in

„ჩვენც დიდი ბავშვები ვართ, ვინც ვეძებთ და ვპოულობთ იმას, რაც პატარების „გულსუნდა“

გაიგე, რას ნიშნავს, როცა „თამაში თამაშზე მეტია“

Startauperi
Startauperi
  • „ჩვენთან გოგოები და ბიჭები ერთნაირად სწავლობენ და ერთობიან“
  • „ფინანსური და კომერციულის გარდა, ძალიან დიდი ემოციური მოლოდინი გაამართლა“…

რით გავართოთ ბავშვი? რა წავუკითხოთ? როგორ ავარიდოთ ეკრანებთან ურთიერთობას და მიმართულება მივცეთ მის ჯანსაღ განვითარებას? – მსგავსი კითხვები „დიდებს“ ხშირად აქვთ, როდესაც ბავშვში ცნობისმოყვარეობის, ბუნების სიყვარულისა და ენთუზიაზმის გაღვიძების გზებს იკვლევენ. სწორი პასუხების ძიებისას, შესაძლოა, მივხვდეთ, რომ დროა, თავადაც კვლავ ბავშვის თვალებით შევხედოთ სამყაროს, ის ცნობისმოყვარეობა თუ სილაღე გავაღვიძოთ, რაც პატარობისას ასე აფერადებდა ჩვენს ცხოვრებას და უკვე „დიდმა ბავშვებმა“, გავიგოთ,  რაც გულს ნამდვილად უნდა.

ეს ამბავი ორ მშობელზეა, რომლებმაც საკუთარი შვილის გასართობი და შემეცნებითი თამაშების ძიებაში, საკუთარი საქმე აღმოაჩინეს. ანი ჩერქეზიშვილი და მისი მეუღლე არჩილ შარაშენიძე საკუთარ თავს დიდ ბავშვებს უწოდებენ – ენთუზიაზმით რომ უყურებენ ხოლმე მულტფილმებს და პატარასთან თამაშით თავადაც ერთობიან. თავიანთი ახალშობილისთვის საინტერესო გასართობის ძიებამ წყვილი ბიზნესიდეამდე მიიყვანა – გამოეშვათ ყოველთვიური საბავშვო ყუთი „გულსუნდა“, რომლის მიზანი ბავშვების გართობა და შემეცნებაა.

ყუთში 5-7 საბავშვო პროდუქტი/აქტივობაა მოთავსებული, მთავარი კი ისაა, რომ ყოველი თვის ყუთი განსხვავებულია და ახალი თვის დადგომასთან ერთად, მისი შემადგენლობა სრულად იცვლება.

ამავდროულად, ერთმანეთთან მისასვლელი გზა გაუხსნა ქართველი სტარტაპერებსა და მშობლებს – ერთი მხრივ, სტარტაპერებს თავიანთი ნაწარმის სამიზნე სეგმენტამდე მიწოდების შესაძლებლობა მიეცათ, მეორე მხრივ კი, მშობლებს გაუადვილა საფიქრალი – რა საბავშვო პროდუქტი თუ აქტივობა უყიდონ თვის განმავლობაში.

„იდეა ისაა, რომ თავად ყუთიც საჩუქარია. მის ძირზე არის სამაგიდო თამაში, გულსუნდას ყუთი გამოყენებადია. მას შემდგომ სათამაშოების, სახატავების, ზოგიც წინდების შესანახად იყენებს, სხვადასხვა ფუნქციასაც უძებნიან ბავშვები და მშობლები.

ხშირია ე.წ. ბიუთი ბოქსები, რომლებსაც მომხმარებლები ყოველთვიურად ყიდულობენ, მაგრამ საქართველოში საბავშვო „ბოქსები“ ყოველთვიური ახალი სიტყვაა. არ ვიცოდით, ქართველი მომხმარებლის შეხედულება. მშობლების ქცევა ისეთია, რაღაც რომ მოეწონება ბავშვს, იგივე მოლოდინი აქვს შემდეგ თვეშიც. არ ვიცოდით, როგორ შეეგუებოდა მომხმარებელი, მარტის ყუთში სხვა რაღაცები რომ დახვდებოდა. ამიტომ, თებერვალში საცდელად გავაკეთეთ 50 ექსკლუზიური ყუთი, რომელიც რამდენიმე დღეში ამოიყიდა.

