in

ილუზია VS ობიექტური რეალობის აღქმა, როგორც გადარჩენის ბაზისური პირობა – ვიდეობლოგების სერია

ბავშვობისას ტალახისგან „ტორტებს“ ვაცხობდით, მაღალ მინდორში ჯოხით ხელში შევდიოდით და გაოფლიანებამდე ვიბრძოდით წარმოსახვით მტრის – სარეველა მცენარეების წინააღმდეგ. ეს ჯერ კიდევ პირველი ნაბიჯები იყო, რომელსაც ჩვენი წარმოსახვა, ჩვენი ილუზიისკენ მიდრეკილი გონების საწვრთნელად დგამდა, თუმცა ამავდროულად, ეს იყო ძალიან საჭირო ნაბიჯები ჩვენი განვითარებისთვის.

რაც უფრო ვიზრდებით და ჩვენი აზრით, რაც უფრო გვიუმჯობესდება „კრიტიკული აზროვნება“, ან „რეალობის აღქმის უნარი“, მით უფრო დიდი სამყაროს წინაშე ვდგებით და ჩვენს უკვე დახვეწილ წარმოსახვას უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდება; ჩვენს უკვე ჩამოყალიბებულ ფსიქიკას კი საკმაოდ მრავალმხრივი თავდაცვის მექანიზმები აქვს. ხშირად, ის რეალობის დამახინჯებაში იმდენ შრომას დებს, რომ გვიჭირს, გავიგოთ სად მთავრდება რეალობა და იწყება ილუზია. ილუზია, როგორც ჩვენი გონების დროებითი ადაპტური პროდუქტი. დროებითი, რადგან რეალურ სამყაროს თავისი წესები აქვს და აუცილებლად დადგება მომენტი, როცა წელამდე მომდგარი ბალახი ნამდვილ მტრად იქცევა, ჩვენ კი ხელში ჯოხით მას ვეღარაფერს დავაკლებთ, რადგან „რეალობის აღქმა ადაპტაციისთვის და გადარჩენისთვის არის ბაზისური პირობა“.

რატომ არ მუშაობს ჩვენ მიერ შექმნილი/წარმოსახული სამყარო? რატომ ვერ ვჭამთ ტორტს, რომელიც ტალახისგან გამოვაცხეთ? ადამიანი და მისი მიდრეკილება ილუზიისკენ დიდი ხანია კვლევის საგანია, დღეს კი წარმოგიდგენთ ვიდეობლოგების სერიას, რომელიც ფსიქოლოგმა და სოციალური ფსიქიატრიის მაგისტრმა – გუგა გრიგოლიამ, ამ მიმართულებით შექმნა. 

„ადამიანის თვითგადარჩენის ინსტიქტით ნაწარმოები გარდაუვალი ტენდენცია, რომ ყველაფრის ფასად გადარჩეს, მათ შორის რეალობისგან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტის ხარჯზე, არარაობად აქცევს მას და ფიზიკური გადარჩენის ფასად, ფსიქიკურ კვდომას იწვევს“, – ამბობს გუგა გრიგოლია. ეს ამ ვიდეობლოგების სერიის მოკლე სათქმელია, შემდეგ ვიდეოში კი ის იმაზე გვიყვება, თუ რა გვიბიძგებს ილუზიისკენ – დანაკარგი, წარუმატებლობა, ტკივილი, რომლისთვის თვალის გასწორებას თვალის არიდება გვირჩევნია. არის თუ არა ილუზია გამოსავალი და რა ფასად გვიჯდება, მივმართოთ მას? ხანდახან, ილუზიას ადაპტაციური ფუნქციაც აქვს, მაგრამ მხოლოდ დროებითი. მხოლოდ ცოტა ხნით, სანამ საჭიროა დარტყმა, რომელიც ფსიქიკას უნდა მისდგომოდა, უარყოფით, ან ალტერნატიული რეალობის წარმოსახვით განეიტრალდეს. თუმცა, ცხადია, ეს სუბიექტური აღქმები და გამოცდილებები ობიექტურ გარემოებას არ ცვლის.

კულტურა, რელიგია, ინივიდუალური გამოცდილება, ეპოქა – შეგვიძლია ილუზიის წყაროებად მივიჩნიოთ. ყველა შემთხვევაში კი ილუზიის მიზანი გარიდებაა, გაქცევა არასრულფასოვნებისგან, წარუმატებლობისგან… გაქცევა და წარმოსახული იდენტობებისთვის თავის შეფარება. იდენტობების არამხოლოდ პიროვნების, არამედ კონკრეტული ჯგუფის, ან ქვეყნის დონეზეც კი. გუგა გრიგოლია ამბობს, რომ ილუზიისკენ მიდრეკილ ადამიანებს საოცარი უნარი აქვთ ერთმანეთი იპოვონ და ერთმანეთის წარმოსახული კანონზომიერებების ვალიდიზაციის გზით, გაერთიანდნენ. მათ შეიძლება უნდოდეთ „რჩეული ქვეყნის“ ხსნა, იმ რეალობის შეცვლა, რომელიც მათთვის არასასურველია, რომელსაც ისინი ვერ ეგუებიან. ილუზია – ეს არის იმ დამახინჯებული რეალობის მიღება, სადაც საკუთარ თავს დამარცხებულად ვეღარ ვხედავთ. ყველაზე რთული შემთხვევა კი თავისი სერიოზულობით ნებისმიერ საზღვარს სცდება – წარმოსახვითი მტრის წინაშე წარმოსახვითი მეთოდებით ბრძოლა.

