in

Guerlain – გემოვნებისა და შემოქმედების ორსაუკუნოვანი ისტორია

1828 წლიდან, Guerlain-ის ისტორია გამოირჩეოდა იმ შემოქმედებით, რომლის თანამედროვე და ინოვაციურმა სულისკვეთებამ მოიცვა და გაიარა საუკუნეები. ბრენდის ქმნილებებიდან ზოგიერთი დღემდე რჩება თანამედროვე სილამაზის ეტალონად. სანამ თქვენ დილის გემრიელ ყავას იმზადებთ, ჩვენ ამ ორსაუკუნოვან ბრენდზე მოგიყვებით.

ეს ამბავი ოჯახურ ბიზნესზეა. გერლენების ხუთი თაობა კომპანიას დიდი ხნის განმავლობაში უძღვებოდა. ბრენდი 1828 წლით თარიღდება. სწორედ ამ დროიდან იწყება მისი ისტორია, როცა პიერ-ფრანსუა პასკალ გერლენმა პარიზში სუნამოების მცირე ბიზნესი წამოიწყო. გერლენი გახლდათ პარფიუმერიის ოსტატი, რომელიც ქმნიდა სუნამოებს მდიდარი და ცნობილი ადამიანებისათვის, ალბათ, ამ ჩამონათვალიდან მხოლოდ ნაპოლეონ III-ისა და დედოფალ ვიქტორიას სახელების ხსენებაც კმარა. პარფიუმერის მაღაზია სწრაფად იქცა სასურველ ადგილად, სადაც პარიზული ელიტა და მდიდარი ინგლისელი მოგზაურები იკრიბებოდნენ კრემების, მაკიაჟისა და სუნამოების შესაძენად.

პიერ-ფრანსუა პასკალ გერლენმა, ევგენიას, ნაპოლეონ III-ის მეუღლეს მიუძღვნა იმპერატორ ოდეკოლნი, რითაც მოიპოვა ტიტული „მისი უდიდებულესობის ოფიციალური პარფიუმერი“. ბოთლის დამზადება გერლენმა მიანდო Pochet du Courval-ის მინის ქარხანას. ბოთლის დიზაინი ფუტკრებით იყო შემკული, ჰქონდა ოქროსა და ფესტონის მოტიფი. ვიზუალი შთაგონებული იყო Vendôme-ის სვეტით.

1914 წელს, Champs-Elysées-ის გამზირზე, გერლენის ოჯახმა ააშენა საკუთარი სასტუმრო, გამორჩეული შენობა, რომელიც რეგისტრირებულია Inventaire Supplémentaire des Monuments Historiques-ში (საფრანგეთის ისტორიული ძეგლების სიაში). სწორედ აქედან დაიწყო გერლენის სახლის ახალი ისტორია და გაფართოება პარიზიდან მთელ მსოფლიოში.

პიერ-ფრანსუა პასკალმა თავისი ცოდნა გადასცა შვილს, ეიმეს, რომელიც თავის მხრივ ასწავლიდა თავის ძმისშვილს ჟაკს. წლების შემდეგ, ჟაკმა ოჯახური პარფიუმერული საიდუმლო უსახსოვრა შვილიშვილს, ჟან-პოლს. 1994 წელს კი ჟან-პოლმა კომპანია მიჰყიდა მრავალეროვნულ LMVH-ს.

დაარსებიდან 184 წლის განმავლობაში, Guerlain-მა შექმნა 325-ზე მეტი სხვადასხვა სუნამო და დღემდე ინარჩუნებს თავის საკუთრებას ფუფუნების სუნამოების ბაზარზე.

რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.

უნდა გააკრიტიკონ თუ არა დიზაინერებმა სხვების ნამუშევრები?

დროში მოგზაურის ამბავი, როგორც საშობაო რეკლამა