9
Aug
2019

როგორ მივიღოთ შემოსავალი სახლში სტუმრების მიღებით? – ქართული გასტროტურისტული პლატფორმა GuestMe

9 Aug 2019

Startauperi
Startauperi


ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში ტურისტული ნაკადი შესამჩნევად იზრდება. ამ მატებასთან ერთად, საქართველო, როგორც მასპინძელი ქვეყანა მომსახურების სფეროსაც თანდათან აუმჯობესებს. ტურიზმში ჩართული ადამიანებიც სულ უფრო მკაფიოდ აცნობიერებენ, რომ შესანიშნავ ხედებთან, სახელგანთქმულ ხინკალთან და ხაჭაპურთან ერთად, საქართველოს სტუმარს სჭირდება შთაბეჭდილება, ერთგვარი WOW ეფექტი, რაც მას შეაყვარებს ჩვენს ქვეყანას და კვლავ მოანდომებს აქ დაბრუნებას. თუმცა, ამ მიმართულებით, ჩვენ უკვე გვაქვს თვითნაბადი უნარი, რაც საუკუნეების განმავლობაში ჩვენს სავიზიტო ბარათად იქცა, ახლა კი შემოსავლის წყაროდ შეგვიძლია ვაქციოთ – ესაა ჩვენი სტუმარმასპინძლობის კულტურა. სტუმართმოყვარეობა ქართველი მასპინძლისთვის დამახასიათებელი ის ბუნებრივი თვისებაა, რაც უცხოელებს ასე ხიბლავთ. ბევრი მათგანი ამჯობინებდა რესტორანს სადმე, ოჯახში, დიასახლისის ხელით მომზადებული საკვების გასინჯვას, ქართული კულტურის ოჯახურ გარემოში გაცნობას…

“ტურისტები ეძებენ არა მხოლოდ საკვებსა და სასმელს, არამედ გასტრონომიულ გამოცდილებას, რომელსაც ცალსახად კომერციული დანიშნულება არ აქვს. საქართველოში შეიმჩნევა ტურისტების რიცხვისა და გასტრონომიული ტურიზმის მზარდი ტენდენცია, ამასთანავე არსებობენ სტუმართმოყვარე ადამიანები, რომელთაც ესაჭიროებათ დამატებითი შემოსავალი. დღესდღეობით არ არსებობს ქართულ ბაზარზე ლოკალური ალტერნატივა, რომელიც მოგზაურს კვების გარდა ნამდვილ მასპინძლობასაც შესთავაზებს. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ქართველი მასპინძლებისა და მოგზაურების დაკავშირება, ამ მოთხოვნაზე მიწოდებას წარმოადგენს,” – ამბობს GuestMe-ის თანადამფუძნებელი თორნიკე ფხოველიშვილი.

ქართული პლატფორმა GuestMe გასტრონომიული ტურიზმის განსავითარებლად შეიქმნა. ის მოგზაურებსა და ქართველ მასპინძლებს აკავშირებს ერთმანეთს. ერთი მხრივ, GuestMe, ტურისტებს ადგილობრივ კულტურასა და სტუმართმოყვარეობას აზიარებს, მეორე მხრივ კი, ოჯახებს, ტურისტების ოჯახური კერძებით გამასპინძლებით, დამატებითი შემოსავლის მიღების საშუალებას აძლევს.

“ჩვენი მიზანია, სტუმარს შევუქმნათ ავთენტური საღამო, სადაც ის თავს იგრძნობს თბილ, ოჯახურ გარემოში. ჩვენი მომსახურების მთავარი უპირატესობა არ არის განცალკევებით საკვები ან სასმელი, არამედ ის გარემო, რომელიც სტუმარს მასპინძლის სახლში დახვდება. სწორედ ამასვე გამოხატავს GuestMe-ის სლოგანი – Why just eat?”

პირობების თანახმად, სერვისში ჩართვა შეუძლიათ მასპინძლებს, რომლებიც ამზადებენ გემრიელად, არიან კომუნიკაბელურები და სტუმართმოყვარეები, აქვთ დრო და შესაძლებლობა ტურისტების მისაღებად და მზად არიან ეს შემოსავლის წყაროდ აქციონ. GuestMe-ს ვებგვერდი მუშაობას სექტემბრიდან შეუდგება, დასაწყისისთვის, მოგზაურებს თბილისის მასშტაბით შესთავაზებს მასპინძლებს, შემდეგ კი, რეგიონებსაც გასწვდება.

M: თქვენი აზრით, რას შემატებს ქართულ ტურიზმს GuestMe?

