იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სურთ, საკუთარი იდეები რეალობად აქციონ, ისწავლონ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კრეატიულ სკოლაში და მიიღონ ევროპის წამყვან კრეატიულ სააგენტოებში მუშაობის გამოცდილება, საქართველოს ბანკმა და Miami Ad School Europe-მა ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა შექმნეს.
ეს არის შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, ისწავლონ Miami Ad School Europe-ის Art Direction-ის ან Copywriting-ის 2-წლიან პორტფოლიო პროგრამაზე 100%-იანი დაფინანსებით.
აღსანიშნავია, რომ ნიკა გუჯეჯიანის სტიპენდიით ბერლინში სასწავლებლად ორი ქართველი სტუდენტი უკვე გაემგზავრა, წელს კი მათ რიცხვს მესამე გამარჯვებულიც შეუერთდება.
2023-2024 სასწავლო წლისთვის განაცხადების მიღება დასრულდა. სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის სურვილი კანდიდატების რეკორდულმა რაოდენობამ – 160-ზე მეტმა მსურველმა გამოთქვა. ჟიური ახლა გამარჯვებულის გამოსავლენად ემზადება.
თუმცა, სანამ გამარჯვებულის ვინაობას გავიგებდეთ, ნიკა გუჯეჯიანის სტიპენდიის მნიშვნელობისა და წლევანდელი შედეგების შესახებ Miami Ad School Europe-ის მმართველ დირექტორს, საბინ გეორგს გავესაუბრეთ.
რა შესაძლებლობას ქმნის საქართველოს ბანკისა და Miami Ad School Europe-ის მიერ შექმნილი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა ქართველი სტუდენტებისთვის?
რამდენიმე წლის წინ, როდესაც ნიკას სტიპენდია დავაფუძნეთ, მხოლოდ ათეული სტუდენტი თუ ავსებდა აპლიკაციას კონკურსში მონაწილეობის მისაღებად და ბერლინში, კრეატიულ ინდუსტრიის ერთ-ერთ წამყვან სკოლაში – MASE-ში განათლების მისაღებად. თუმცა, ყოველ წელს აპლიკანტების რაოდენობა მკვეთრად იზრდებოდა. წელს უკვე 160 კანდიდატი გვყავს, რაც ინიციატივის მნიშვნელობას ნათლად უსვამს ხაზს.
გამომდინარე იქიდან, რომ აპლიკანტები განაცხადის შევსების პროცესში საკუთარ პორტფოლიოსთან და რეზიუმესთან ერთად სამოტივაციო წერილსაც გზავნიან, მათი ტექსტებიდან გამომდინარე კიდევ უფრო ნათლად ვხედავთ იმ შესაძლებლობის მნიშვნელობას, რომელსაც ქართველ სტუდენტებს ვაძლევთ – ორი წლის განმავლობაში იცხოვრონ ბერლინში, მიიღონ განათლება მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან კრეატიულ სკოლაში სრული დაფინანსებით და დასაქმდნენ ჩვენს პარტნიორ სააგენტოებში ევროპის მასშტაბით.
აღსანიშნავია, რომ კანდიდატები იმდენად მოტივირებულნი არიან ამ შესაძლებლობით, რიგ შემთხვევებში აპლიკაციას მეორედ და მესამედაც კი ავსებენ. ეს კი ნათლად მიუთითებს იმ ნდობასა და ინტერესზე, რომელსაც ისინი ნიკას სახელობის სტიპენდიის მიმართ იჩენენ.
რა გამოარჩევს ნიკა გუჯეჯიანის სტიპენდიის გამარჯვებულებს და როგორია მათთან თანამშრომლობა?
ჩვენ გამარჯვებულების გამოსავლენად ყოველთვის გვიწევს, რამდენიმე გამორჩეულ, შთამბეჭდავ პორტფოლიოს მქონე კონკურსანტს შორის გავაკეთოთ არჩევანი – შესაბამისად, ჩვენი რჩეულები ყოველთვის გამოირჩევიან როგორც სხვა მონაწილეებს, ასევე MASE ბერლინის სტუდენტებს შორის. ისინი ყოველთვის აჭარბებენ ჩვენს მოლოდინებს როგორც პროფესიული, ასევე ადამიანური კუთხით. რადგან ისინი ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ადამიანები არიან ვისაც კი შევხვედრილვართ!
