18
Jan
2019

„გულავი“ – ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღაზია „მოგულავეებისთვის“

18 Jan 2019

Startauperi
Startauperi


თუ 1970-იან, არა გატყუებთ, 1980-იან წლებში „გულაობა“ 37 მანეთთან და „გადავფრინდი გადმოვფრინდისთან“ ასოცირდებოდა, დღეს ეს სიტყვა კლუბური გართობის სინონიმია. ახლა „საგულაო“ ადგილი კარგი კლუბია, „საგულაო“ მუსიკა – კარგი კლუბური მუსიკა და რა გასაკვირია, თუ ისეთი მაღაზიაც არსებობს, სადაც ეს „მოგულავე“ ხალხი მივა, ჩაიცვამს, დაიხურავს და „საგულაოდ“ წავა.

მაღაზია „გულავის“ დამფუძნებლები სოფი ჯიოშვილი და ქეთი ისაკაძე

„მაღაზია „გულავის“ შემქმნელები ვართ მეგობრები, პროფესიით პროგრამისტები, სოფი ჯიოშვილი და ქეთი ისაკაძე. ორივეს ძალიან გვიყვარს მოგზაურობა, ელექტრონული მუსიკა და თავისუფლება“, – ამბობს სოფი – 2018 წლის დასაწყისში ვიმოგზაურე ნეპალში და შემიყვარდა აზია. ფერებით, ხალხით, იმ ჯადოსნური აურით, რაც იქ ტრიალებს და იქვე ჩაისახა, რაღაც, ფერადი მაღაზიის გახსნის იდეა. ამავე წლის გაზაფხულზე, ქეთიმ გადაწყვიტა ბერლინში წამოსვლა. ეს ქალაქი ჩემთვისაც სხვა სიყვარულია და ასე აღმოვჩნდით კლუბ „ბერგჰაინის“ [მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ღამის კლუბი ბერლინში] რიგში აპრილის შაბათს, სადაც სამწუხაროდ, შესვლაზე უარი გვითხრეს. ამის გამო ბევრი ვიტირეთ, ვინერვიულეთ, დავიწყეთ ფიქრი, რა იყო უარის მიზეზი. საბოლოოდ მივხვდით – იმ რიგითი ტურისტებივით გვეცვა, უბრალოდ „ბერგჰაინში“ შესვლა რომ უნდა და არა ისე, როგორც საკუთარ თავს გამოვხატავდით და თან კომფორტულად ვიქნებოდით. რა თქმა უნდა, სახეზე აღბეჭდილი ეს დისკომფორტი სვენს [სვენ მარკუარდი. მსოვლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დაცვის თანამშრომელი. კლუბ „ბერგჰაინის“ დაცვის წევრი] არ გამოპარვია. ქეთიმ ხუმრობით თქვა, წესით უნდა არსებობდეს მაღაზია, სადაც შეხვალ და ჩაიცვამ, ისე თან ბედნიერი იყო და თან „ფეის კონტროლმაც“ არ „დაგბრაკოსო“.

თბილისში, სტანდარტულ რუტინაში დაბრუნების შემდეგ, აღმოაჩინეს, რომ ასეთი მაღაზია არ არსებობდა. ბევრი არც უფიქრიათ, ასეა ცხელ გულზე დაიწყეს მომზადება.

სოფი: ორივეს დღემდე გვჯერა, რომ ჩვენი მონდომება მთელმა სამყარომ იგრძნო და ამიტომ, ყველაფერში სასწაულად გვიმართლებდა. არა რელურად სწრაფად ვიპოვეთ ფართი მელიქიშვილზე, რომელსაც სამსახურიდან მოსულები საკუთარი ხელით ვაწყობდით და ვარემონტებდით. თან, დავრბოდით მკერავთან, ვარჩევდით ქსოვილებს და ვქმნიდით ესკიზებს (არც თუ ისე გამოცდილი დიზაინერული უნარებით). ძალიან დაგვეხმარნენ ჩვენი მეგობრებიც, ვინც, იმ დროს, ინდოეთში იყო და კოლექციის მნიშვნელოვანი ნაწილი „ვიდეოქოლებით“ აგვარჩევინა და ჩამოგვიტანა.

მაღაზია, გადაწყვეტილების მიღებიდან, ერთი თვის თავზე, პირველ ივლისს გახსნეს. და რა უნდა დაერქმიათ, თუ არა „გულავი“?!

ქეთი: თავიდან ცოტა სასაცილოდ გვეჩვენებოდა, რომ კლუბური გართობის აღსანიშნად, ხშირად, ამბობდნენ „გულავს“. თუმცა, ძალიან მოგვწონს ის დამთხვევა, რომ ამ სიტყვას „გულის“ ფუძე აქვს. რაც, პირველ რიგში, სიყვარულთან ასოცირდება. რეივერული ანუ კლუბური კულტურის მთავარი მოტივიც ხომ ერთამენთის სიყვარული და გართობაა. ასე მივიღეთ ჩვენი ლოგო-რებუსიც: <3AWW.

გულავში“ რამდენიმე ძირითადი ხაზია: ქეთის და სოფის დიზაინით შექმნილი სამოსი, მოგზაურობისას აღმოჩენილი საინტერესო ნივთები, სხვადასხვა „ონლაინ“ მაღაზიიდან გამოწერილი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები.