რაც მთავარია, ჩვენთან გოგონები და ბიჭები ერთნაირად სწავლობენ და ერთობიან. ვცდილობთ, ფერებიც ნეიტრალური ავიღოთ (ვარდისფრისა და ცისფერის გარდა). გვინდა ეს აღქმა წვშალოთ. ნებისმიერ ფერს ვიღებთ, გარდა ამ ორისა, რომ გენდერული დეფერენციაცია არ გამოვიდეს,“ – გვიამბო ანი ჩერქეზიშვილმა.

M: რა დევს „გულსუნდას“ ყუთში?

ანი ჩერქეზიშვილი

ყუთში პროდუქტები შემთხვევითობის პრინციპით არ დევს. აქ ყველაფერი რაღაც იდეის გარშემო ტრიალებს, რაც გააღვივებს საინტერესო პროფესიების შეთავსების სურვილს, ბავშვებს და უფროსებს შესთავაზებს ისეთ აქტივობებს და პროდუქტებს, რაც აქამდე შეიძლება მათთვის სრულად უცნობი იყო. ყოველ ყუთში არის პროდუქტები, რომელიც რაღაც ღირებულებას ეხმაურება. თებერვლის ყუთში გვქონდა ასეთი პროდუქტი „შეუძლებელი არაფერია“. გვინდოდა გაგვესვა ხაზი, თუ ბავშვს რამე გულით უნდა, თუ გულს უნდა, ყველაფერი გამოუვათ. ამიტომ ქართულმა კომპანიამ „ნიკოლი“, შექმნა სპეციალური მოსასხამი და ასე წაახალისა ბავშვების იდეა, რომ ჩვენ ყველანი სუპერგმირები ვართ. ამან დიდი მოწონება დაიმსახურა. იმავე პრინციპით გვქონდა რუბრიკა „გახდი მებაღე“ – თებერვლის ყუთში იდო მცენარის დარგვის სრული ნაკრები: ქოთანი, ნიადაგი და ჩერი პომიდვრის თესლი. ბავშვს თავისი ხელით შეეძლო გაეხარებინა პომიდორი და მოსავალი მიეღო. ამასაც ძალიან კარგი გამოხმაურება მოყვა.

მარტის თვეში გვაქვს კედლის ილუსტრირებული სტიკერ-სახაზავი, რომელიც კედელზე ეკრობა. მასზე ჯანსაღი ცხოვრების წამახალისებელი ფრაზებია: ადექი ადრე, ისეირნე ველოსიპედით, ფეხით. მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებას, პოპულარიზაციას. მაგ: ნაკლები შაქარი მიიღოს, ნატურალური წვენი გაზიანი სასმელების ნაცვლად, მეტი წყალი დალიოს. გარდა ამ ფუნქციისა, ის სახაზავია და ბავშვის ზრდის დასაფიქსირებლად გამოდგება. ასევე, დევს „ჩხირკედელას“ ეკოპლასტელინი, რომელიც საქართველოშია წარმოებული. ყოველ პროდუქტს აწერია მისი მწარმოებელი და მშობელს, მომდევნო ჯერზე, პირდაპირ მისგან შეუძლია შეიძინოს.

M: რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ „გულსუნდა“ მშობლების მეგობარიცაა?

უზომოდ სასიამოვნოა, რომ „გულსუნდა“ ბავშვების მეგობარია. სანამ ბავშვი ყუთს გახსნის, სპეციალურად მისთვის დაწერილი წერილი ხვდება. ასეთი ამბავიც გვაქვს, ერთი ბიჭია, რომელიც წავკისში ცხოვრობს. რომ გაიღვიძებს, ქალაქს გადახედავს ხოლმე. ისე მოხდა, რომ „გულსუნდა“ თებერვალშიც იყიდეს და მარტშიც. მარტის წერილში „გულსუნდამ“ დაუწერა – რა მაგარია, რომ გადმოხედავ ქალაქს და მას ჩვენს მოსასხამში იცავო. ისიც, თურმე, მთელი დღეები ამაყად დააბიჯებს ამ მოსასხამში.

