როდესაც ჩამოვყალიბდი, რომ მონაცემთა მეცნიერების სწავლა მინდოდა, უნივერსიტეტების ევროპასა და ამერიკაში ძებნას შევუდექი. ამავდროულად, გრანტების მოძიებაზე ზრუნვაც დავიწყე. ვიცოდი ქვეყნები, სადაც სასწავლებლად წასვლა მინდოდა, უნივერსიტეტებს კი ისე ვარჩევდი, ჩემთვის სასურველი ფაკულტეტი რომ ჰქონოდათ. თავიდანვე გადაწყვეტილი არ მქონდა, რა მიმართულებით მინდოდა სწავლის გაგრძელება, ამიტომ ბაკალავრის დამთავრების შემდეგ მუშაობა დავიწყე, გამოცდილება მივიღე, უფრო ზუსტად გავერკვიე საკუთარ თავში, თუ რა მინდოდა, მეკეთებინა. მერე კი დრო კონკურსისთვის მომზადებისთვისაც გამომიჩნდა.
საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებისთვის საჭიროა:
1. ჩამოყალიბება, რისი სწავლა გსურს;
2. ქვეყნებისა და უნივერსიტეტების მოძიება, სადაც შენთვის სასურველი ფაკულტეტი იქნება;
3. გრანტების მოძიება შესაბამისი ქვეყნებისა და უნივერსიტეტების მიხედვით;
4. ენის სერტიფიკატი ყველა ვარიანტში დაგჭირდება – IELTS ან TOEFL, შესაბამისად, ამ გამოცდებისთვის მომზადება;
5. თუ ამერიკისკენ გაქვს გეზი აღებული, მაშინ GRE-ის ჯენერალ გამოცდის ჩაბარებაც მოგიწევს;
6. დოკუმენტაციის მოგროვება: სივი, დიპლომი, ნიშნების ფურცელი, პასპორტი და ა.შ.
7. რეკომენდატორების მოძიება, იქნება ეს სასწავლებლიდან თუ სამუშაო ადგილიდან;
8. სამოტივაციო წერილები.
რა უნდა გავითვალისწინო?
1. ისწავლო უარის მიღება. დიდი შანსია, პირველივე ჯერზე არ გამოვიდეს ის, რა მიზანიც დასახული გაქვს. უარი უნდა იყოს მოტივაციის წყარო და არა – დესტრუქციის მიზეზი;
2. საკუთარ თავში კარგად სჯობს, გაერკვე, რაც გულისხმობს ჩამოყალიბებას, თუ რისი კეთება გსურს, რა მიზანი გაქვს;
3. დაბრკოლებების გადალახვისთვის მზაობა უნდა გქონდეს.

რა არ უნდა გავაკეთო არავითარ შემთხვევაში?
1. არ უნდა დანებდე. თუ მიზნად დაისახე, რომ სწავლის გაგრძელება გინდა, მაგ გზას ბოლომდე უნდა მიჰყვე. მე პირადად ორი გრანტიდან მომივიდა უარი, სანამ ფულბრაითელი გავხდებოდი;
2. არ უნდა დაგეზაროს შრომა. უნივერსიტეტების ძებნა, გრანტების ძებნა, აპლიკაციების შევსება და მთელი მომდევნო პროცესი საკმაოდ შრომატევადი და დამღლელია, მაგრამ ფინიშის ხაზს რომ გადაკვეთ, მიხვდები, რომ ყველაფერი ღირდა;
3. არ დაუწესო საკუთარ თავს შეზღუდვები. ხშირად გამიგია ფრაზა: „ოხ, „ფულბრაიტი“ შანსი არაა… მანდ ძალიან დიდი კონკურენციაა!“ კონკურენცია უნდა იყოს მამოტივირებელი ისევე, როგორც უარის მიღება.
გუგა ბურდული, Temple University, Fulbright-ის სტიპენდიატი