„ადამიანი ერთადერთი ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც გარემოსთან ადაპტაციას მისი უარყოფით ცდილობს“. როცა ვერ ცვლი რეალობას, მიმართავ ილუზიას. ფსიქოანალიზი კი ამის გაკეთების მრავალ მეთოდს ხდის ფარდას. გუგა გრიგოლიას ვიდეობლოგების სერიის ბოლო ნაწილი ამ თემას ეთმობა. ცხადია, რაც უფრო მეტად და რაც უფრო დიდი ხანია, რეალობის აღქმა დავიმახინჯეთ, მით უფრო რთულია საკუთარ თავთან იმის აღიარება, რომ სიცრუეში ვიცხოვრეთ. მიუხედავად იმისა, რომ რეალობის უსიამოვნო შეჯახებები ხშირია, ისინი გამოფხიზლების ნაცვლად ახალი, უფრო რთული ილუზიების შექმნის ცდუნებას გვიჩენს. როგორც გუგა ამბობს, „შენ ხდები შენივე ტყუილის თანამზრახველი, რომ მისმა გაცნობიერებამ თვითგანადგურებამდე არ მიგვიყვანოს“.

ილუზიაში ნაპოვნი ბედნიერება, თავისუფლება, დამოუკიდებლობა, წარმატება, მაღალი თვითშეფასება აუცილებლად შეეჯახება რეალური სამყაროს დაბრკოლებებს. მაგალითად ბევრი რამის მოყვანა შეიძლება, მაგრამ უფრო აქტუალურს თუ გამოვიყენებთ – ის, რომ პანდემიის დროს სამსახურიდან წამოსვლა „შატალოზე წასვლის“ ხალისით, ხანგრძლივი დასვენების შესაძლებლობად მივიღეთ, ჩვენს ცხოვრებაზე ეკონომიკურად საკმაოდ დრამატულად აისახება. შესაძლოა, ობიექტური რეალობის აღქმა, საქმიანობის ალტერნატიული გზის პოვნა და ახალ გარემოში ადაპტირება უამრავმა ადამიანმა მოახერხა, თუმცა მეორე მხრივ, ადამიანთა დიდმა ნაწილმა პირდაპირ უარყო საფრთხე და თქვა, რომ კორონავირუსი საერთოდაც არ არსებობს და გარშემო ყველა იტყუება. იტყუება მეცნიერი, პოლიტიკოსი, ექიმი, თვითონ ის ხალხიც, ვისაც ინფექცია შეეყარა და ასიათასობით ადამიანი პანდემიის შედეგად სულაც არ მომკვდარა… ობიექტური რეალობის ამ მასშტაბით უარყოფა კი, უახლოეს წარსულში ნამდვილად არ გვხვდება.

გარკვეულ დონეს მიღწეულ ილუზიას ახასიათებს დაგვაჯეროს, რომ ჭეშმარიტებაზე ექსკლუზიურად მიგვიწვდება ხელი, რომ ზუსტად ვიცით, წარმოსახული მტრის სამიზნეების და ბრძოლის საშუალებების შესახებ. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენზე კარგად ცოტამ თუ იცის, როგორ მუშაობს ეს სამყარო. ჩვენი სუბიექტური, დაცდილი, ილუზორული „კანონზომიერებები“ კი კვებავენ წარმოდგენას, თითქოს რამე ვიცით მომავალზე, თითქოს ის განჭვრეტადია. თითქოს რამე მნიშვნელობა აქვს სამყაროსთვის, თუ რას ვფიქრობთ მის შესახებ.

ამ არაადეკვატური ამბიციებისგან, ილუზიისგან თავის დახსნა და ობიექტურ რეალობაში სრულფასოვანი ფუნქციონირების მიღწევა ძალიან დიდი შრომის საგანია. თუ ბავშვობისას საკუთარ ტყუილებს თავადვე ვაფიქსირებდით და ვინმეს მოტყუებისას ზურგს უკან თითებს ვაჯვარედინებდით, ახლა ყველაფერი სხვაგვარად ხდება… გავიზარდეთ და ხშირად, ჩვენი ტყუილები ჩვენი ცნობიერების მიღმა რჩება. ისიც კი არ ვიცით როდის და რატომ მოვატყუეთ საკუთარი თავი და მეტიც, ხშირად იმასაც კი ვერ ვაცნობიერებთ, რომ საერთოდ მოვატყუეთ.

ავტორი: ხატია თორდუა

როგორ იშოვა ამერიკული პიცერიის მფლობელმა ფული საკუთარი პიცის ყიდვით?

სიახლე Mymarket-ზე, მშობლებისა და ბავშვებისთვის