მშობლების მეგობარი იმიტომ ვართ, რომ ვზოგავთ მის ენერგიასა და დროს, ფიქრს – „რამდენი დავახარჯო, რა შევურჩიო“. ამას ვაკეთებთ ჩვენ, პროფესიონალები. ძალიან დიდ დროს ვხარჯავთ, ბევრ კომპანიას ვაკვირდებით, ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, ვტესტავთ, ვარჩევთ პროდუქციას, ძალიან კომპლექსური პროცესია. ჩავატარეთ კვლევა და მინიმუმ, 50 ლარს ხარჯავენ მშობლები საკანცელარიო თუ სხვა გასართობ საშუალებებზე. ასე რომ, 40 ლარი საკმაოდ მოსახერხებელი თანხაა.

M: რა გამოცდილებამ მოგცათ საშუალება, მწარმოებლები, მშობლები და ბავშვები ამგვარად დაგეკავშირებინათ ერთმანეთთან?

პირველ რიგში, მე და ჩემი მეუღლე ვართ დიდი ბავშვები. ძალიან გვიყვარს ხარისხიანი მულტფილმები, სათამაშოები, ჩვენც ვერთობით ბავშვისთვის მათი შერჩევის პროცესით. შეუძლებელია საბავშვო მიმართულებით მუშაობდე და არ გიყვარდეს საბავშვო პროდუქტები. ჩვენც ისევე ვერთობით პლასტელინებით, სამაგიდო თამაშებით, გასაფერადებლებით, როგორც „გულსუნდას“ ადრესატი. 

მაქვს 5 წლიანი გამოცდილება მენეჯმენტში. რა მიმართულებითაც მიმუშავია, ან 90% ქალი იყო, ან მომუშავეთა 90%-ს მამაკაცები წარმოადგენდნენ. ბოლოს მივხვდი, რომ ბავშვები ყველაზე საინტერესო სეგმენტია. დღეს 100%-ით ბავშებზე ვმუშაობ. თან, ვიცი ჩვენი რესურსი და კონცენტრირებული ვართ ამ საქმეზე. მთელი გულით ვაკეთებთ „გულსუნდას“. ყუთის ყველა დეტალი გათვლილია.

M: ბიზნესის თვალსაზრისით რამდენად საინტერესოა?

ყველაზე ღირებული უკუკავშირი ბავშვებისგანაა. ისინი ამ მოსასხამებით იძინებენ, ისე, რომ ვერ ხდიან, „გულსუნდას“ ერთ-ერთი მეგობარი ყოველდღე ამოწმებს პომიდორი გაიზარდა თუ არა. ფინანსური და კომერციულის გარდა, ძალიან დიდი ემოციური მოლოდინი გაამართლა.

გულსუნდაში პროდუქტებს არ ვყიდულობთ და არ ვართ გადამყიდველები. პირიქით, ბრენდის სახელი ნარჩუნდება. მეწარმეები თავიანთი პროდუქციის გარკვეულ რაოდენობას (მინიმუმ 50 ცალს) სრულიად უფასოდ დებენ ყუთში, რომ სულ მცირე, 50 ოჯახში მოხვდეს და ეს არის ყველაზე მაგარი რეკლამა. მარკეტინგულ მხარეს ჩვენ უზრუნველვყოფთ. ყველაზე კარგი რეკლამაა, როდესაც მომხმარებელთან სახლში მიდის ეს პროდუქტი და ისინი ადგილზე ნახულობენ ხარისხს, თუ აღფრთოვანებილია ის შენი პროდუქტის მომხმარებელიც ხდება, თან კარგ რეკომენდაციას გაგიწევს.

M: როგორ დაარწმუნე ეს მცირე მეწარმეები?

ძალიან დიდი შრომაა, მოიძიო პროდუქტი, გატესტო, მოგეწონოს, შემდეგ კი დაარწმუნო მეწარმე, ჩადოს ის ყუთში. რაც მეტია რაოდენობა, მით მეტ ოჯახში ხვდება ეს პროდუქტი და მეტი შანსია, რომ დაგიბრუნდეს მომხმარებელი და უშუალოდ მწარმოებლისგან იყიდოს. ჩვენც ეს გვინდა. ყუთში არის ქაღალდი, სადაც აღწერილია, რა დევს შიგნით და მოცემულია ინფორმაცია მწარმოებელზე. წერილში მივმართავთ შენობით და ვხსნით, რატომ მივიტანეთ პროდუქტი. მშობელი, QR კოდის საშუალებით, სრულ ინფორმაციას ნახულობს ბრენდის შესახებ.

