გულის შეტევისა და რეანიმაციის შემდეგ კუნთზე ნაწიბურები ჩნდება, რაც სისხლის უწინდელი რაოდენობით გადატუმბვას უშლის ხელს. თანაც, სამწუხაროდ, ნაწიბუროვანი ქსოვილი გულს ზედმეტად ხისტს ხდის გაფართოებისა და შეკუმშვის დროს — ეს კი სხეულის დანარჩენ ნაწილებს აიძულებს, გაზრდილი დატვირთვით იმუშაონ. საბოლოოდ, ამას გულის უკმარისობის და არითმიის გამოწვევა შეუძლია.
ახლა კი სიდნეის უნივერსიტეტმა პოტენციური გამოსავალი იპოვა, რათა გულზე გაჩენილი ნაწიბურები განკურნონ. ახალ კვლევაში, რომელსაც დოქტორი რობერტ ჰიუმი ხელმძღვანელობდა, მეცნიერებმა პროტეინის წინამორბედი, ტროპოელასტინი შეისწავლეს. ეს უკანასკნელი ბუნებრივად გვხვდება ადამიანის ორგანიზმში და აწარმოებს ელასტინს, რაც ქსოვილებს ელასტიკურს ხდის.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ კომპონენტის ორგანიზმში დამატებით შეყვანა ნაწიბუროვან ქსოვილს გაამთელებს და უწინდელივით რბილი გახდება. ექსპერიმენტის დროს ტროპოელასტინი ოთხი ვირთხის გულის კედელში შეიყვანეს, რომლებმაც რამდენიმე დღით ადრე გადაიტანეს გულის შეტევა. რაც შეეხება ინიექციის გაკეთების პროცესს, მის სასურველ ადგილას შესაყვანად ულტრაბგერით გამოსახულებას იყენებენ.
პროცედურის ჩატარებიდან ერთი თვის შემდეგ ვირთხებში ნაწიბურები უფრო ელასტიკური, პატარა და რბილი გახდა. ამრიგად, ყველა ამ ფაქტორმა გული იმ ფიზიკურ მდგომარეობამდე დააბრუნა, ვიდრე შეტევა დაფიქსირდებოდა.
თუ ეს ახალი მეთოდი პოპულარული გახდება, ის ექიმებსა და პაციენტებს ტრავმის შემდეგ გულის არაინვაზიური მკურნალობის შესაძლებლობას მისცემს.