მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობისთვის მრავალი კვლევა ჩატარდა, გულის პრობლემებით მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად 18 მილიონი ადამიანი მაინც იღუპება…
ახლა კი ტორონტოსა და მონრეალის უნივერსიტეტების მკვლევრებმა 0.04-ინჩიანი პარკუჭი შექმნეს, რომელიც ჩვენი გულის მსგავსად მუშაობს და სითხესაც კი ტუმბავს. ეს მეცნიერებს წამლებისა თუ თერაპიების, გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების შესწავლის ახალ გზებსაც გაუხსნის.
„ჩვენი მოდელით სითხის გასვლის მოცულობისა და წნევის გაზომვა შეგვიძლია, ანუ პარკუჭის ყოველი შეკუმშვისას რამდენი სითხე გამოიდევნება. წინა მოდელებით კი ორივე მაჩვენებლის მიღება თითქმის შეუძლებელი იყო“, — აცხადებს სარგოლ ოხოვატიანი, ბიოსამედიცინო ინჟინერი.
აქამდე დაავადებული ან ჯანსაღი გულის შესწავლისთვის მეცნიერებს სულ რამდენიმე არჩევანი ჰქონდათ: იმ ორგანოების შესწავლა, რომელიც უკვე აღარ ფუნქციონირებს, ქსოვილების აღება ან ცხოველის მოდელში მისი გამოცდა, რაც ნაკლებად ეთიკური არჩევანია.
ეს ახალი გულის მსგავსი ორგანო კი სხეულის ნაწილების 3D მოდელების ტალღას შეუერთდა და ლაბორატორიაში სინთეზური და ბიოლოგიური მასალების ნაზავის გამოყენებით გაიზარდა. უჯრედები ახალგაზრდა თაგვების გულის ქსოვილებიდან მიიღეს და შემდეგ პოლიმერისგან დამზადებულ ფენაზე გაზარდეს, რითაც იგი ადამიანის მარცხენა პარკუჭის მსგავსადაც განვითარდა.
„აქამდე პარკუჭის 3D მოდელის შექმნის მხოლოდ რამდენიმე მცდელობა იყო, თუმცა ყველა მათგანი ერთი ფენით იყო დამზადებული, ნამდვილი გული კი მრავალი ფენისგან შედგება, თითოეულ ფენაში არსებული უჯრედი სხვადასხვა კუთხეზეცაა ორიენტირებული. როცა გული ცემს, ეს ფენები იკუმშება და ტრიალებს. პირსახოცის გაწურვას ჰგავს, რაც გულს მეტი სისხლის ამოტუმბვის საშუალებას აძლევს“, — აცხადებს მილიკა რადისიკი, ტორონტოს უნივერსიტეტის ქიმიკოსი.
ამ მოდელის არსებობა კონცეფციის შესანიშნავი მტკიცებულებაა, რომელსაც დროთა განმავლობაში უფრო ძლიერი სისტემის შესაქმნელად მეტი ქსოვილიც შეიძლება დაემატოს. თუ ვარაუდებს დავუჯერებთ, უფრო შორეულ მომავალში ეს მოდელი გულის ტრანსპლანტაციისთვის გამოსადეგიც კი გახდება.
„ამ მოდელებით როგორც უჯრედის, ისე ქსოვილისა და ორგანოს ფუნქციების შესწავლა შეგვიძლია, ეს ყველაფერი კი ინვაზიური ქირურგიისა და ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტების გარეშე მოხდება. ჩვენ მას წამლების დადებითი თუ უარყოფითი ეფექტების შესასწავლადაც გამოვიყენებთ“, — ამბობს რადისიკი.