4
Apr
2017

5 აპრილიდან! უფასო საჯარო ლექციების სერია პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირების შესახებ

4 Apr 2017

ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონის ძალაში შესვლის და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებლების მხრიდან მათი უფლებების დაცვის ღონისძიებების გატარებამ მნიშვნელოვანი ფინანსური და სამართლებრივი გამოწვევების წინაშე დააყენა მცირე და საშუალო ბიზნესი. სწორედ ამიტომ, 100-ზე მეტ ბიზნესთან პირდაპირი კომუნიკაციისა და პრაქტიკული ქეისების ანალიზის შედეგად, დაიგეგმა საჯარო სემინარების ჩატარება პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირების შესახებ. სემინარებს გაუძღვება „სქაი ჰაის“ მმართველი პარტნიორი, თორნიკე თოხაძე. ლექციები საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის (GSMEA) და ასოციაციის პროვაიდერის, IT სერვისების კომპანია SKY HI-ის ორგანიზებით ხორციელდება და მასზე დასწრება მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელები, დირექტორები და ტოპ მენეჯმენტის წარმომადგენლებისთვის უფასოდ არის შესაძლებელი. ლექციები მსმენელებს დაეხმარება გაერკვნენ, რა განსხვავებაა ფასიან და უფასო პროგრამულ უზრუნველყოფას შორის, როგორია ლიცენზირების მეთოდები და მათ შორის განსხვავებები, როგორ დავზოგოთ ლიცენზირების ბიუჯეტი და ა.შ. დეტალებზე GSMEA-ს დირექტორს მიხეილ ჭელიძეს ვესაუბრეთ.

M: რა პრობლემები არსებობს ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესში, ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფით სარგებლობასთან დაკავშირებით?

საქართველოში არსებობს კანონი ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ. ვინაიდან კომპიუტერული პროგრამები (Windows, Word, Excel და ა.შ.) ითვლება ინტელექტუალურ საკუთრებად, მისი ულიცენზიოდ გამოყენება კანონით ისჯება. აღნიშნული კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ბიზნესი დადგა მნიშნვნელოვანი ფინანსური და სამართლებრივი პრობლემების წინაშე, რადგან ერთი კომპიუტერის გალიცენზირება 600$ და მეტი ჯდება, აღნიშნული თანხა დამოკიდებულია მრავალ ნიუანსზე.

ამ საკითხთან დაკავშირებით, მიმდინარეობს სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება ეკონომიკის სამინისტროში, სადაც GSMEA და GSMEA-ს პროვაიდერი IT სერვისების კომპანია Sky Hi აქტიურად არიან ჩართულები.

პროგრამული უზრუნვეყოფის ულიცენზიოდ გამოყენება წარმოადგენს საავტორო უფლებების დარღვევას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება კანონდამრღვევი ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირზე.

იურიდიული რისკების  გარდა, არალიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება დაკავშირებულია სხვა საფრთხეებთანაც, მაგალითად, ვერავინ აიღებს იმის პასუხისმგებლობას, რომ არალეგალური გზით მიღებული პროგრამული უზრუნველყოფა არ შეიცავს რაიმე სახის მავნე ან საშიშ პროგრამებს, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ორგანიზაციის საქმიანობას.

ასევე, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ტექნიკური მხარდაჭერის უქონლობა: არცერთი მწარმოებელი არ უზრუნველყოფს არალიცენზირებული პროდუქტების ტექნიკურ მხარდაჭერას, ეს კი ტექნიკური პრობლემის დადგომის შემთხვევაში აფერხებს ორგანიზაციის მუშაობას, რამეთუ პროგრამული უზრუნველყოფის არალეგალურ მომხმარებელს დამოუკიდებლად მოუწევს ტექნიკურ პრობლემებთან შეჭიდება. იმ შემთხვევებში კი, როცა პრობლემის გადაწყვეტა საჭიროებს მწარმოებლის მიერ სპეციალურად გამოშვებული განახლების დაყენებას – პრობლემა საერთოდ გადაუჭრელი დარჩება, რადგან განახლებებზე წვდომა მხოლოდ პროგრამის ლეგალურ მომხმარებლებს აქვთ ხოლმე.

M: რას ეხება ტრენინგი და ვინ უკეთებს ორგანიზებას?

GSMEA-მ წარადგინა ახალი სტრატეგია B4B „ბიზნესი ბიზნესისთვის“, რომლის ფარგლებში წარმატებული ბიზნესები ხდებიან ჩვენი ასოციაციის პროვაიდერები და ეხმარებიან ბაზარს. ამ სტრატეგიის ფარგლებში გაწეული მომსახურება GSMEA-ს წევრებისთვის არის უფასო. ამავდროულად მინდა აღვნიშნო, რომ GSMEA-ს ასოცირებული წევრობა არის უფასო.

პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირებასთან დაკავშირებით GSMEA-ს პროვაიდერი და ტრენინგის ინიციატორია IT სერვისების კომპანია Sky Hi.

ჩვენი B4B სტრატეგიის მიხედვით, ტრენინგები არის უფასო.

ტრენინგი ეხმაურება საქარძთველოს მცირე და საშუალო ბიზნესების სექტორში არსებულ პროგრამულ უზრუვნელყოფის ლიცენზირებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

ტრენინგზე განხილული იქნება: რა გამოწვევები და რა საფრთხეები არსებობს ბაზარზე და ამასთანანვე, საუბარი იქნება იმაზე, თუ რა უფასო და ხელმისაწვდომი ალტერნატივები, შესაძლებლობები და პრობლემის გადაჭრის გზები არსებობს ბაზარზე.  

M: ვისთვის არის განკუთვნილი ტრენინგი?

ტრენინგი განკუთვნილია ყველასთვის, ვინც მოღვაწეობს მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორში და თვლის რომ ეს საკითი მისთვის მნიშვნელოვანია.

M: როდის და როგორ შეიძლება ტრენინგზე მოხვედრა?

ამ ეტაპისთვის ტრენინგი დაგეგმილია 5 აპრილს 16:00 საათზე, ტექნო პარკში. B4B სტრატეგია გულისხმობს ბაზარზე ასრებული გამოწვევების მაქსიმალურად დაკმაყოფილებას, ამიტომ ტრენინგები დაიგეგმება ბაზარზე არსებული მოთხოვნის მიხედვით და გაგრძელდება მანამ, სანამ ბაზარზე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. ტრენინგზე რეგისტრაცია უფასოა, დასასწრებად აუცილებელია დაინტერესებულმა პირმა შეავსოს ჩვენი სარეგისტრაციო ფორმა.

განხილვა