„გულსუნდას“ მიზანია, მომხმარებელი დაბრუნდეს მეწარმესთან და თქვენ იყოთ კმაყოფილი. ვცდილობთ, ქართული პროდუქტი და კარგი ხარისხი წამოვწიოთ წინ. პრაქტიკულად, ეს არის „მარკეტფლეისი“.

ალბათ, გულწრფელობით დავარწმუნე. ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო ნიკოლი, რომელმაც მოსასხამები შეკერა. ძალიან გამბედავი და მისაბაძი მაგალითია მათი მხრიდან, ახალ იდეას ასე რომ დაუჭირეს მხარი. არ არის მარტივი, შენი ხარჯით შექმნა მასალა და მომცე, მაგრამ მაგალითად, სატელევიზიო რეკლამას, სულ მცირე, 10.000 ლარიანი ბიუჯეტი დასჭირდებოდა. თანაც, გამოჩნდებოდა მხოლოდ სახელი, არც პროდუქტი, ბრენდი ან ხარისხი. აქ კი, რამდენიმე დღის შრომა და მინიმალური ხარჯებით შექმნილი  პროდუქტი ბავშებს გმირებად აქცევს.

„გულსუნდა“ არ არის და არც იქნება გადამყიდველი, რომელიც აიღებს რომელიმე პროდუქტს, გადაფუთავს და გაყიდის. კომპანიებისთვის ჩვენ ვართ სარეკლამო სივრცე, რომელიც მათ მომხმარებლამდე მისვლაში ეხმარება. 

M: სახელი როგორ შეარჩიეთ?

სახელი აუცილებლად ქართული უნდა ყოფილიყო, თან ისეთი, პირდაპირ რომ გეუბნებოდეს ბრენდის სათქმელს. ჰოდა, ბევრი არ გვიფიქრია, გავიგეთ, რა უნდა გულს და დავარქვით – „გულსუნდა“. თვითონ სახელი ბრენდის მთავარ ღირებულებაზეც საუბრობს და ეს გულწრფელობაა. ბავშვებს მოვუწოდებთ, გაიგონ, რა სურს მათ გულს და მიყვნენ ამ სურვილებს.

M: როგორი იქნება აპრილის „გულსუნდა“?

აპრილში ერთ-ერთი ღირებულებაა, ბავშვი იყოს დამოუკიდებელი სამზარეულოში. გოგონები და ბიჭები მიეჩვევიან დედიკოებისა და მამიკოების დახმარებას. იქნება სპეციალურად მათთვის შეკერილი შეფ-მზარეულის წინსაფარი. ეს წაახალისებს ბავშვებს, მიეხმარონ მშობლებს და თავის მხრივ, მშობლებიც მიეჩვევიან სამზარეულოში ბავშვების ტრიალს. ეს არის გარკვეულწილად, თერაპია ბავშვებისთვის. ბიჭები არ კომპლექსდებიან, მერე რომ იზრდებიან და რომ არ შედიან ხოლმე სამზარეულოში. ამ წინსაფრებს ქართული ბრენდი უნიკი დაგვიმზადებს. ასევე, იქნება ბაჭიის ფორმის საპნები. 

კიდევ ერთი ძალიან კარგი ქართული პროდუქტი გვაქვს, სამაგიდო თამაში „სამეფო“, რომელიც ბავშვებს საქართველოს ისტორიას ასწავლის სახალისო და შემეცნებითი გზით. თამაში ეპოქებადაა დაყოფილი თავისი მეფეებით, რუქებით და ა.შ. აწყობენ სხვადასხვა ვერსიით, ამ თამაშით მარტივად შეისწავლიან საქართველოს ისტორიას.

„გულსუნდას“ ორი ფაზა ექნება: „გულსუნდა“ ყუთში და ყუთს გარეთ. ის ბევრ საინტერესო, ნაყოფიერ და პროდუქტიულ სიახლეს ჰპირდება მის მეგობრებს.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

ბაკურიანმა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით გამართულ მსოფლიო თასის ეტაპებს ღირსეულად უმასპინძლა

„ცხვირი წავიმტვრიეთ, მაგრამ ვისწავლეთ” – Beauty Lab