GuestMe ხელს შეუწყობს ქართული გასტრონომიული ტურიზმის შეთავაზებების დივერსიფიკაციას. შესაბამისად, ქართულ ბაზარზე რაოდენობრივად მეტი ტურისტი მოძებნის მისთვის სასურველ შეთავაზებას და უფრო კმაყოფილი დაბრუნდება საკუთარ ქვეყანაში. ნებისმიერ ტურისტს რომ ვკითხოთ, რა უფრო დაამახსოვრდა საქართველოში – ის, რომ რომელიმე რესტორანში გემრიელად მიირთვა, თუ ხალხი, რომელსაც შეხვდა? – თუ ოდნავ უფრო გაუმართლათ და ისინი ოჯახში მიიპატიჟეს, დაგვერწმუნეთ, ის საღამო მათი მოგზაურობის მთავარ ამბად იქცევა. GuestMe-ის დახმარებით კი ჩვენ, ასეთი გამოცდილების მიღების შანსს უფრო მეტ მოგზაურს მივცემთ.

M: რა საკომუნიკაციო სტრატეგიით გეგმავთ, მოიცვათ სამიზნე სეგმენტი?

GuestMe ძირითადად გათვლილია უცხოელ მოგზაურებზე, რომელთაც შიდა მოგზაურებთან შედარებით ნაკლები გზა და საშუალება აქვთ გამოცადონ ნამდვილი ქართული მასპინძლობა. თუმცა, GuestMe არის ყველასთვის, ვინც ეძებს გასტრონომიულ გამოცდილებას და აგროვებს მოგონებებს. ფუნქციონირების დაწყებიდან რამდენიმე თვეში, განსხვავებული შეთავაზებების დამატებას ვაპირებთ, რომელიც კიდევ უფრო საინტერესო იქნება ქართველი სეგმენტისთვის, ვიდრე დღევანდელი საწყისი შეთავაზება.

ჩვენი საკომუნიკაციო სტრატეგია მოიცავს პარტნიორი განთავსების საშუალებებისა და შემომყვანი ტურიზმით დაკავებული სააგენტოების ჩართულობას. ასევე, სამიზნე სეგმენტთან ურთიერთობისთვის დიდ ყურადღებას და რესურს ციფრულ მარკეტინგს ვუთმობთ.

M: რა ცოდნა/გამოცდილება გიმაგრებთ ზურგს ამ საქმის კეთებისას?

GuestMe-ს გუნდს წარმოვადგენთ თორნიკე ფხოველიშვილი და თინათინ დეკანოიძე. ორივეს ბიზნესის მართვის მიმართულებით გვაქვს განათლება მიღებული, თორნიკე ტარტუს უნივერსიტეტში სწავლობდა, თინათინი კი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ბოლო 2.5 წლის მანძილზე, თინათინი ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანიაში (SavvY) მუშაობდა, სადაც საკმაო გამოცდილება დააგროვა ბიზნესის პროცესების მართვის კუთხით. თორნიკე ამ ეტაპზე UGT GROUP-ის ბიზნეს განვითარების მენეჯერია, მანამდე კი – თანამშრომლები ვიყავით.

გასტრონომიულ ტურიზმთან სამსახურეობრივი კავშირიც გვქონია, რაც პროცესების გამართვის კუთხით გვეხმარება, თუმცა GuestMe-ისთვის საჭირო ბევრი საკითხი ჩვენთვის ახალია და საჭიროების მიხედვით ვითვისებთ.

M: რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ეს ბიზნესი და რა გამოწვევების წინაშე ხართ ამ ეტაპზე?

ბიზნესის მთავარი სირთულე ჩვენი კონცეფციის სათანადოდ შენარჩუნებაა. ჩვენ უნდა შევძლოთ და ოქროს შუალედი დავიჭიროთ, რათა ამ ყველაფერს არ მიეცეს ყოველდღიური, კომერციული კვების პუნქტის სახე, შეინარჩუნოს ავთენტურობა, და მუდამ ის ემოციური ფონი დაუტოვოს სტუმარს, რომელიც დიდი ხნით ემახსოვრება.

ამ ეტაპზე, ვეძებთ და ვარჩევთ მასპინძლებს. ეს ნაწილი ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლოა, რადგან GuestMe-ის მასპინძლები გარკვეულწილად ქვეყნის სახეს წარმოადგენენ. მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად ვიქნებით ჩართულები ხარისხის კონტროლში, ჩვენს პარტნიორ მასპინძლებს ამაში მთავარი როლი აქვთ, შესაბამისად, ამ საქმეს სიფრთხილით ვეკიდებით. გარდა ამისა, ვხვეწთ საოპერაციო ციკლის პროცესებს, რომლებიც სექტემბრიდან უნდა ავამუშაოთ.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა