in

ჯაზი კავკასიონის ხედით – გუდაურში პირველი ზამთრის ფესტივალი ჩატარდა

Photo By SoundCity

24-25 თებერვალს, გუდაურში პირველი ზამთრის ჯაზ ფესტივალი ჩატარდა. Eastern Promotion-ის გუნდი, 90-იანი წლების ბოლოდან დაწყებული ცდილობს ჯაზ ფესტივალების სერიის გაფართოვებას – 2007 წელს ჯერ ბათუმში, 2016 წლიდან კახეთში, წელს კი პირველად ზამთრის სეზონზე, გუდაურში ჩატარდა. გარდა მდებარეობისა, რა თქმა უნდა განსხვავდება ამ ფესტივალების მუსიკალური მიმართულებებიც. თუ თბილისის ჯაზ ფესტივალს ძირითადად დარბაზები მასპინძლობენ და უმეტესად კლასიკური ჯაზის შემსრულებლები სტუმრობენ, განსხვავებული სიტუაციაა ბათუმში, სადაც ღია ცის ქვეშ ჯაზს ფანკი, სოული და ჰიპ-ჰოპიც ემატება, ასევე მრავალფეროვანია Jazz & Wine-ის ფესტივალი შემოდგომისას. კიდევ უფრო განსხვავებული, გუდაურზე და ზამთრის სეზონზე მორგებული პროგრამირება შემოგვთავაზეს ორგანიზატორებმა თოვლით სავსე კურორტზე.

ფესტივალის ტერიტორიისთვის სასტუმრო „Carpe Diem“-ის მიმდიბარე სივრცე შეირჩა. დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ამ ადგილზე ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობდა – რა თქმა უნდა თოვლს ვერ გააქრობ და ამაზეც არავის უფიქრია, თუმცა ჩატარდა საკმაოდ დიდი დეკორატიული სამუშაოები, რათა ფესტივალის სივრცე მაქსიმალურად გალამაზებულიყო და სცენის წინ ადგილი მომავალი მოცეკვავეებისთვის მომზადებული ყოფილიყო.

Photo By SoundCity 

პირველ დღეს ღონისძიება 14:00 საათიდან დაიწყო –  სასრიალო ტრასებთან ახლოს მოწყობილი სცენიდან აფრო-ამერიკული გრუვის ხმა ისმოდა. სხვა ჯაზ ფესტივალებისგან განსხვავებით, გუდაურში ეს ნაწილი DJ-ებმა გადაიბარეს – საერთაშორისო მუსიკალური სელექტორების თანავარსკვლავედის პროგრამას ქართველი კოლეგა, DJ Soulidan კურირებდა, რომელმაც დაიწყო კიდეც დღის საათებში ხალხის შემზადება. ამას მალევე მოჰყვა პარიზელი დიჯეისა და პროდიუსერის DJ Afshin-ის შერჩეული გასაოცარი მუსიკა – ეს ადამიანი პარიზის ლეგენდარული კლუბის და ლეიბლის, Djoon-ის დამფუძენებელია, რომლის ფარგლებშიც, საცეკვაო მუსიკის თითქმის ყველა მნიშვნელოვან ფიგურასთან ერთად, 20 წლის განმავლობაში საფრანგეთის დედაქალაქის ერთ-ერთ გამორჩეულ წვეულებებს მართავს. მისმა სეტმა და მუსიკამ უფრო მეტი ადამიანი მოიზიდა სათხილამურო ტრასებიდან. მას მალევე მოჰყვა ასევე პარიზელი გრეგ გოტიე, რომელიც წლების განმავლობაში ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული რადიოწამყვანი და საცეკვაო საღამოების პრომოუტერი იყო. მისმა სელექციამ გააძლიერა წინ გამოსული კოლეგების მუხტი, დაუმატა რა ნიუ-ჯერსის ცნობილი Garage House-ის ენერგია – უკვე აშკარად იგრძნობოდა თუ რა განვითარება ექნებოდა აღნიშნულ საღამოს.

Photo By SoundCity

18:00 საათს დიდი მონდომებით ველოდი, ჩემთვის მნიშვნელოვანი პერსონალური მიზეზების გამო – დიჯეი სცენაზე ლონდონის გამორჩეული მუსიკალური ხმა, ლეგენდარული Kaidi Tatham დადგა. მუსიკოსი, პროდიუსერი და დიჯეი, რომელმაც 90-იანი წლების დასაწყისიდან განსაზღვრა ბრიტანული როგორც საცეკვაო, ასევე ჯაზ მუსიკის სცენის ფორმირება. სხვადასხვა პერიოდში იგი იყო ისეთი კოლექტივების წევრი, როგორიცაა The Herbaliser, Bugz In Attic, Neon Phusion – 2000-იანი წლების დასაწყისდან კი აქტიურად თანამშრომლობს ლეიბლთან 2000Black  და მის დამაარსებელთან დენის „Dego” მაკფარლეინთან, რომლეთან ერთადაც ლონდონის Broken Beat-ის მუსიკალური სცენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მიუხედავად იმისა, რომ Kaidi გუდაურში არა თავისი მუსიკით, არამედ DJ სეტით გვესტუმრა, უნდა ითქვას, რომ ესეც არანაკლები ემოციური გამოცდილება გამოდგა. მის 3 საათიან სელექციაში ყველაფერი მოხვდა – ფანკი, დისკო, სოული, ჰაუსი, ჯაზი, ლათინური და ბრაზილიური მუსიკა – მოკლედ ის რაც გრუვმოყვარულთა საზოგადოებას კარგი გართობისთვის სჭირდება. ნელ-ნელა ხალხითაც გაივსო ფესტივალისთვის გამოყოფილი გარე სივრცე, სადაც  სპეციალურად ფესტივალისთვის გამოყოფილი საკვები სივრცეები სათხილამურო სრიალის შემდეგ სტუმრების დაპურებას უზრუნველყოფდნენ. ლონდონელ სტუმართან ერთად, სცენაზე წინა გამომსვლელი დიჯეებიც იდგნენ, ერთობოდნენ და პერიოდულად ერთმანეთს ენაცვლებოდნენ – ამ პროცესმა აუდიტორიაში საერთო განწყობაც აამაღლა, სადაც სხვადასხვა ასაკის ადამიანები ერთად ერთობიდნენ და არავის აფიქრდებოდა რომ ალბათ -2 გრადუსში უწევდათ საათობით ყოფნა – კარგი მუსიკის ძალამ, ყველას სიცივის მიმართ რეზისტენტულობა შესძინა.

