო მაშინ, როდესაც დავინახე რომ არსებობდა თუნდაც ძალიან პატარა შანსი, ჩვენი წვლილი შეგვეტანა მომავლის აერონავტიკის განვითარებაში. კოლუმბიის უნივერსიტეტმა NASA-ს ამ გამოწვევაში პირველად მიიღო მონაწილეობა. განსხვავებით, სხვა წამყვანი უნივერსიტეტებისგან, სადაც სტუდენტებს სპეციალური კურსები უტარდებათ აღნიშულ გამოწვევაში მონაწილეობის მისაღებად, ჩვენ ვმოქმედებდით მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ენთუზიაზმიდან გამომდინარე. ტექნიკური ნაშრომის მომზადების პროცესში, რამდენიმეჯერ ჩავაბარეთ მოხსენება ჩვენი გუნდის, “კოლუმბიის კოსმოსური ინიციატივის” აკადემიურ მრჩეველს, რომელიც ყოველთვის მხარში გვედგა და რჩევებს გვაძლევდა.

M: რამდენი ადამიანი მუშაობდით მოდელის შექმნაზე, რა დრო დასჭირდა ტექნიკური ნაშრომის დასრულებას და როგორია თქვენი წვლილი თვითმფრინავის ახალი მოდელის შექმნის საკითხში?
მოდელის შექმნაზე 12 კაციანი ჯგუფი ვმუშაობდით, რომელიც შედგებოდა სამი გუნდისგან: ძრავის, აეროდინამიკის და აეროდიზაინის. ტექნიკური ნაშრომი 9 თვეში შეიქმნა. მე და ილონ გორდონი ძრავის გუნდის თანახელმძღვანელები ვიყავით. უშუალოდ, მე ვმუშაობდი ძრავაში, წვისა და გაგრილების სისტემების ოპტიმიზაციაზე. სწორედ, წვის გაუმჯობესების შედეგად, მავნე ნივთიერებების გამოშვება 80%-ზე მეტით შევამცირეთ და შესაბამისად, დავაკმაყოფილეთ NASA-ს უმთავრესი მოთხოვნა. ამავდროულად, საგრძნობლად შევამცირეთ საწვავის მოხმარება.

M: რა პრობლემას ჭრით „გრიფონის” გამოგონებით?
მომავალი კომერციული თვითმფრინავი, “გრიფონი”, მოიხმარს ნაკლებ საწვავს, უმნიშვნელოდ აბინძურებს გარემოს და საგრძნობლად ამცირებს გამოწვეულ ხმაურს. ყველა ამ კომპონენტის დაკმაყოფილება იყო აუცილებელი რათა NASA-ს განეხილა ჩვენი ნაშრომი. “გრიფონი” ჰიბრიდი თვითმფრინავია და სწორედ, ამ მიმართულებით უნდა განვითარდეს ავიაცია. ჩვენს პლანეტაზე ყოველწლიურად უარესდება ვითარება ეკოლოგიური კუთხით  და საუკუნის ამ პერიოდში, სასიცოცხლოდ აუცილებელია ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე ნელ-ნელა გადასვლა.

M: როდისთვის იგეგმება „გრიფონის” იმპლემენტაცია?
საუბარია აღნიშნული მოდელის იმპლემენტაციაზე 2025-2035 წლებში, თუმცა მოვლენებს წინ არ უნდა გავუსწროთ.

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაში მონაწილეთათვის რეგისტრაცია გრძელდება 17 სექტემბრამდე

მსოფლიო დონის ექსპერტ გარეტ ჯონსტონის მასტერ-კლასი სტრატეგიულ მარკეტინგში