სოფი: ასევე, ვთანამშრომლობთ ისეთ ხალხთან/სტარტაპერებთან, საკუთარ პროდუქციას რომ ქმნის და ჩვენი მაღაზიის „კონცეპტში“ ჯდება. გვინდა, ვინც რამე თემატურად მსგავსს აკეთებს საქართველოში, ყველას ხელი შევუწყოთ და ამით „გულავიც“ კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ. ვცდილობთ, ჩვენს მაღაზიაში გვქონდეს ყველაფერი, რაც ადამიანს სიტყვა „გულავის“ გაგონებაზე შეიძლება გაახსენდეს, ბონგებიც კი.

მთავარი მიზანი, როგორც თვითონ ამბობენ, ისეთი ადგილის შექმნა იყო, სადაც ნებისმიერი „მოგულავე“ კომფორტულად შეარჩევდა სამოსს.

ქეთი: ჩვენ სახელში ესეც ძალიან მოგვწონს, რომ ყოველგვარი დამატებითი მინიშნებების გარეშე, ერთ სიტყვაში ჩანს, ვისთვისაა ეს ბრენდი. მიზანიც სწორედ ეს იყო – ნებისმიერი გემოვნების „მოგულავისთვის“ შეგვექმნა ადგილი, სადაც კომფორტულად აარჩევდა სამოსს, რომელიც მთლიანად გამოხატავს მას, მიუხედავად იმისა, ანდერგრაუნდში, ტექნოს ანიჭებს უპირატესობას, თუ ღია ცის ქვეშ PSY Trance [ფსიქოდელიური ტრანსი – მუსიკალური ჟანრი] „ივენთებს“.

თუმცა, ერთია მათი სურვილი და ენთუზიაზმი, მეორე – ინტერესი და მოთხოვნა ბაზარზე.

პროგრამისტებში არის ასეთი იუმორისტული აბრევიატურა გ.ო.პ. და იშიფრება, როგორც „გარტყმაზე ორიენტირებული პროგრამირება“ (როცა პრობლების გადაწყვეტის გზა ბუნდოვანია და მხოლოდ საკუთარ ინტუიციას ენდობი). ამ ტრადიციას არც აქ ვუღალატეთ და შევქმენით გ.ო.ბ – „გარტყმაზე ორიენტირებული ბიზნესი“. დიდად არ ვამაყობთ ამით, თუმცა, არანაირი წინასწარი კვლევა არ ჩაგვიტარებია, მთლიანად ვენდეთ საკუთარ ინტუიციას და ცხელ გულზე შევქმენით „გულავი“. რაც შეეხება საჭიროებას, საკუთარი გამოცდილებიდან ვფიქრობთ, ასეთი მაღაზიის არსებობა ბაზარზე აუცილებელიც კია. მომხმარებლის პოზიტიური დამოკიდებულებაც ყოველდღე გვარწმუნებს ამაში“.

რაც შეეხება მოთხოვნას, მათი თქმით, ესეც ცნობადობასთან ერთად, ყოველდღიურად იზრდება.

სოფი: ჩვენთვის განსაკუთრებით ემოციური მომენტია, როცა რომელიმე ივენთზე „გულავის“ ტანსაცმელში გამოწყობილ ადამიანებს ვხედავთ. ეს გვარწმუნებს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ.

ამბობენ, რომ ამ გზაზე სირთულეებსაც აწყდებიან.

ქეთი: ძირითადი სირთულე, ამ ეტაპზე, მცირე ბიუჯეტით, მოკლე ვადებში ცნობადობის გაზრდაა. ვცდილობთ, შევქმნათ ხარისხიანი „კონტენტი“, რომელიც თავად იქნება საკუთარი თავის რეკლამა.

ისიც კარგად იციან, რომ ბაზარზე არც თუ პატარა კონკურენციაა.

სოფი: თუმცა, ეს ძირითადად, „ონლაინ“ მაღაზიების ხარჯზეა და „გულავის“ უპირატესობაც სწორედ ეს არის – მომხმარებელს შეუძლია, მყუდრო გარემოში, ადგილზე აარჩიოს და მოირგოს მისთვის სასურველი ნივთი. ჩვენი უპირატესობაა ისიც, რომ „გულავი“ არ არის ჩვენთვის მხოლოდ ბიზნესი. ეს არის საქმიანობა, რომელიც ორივეს გამოგვხატავს და გვაბედნიერებს.

რაც შეეხება გეგმებს, სამომავლოდ კოლექციის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას აპირებენ. ახლახან დაამატეს თეთრეულის ხაზიც.

ქეთი: გვინდა, ამ მიმართულებითაც უფრო ფართო არჩევანი გვქონდეს. ვფიქრობთ, ჩაცმა და კომფორტი სწორედ აქედან იწყება. გარდა ამისა, ვაპირებთ, გავაგრძელოთ ფესტივალებში, თემატური პროდუქციით მონაწილეობა.  ამჟამად ვმუშაობთ „ონლაინ“ მაღაზიის შექმნაზე, რომ მთელი საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი პროდუქცია.

„გულავი“ ბერლინში ქუჩაში

 

P.S. „გულავის“ გახსნიდან ერთი თვის შემდეგ, ქეთი და სოფი კვლავ აღმოჩნდნენ ბერლინში,  „ბერგჰაინის“ რიგში.

„ სიმბოლურად ყველას, მინიმუმ, ერთი რამ მაინც გვეცვა „გულავიდან“. სვენმა თვალი გაგვისწორა და ყველას გვითხრა „Bitte”. ჩვენ ორისთვის ეს განსაკუთრებულად ემოციური მომენტი იყო, ალბათ, უკვე თავადაც მიხვდებით რატომ“.

განხილვა