როგორც აღვნიშნე, წელს 160-ზე მეტი აპლიკაცია მივიღეთ, პირველ ეტაპზე ისეთი კონკურსანტები გამოვავლინეთ, რომელთა პორტფოლიო გამოირჩეოდა იდეათა ორიგინალურობითა თუ ნამუშევრების შესრულების ტექნიკური ხარისხით, მათგან კი 5 საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილე გამოვავლინეთ, რომელთაგან ერთ გამარჯვებულად დასახელდება.
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ხუთივე კონკურსანტს გასაოცარი პორტფოლიო აქვს: რამდენიმე მათგანი უკვე ჯილდოს მფლობელიც კი არის, აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება ქოფირაითინგისა თუ art direction-ის მიმართულებით, ან უბრალოდ შთამბეჭდავად ნიჭიერები არიან.
როგორ შეაფასებთ ქართველი მონაწილეების პორტფოლიოს? აქვთ თუ არა მათ რაიმე სახასიათო ნიშანი?
საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელიც მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, მიუხედავად ამისა, აღნიშნული გამოწვევები არ უშლის ხელს ახალგაზრდებს, იმუშაონ საკუთარი პორტფოლიოების შექმნაზე.
ჩვენს კონკურსანტებს შორის არიან ახალგაზრდები, რომლებიც საშუალო ან მაღალი დონის პროფესიონალები არიან და მათ არაერთი ჯილდო აქვთ მიღებული დიზაინისა თუ მაღალი ხარისხის იდეისთვის. ზოგიერთი გამორჩეულ UX დიზაინს ქმნის, რაც აჩვენებს, რომ მათ სიღრმისეულად ესმით ეს მიმართულება.
საინტერესოა ისიც, რომ მონაწილეების დიდი ნაწილი თვითნასწავლია, იქნება ეს ვიდეოების შექმნის, ანიმაციებისა თუ ხანდახან 3D ტექნოლოგიებისა თუ ხელოვნური ინტელექტის მიმართულება. ჩვენ ასევე ვიღებთ დამწყებთა დაუსრულებელ ნამუშევრებსაც, სადაც შესაძლებელია ჯერ კიდევ ჩანასახში მყოფი „გენიალური“ იდეების აღმოჩენა.
ქართველი კონკურსანტების პორტფოლიოებს გამოარჩევს ისიც, რომ მათში ხშირად ქართული ტრადიციების, ქართველი ხალხისა თუ ობიექტების ხაზი იგრძნობა. მნახველისთვის ნათელია, რომ ახალგაზრდები ამაყობენ საქართველოთი და მათი კულტურული მემკვიდრეობით. ეს სიყვარული კი თითოეული მათგანის ნამუშევრიდან გამოსჭვივის.
სწორედ ეს სიყვარული, ქართული ნარატივის ამსახველი ელემენტები არის ის, რაც ქართველ სტუდენტებს სხვებისგან გამოარჩევს. არასწორად არ გამიგოთ, სხვა სტუდენტებსაც უყვართ თავიანთი სამშობლო, თუმცა არა ისე გატაცებით, როგორც ქართველებს.
წელს ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე უპრეცენდენტო რაოდენობის განაცხადი შემოვიდა, რა შეგიძლიათ გვითხრათ ამის თაობაზე?
ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა რომ ვიღებთ დიდი რაოდენობით აპლიკაციებს და ამის ახსნა მხოლოდ ქართველის ახალგაზრდების „ცვლილებისადმი სწრაფვით“ შემიძლია.
მოიპოვო თავისუფლება, აკეთო ის, რაც გიყვარს – რთულია. ამიტომ, ნიკა გუჯეჯიანის სტიპენდია არის ის ინსტრუმენტი, რომელიც ახალგაზრდებს საკუთარი თავის აღმოჩენის შესაძლებლობას აძლევს.
რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოს ბანკის ჩართულობა აღნიშნულ პროცესში?
ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია ეს არის 50+50%-იანი დაფინანსება, სადაც სტუდენტს სწავლის 50%-ს Miami Ad School Europe-ი უფინანსებს, 50%-ს კი საქართველოს ბანკი. შესაბამისად, გამარჯვებულის სწავლის საფასური 100%-ით არის დაფინანსებული.
საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნისთვის კი, საქართველოს ბანკის მსგავსი ძლიერი ფინანსური ინსტიტუტის ასეთ პროცესებში ჩართულობა გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებს – იქნება ეს სტუდენტებისთვის სწავლის გადასახადის დაფინანსება თუ განათლების შესაძლებლობების შექმნისთვის საჭირო სხვა ინიციატივების მხარდაჭერა. რაც ხელს უწყობს ახალგაზრდების მხრიდან თვითგანვითარებისა და საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენისთვის საჭირო ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას.
რა არის ის მთავარი ღირებულება, რომელსაც საქართველოს ბანკისა და Miami Ad School Europe-ის თანამშრომლობა ემყარება?
ჩვენი საერთო ღირებულება არის ის, რომ ჩვენ ნდობას ვუცხადებთ ქართველ ახალგაზრდებს, უზრუნველვყოფთ მათ საჭირო მხარდაჭერით და ვაძლევთ განვითარების შესაძლებლობას. რადგან ნიკა გუჯეჯიანი MASE-ში სწავლობდა და შემდეგ საქართველოს ბანკში კრეატიული მარკეტერის პოზიციაზე მუშაობდა, ეს ჩვენ მიერ შექმნილ სტიპენდიას კიდევ უფრო მეტად ავთენტურს და ჩვენთვის ძალიან პერსონალურს ხდის. ვფიქრობთ, რომ ამით ჩვენ მის ხსოვნას მივაგებთ პატივს.
ჩვენ, საქართველოს ბანკსა და MASE-ს გვიყვარს ის, რაც ნიკამ დაგვიტოვა: შთამბეჭდავი პორტფოლიო და კრეატიული როლ მოდელის მემკვიდრეობა, რადგან ის იყო არა მხოლოდ ძალიან ნიჭიერი დიზაინერი და არტ დირექტორი, არამედ ძალიან თბილი და ყველასთვის საყვარელი ადამიანი.
ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში კი გვაქვს შესაძლებლობა, ნიკას სახელით აღმოვაჩინოთ ნიჭიერი ახალგაზრდები.
სამომავლო გეგმების შესახებ რომ მოგვიყვეთ…
სამომავლოდ ჩვენი მიზანია, გავაგრძელოთ იმ საქმის კეთება, რისთვისაც ჩვენი სკოლა მსოფლიოშია აღიარებული – მივცეთ შესაძლებლობა კრეატიულ ტალანტებს გახდნენ „მსოფლიო დონის კრეატიული ათლეტები“ და შევქმნათ ისეთი გარემო, რომელშიც ისინი შეძლებენ „გახდნენ ისინი, ვინც უნდა იყვნენ“.
ჩვენ ასევე განვიხილავთ ახალი ტექნოლოგიების ინტეგრაციას კურსებში, იქნება ეს ხელოვნური ინტელექტი თუ ვირტუალური რეალობა, თუმცა, ეს ყველაფერი ერთი საერთო მიზნისთვის – ნიკას მსგავსი ტალანტებისთვის, რომლებმაც უკვე ისწავლეს და ისწავლიან ჩვენთან.
მიუხედავად მსოფლიოში არსებული მრავალი სირთულისა, იქნება ეს ინფლაცია, მუდმივად მზარდი ცხოვრების ხარჯები, სპონსორების ნაკლებობა, ჩვენ არ ვიშურებთ ძალისხმევას, შევქმნათ მაღალი ხარისხის განათლების შესაძლებლობა, რომელიც მოიტანს ცვლილებას და შესაძლებლობას მოგვცემს აღმოვაჩინოთ ნიკა გუჯეჯიანის მსგავსი ტალანტები.
[R]