Gucci-ს წარსულის, აწმყოსა და მომავლის ვიტრინა თავისივე ციფრულ პლატფორმაზეა წარმოდგენილი, როგორც NFT ნამუშევრები. ციფრული ხელოვნების ბაზარზე SuperRare-თან თანამშრომლობით, ბრენდმა შექმნა გამოფენა, სახელწოდებით „გუჩის შემდეგი 100 წელი“.
ზემოხსენებული პლატფორმა Vault Gucci-ს კრეატიულმა დირექტორმა ალესანდრო მიკელემ 2021 წელს შექმნა, ბრენდის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად. ახლა კი, როდესაც ის ახალ ასწლეულში შედის, კომპანია თავის ისტორიასა და მომავალს ციფრული ხელოვნებით ზეიმობს. კოლექციაც აუქციონზე პირდაპირ Vault-ის ვებგვერდიდან იყიდება.
საგულისხმოა, რომ ბრენდმა სპეციალური ინტერპრეტაციების შესაქმნელად რამდენიმე ხელოვანი მოიწვია. მათ შორის არიან ალანა ვანაკორი, D. ARTA, ტაილერ სპანგლერი და სხვა. მაგალითად, ვანაკორის Gucci Glitch Frame ფერად და ძველმოდურ სტილს ასახავს, ბამბუკის ჩარჩოში მოთავსებული ქალის პორტრეტით. ხოლო საშა კაცი ბრენდის მომავალს წარმოგვიდგენს, რომელშიც ბიონიკური დიზაინია ასახული, GG მონოგრამით.
მთლიანობაში, ეს არის გუჩის პირველი ნაბიჯები მეტავერსში და როგორც მოდის ექსპერტები იმედოვნებენ, ბრენდი კიდევ უფრო მეტად გაიზიარებს თანამედროვე ტენდენციებს. ალბათ, ყოველთვის სწორედ ეს მიმღებლობა ეხმარებოდა მას მუდმივ განვითარებაში. ეს უახლესი ეკლექტიკური ნაზავი კი შესანიშნავად ასახავს Gucci-ს ერთგვარ ფუტურისტულ სულს, ისტორიასა და მომავალს, რომელიც მის სახელს შეესაბამება.