Photo By SoundCity

სცენას ბოლო გამომსვლელად SOULIDAN დაუბრუნდა დეკებს. ამჯერად მას ნიუ-ჯერსიდან ლეგენდარული ჰაუს მუსიკის ვოკალისტი, კენი ბობიენი ახლდა, რომელიც  დღემდეKing of Gospel House Music-ის ტიტულს ატარებს. კენის ხმა გამორჩეულია როგორც ანდერგრაუნდ საცეკვაო მუსიკის სცენაზე, ასევე როგორც ბექგრაუნდ ვოკალისტი RnB მუსიკაში, რომელმაც იმუშავა ისეთ ლეგენდარულ შემსრულებლებთან, როგორებიც არიან ტედი პენდერგრასი, სელინ დიონი და ა.შ. მისი Soulful შესრულება, 8 საათიანი საცეკვაო მხიარულების პიკი აღმოჩნდა.

Photo By SoundCIty

იმავე ღამეს, ფესტივალის სტუმრების ნაწილმა სასტუმრო „Carpe Diem“-ის შიდა სივრცეში გადაინაცვლა, სადაც ფესტივალის პროგრამაში ერთადერთი ბენდის კონცერტი გველოდა. ამერიკელი კლავიშისტის, სკოტ კინზის პროექტით „We Speak Luniwaz, ლეგენდარული ჯო ზავინულის მუსიკა სრულდებოდა. კინზის პროექტს გუდაურში ნიჭიერი მუსიკოსები შეუერთდნენ –  სიმუს ბლეიქი – ტექნორ საქსაფონზე, ფრანცისკო ფატორუსო – ბას გიტარაზე და ნიკოლას ვიკარო დრამზე, რომელიც წარსულში ჯონ მაკლაფინთან, რიჩარდ ბონასთან და მაიკ სტერნთან თანამშრომლობდა.

Photo By SoundCity

აღნიშნული პროექტის სტუდიური ჩანაწერი 2019 წელს შეიქმნა, თუმცა ცოცხლად შესრულება მაინც განსაკუთრებული მოსასმენი იყო. დინამიკა და მუსიკოსებს შორის გაგება სრულიად ახალ დონეზე ტრიალებდა. რა თქმა უნდა კლავიშის დომინაცია იგრძნობოდა, თუმცა ახალგაზრდა მუსიკოსებსაც მიეცათ საკუთარი თავის გამოჩენის საშუალება. ერთადერთი ვფიქრობ თავად სივრცის განთავსება შეიძლება უკეთესი ყოფილიყო, თუ მაგიდების ნაცვლად ადამიანების ფეხზე იდგებოდნენ და მუსიკას სრულად შეიგრძნობდნენ.

Photo By SoundCity

მეორე დღის მთავარი სცენის პროგრამა შედარებით მოკლე, თუმცა ისევე ეიფორიული იყო – გარე სივრცეში აუდიტორიის გულებს DJ Spen იპყრობდა, რომლის კარიერაც 40 წელს ითვლის, დაწყებული ჰიპ-ჰოპიდან, დასრულებული საცეკვაო მუსიკის ჰიტებით და რემიქსებით – მას ამ სივრცეში უკვე ლეგენდარული სტატუსი აქვს. Spen-თან ერთად იყო ლეგენდარული ვოკალისტი ჯოშ მილანი, ამჯერად ისიც დიჯეი სეტით. დასკვნითი  სეტით Soulidan, რომელსაც ამ შესანიშნავი პროგრამის შედგენისთვის განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის. ჯაზი ყველაფრის ფუძეა, იგი გაგრძელებას პოულობს ფანკში, დისკოში, სოულში, ჰიპ-ჰოპში და რა თქმა უნდა თანამედროვე აფრო-ამერიკულ საცეკვაო მუსიკაშიც – რაც გუდაურის ატმოსფეროს ძალიან მოუხდა.

ასეთი იყო პირველი ზამთრის ჯაზ ფესტივალი, რომლის ადგილიც როგორც ვხვდები შეიძლება პერიოდულად შეიცვალოს. მსმენელს კი შემდეგი სეზონისთვის, ამჯერად თბილისის ფესტივალისთვის მზადება უკვე შეუძლია დაიწყოს.

 


შექმნეს ახალი ამბების შემაჯამებელი AI პლატფორმა — Particle News

Odysseus-ის მთვარის ლენდერმა პირველი ფოტოები გამოგზავნა!