in ,

გუნდი ღვინის ქვეყნიდან – ახალი კვართი, ჩვენი ფერი

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს რაგბიში, „ბირჯღალოსნებს“, ახალი კვართი აქვს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ნაკრებს, როგორც ბრენდს, სხვა ნაკრებებისგან  ორიგინალური კონცეფციითა და ფერით გამოარჩევს. „ბორჯღალოსნების“ ძირითადი კვართი ღვინისფერია, ალტერნატიული კი – თეთრი. რებრენდინგის კონცეფციაზე, რაგბის კავშირთან ერთად, სტრატეგიულმა სააგენტო LIVE Branding-მაც იმუშავა, განახლებულ დიზაინსა და წარმოებაზე კი სარაგბო სამოსის ახალზელანდიურმა  ტრადიციულმა ბრენდმა  Canterbury-იმ იზრუნა. რატომ შეიცვალა ნაკრების კვართი, როგორია მისი ახალი კონცეფცია და რა სიმბოლურ დატვირთვას ატარებს იგი, ამის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირის საოპერაციო დირექტორმა ბატონმა ბაჩო ხურციძემ და სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE-ის დამფუძნებელმა ბატონმა ალექსი ჩიქოვანმა ისაუბრეს.

BOG
BOG

M: რამ განაპირობა რაგბის კვართის ცვლილება?

ბაჩო ხურციძე: ქართული რაგბი და კერძოდ, საქართველოს ნაკრები, უკვე არის ის ბრენდი, რომელიც საქართველოს საერთაშორისო მასშტაბით წარადგენს. ამიტომ დადგა დრო, საქართველოს ნაკრებს, როგორც მსოფლიო ასპარეზზე ქართული რაგბის მთავარ წარმდგენსა და სრულყოფილ ბრენდს, ჰქონდეს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, გამორჩეული და უნიკალური ფერი. ცნობილია, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ნაკრებებს კონკრეტული ფერები აქვთ მისაკუთრებული, რაც მათი მყისიერი იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა. მაგალითად, ყვითელი ავსტრალიის ნაკრებია, შავი – ახალი ზელანდიის (ფერის გამო მათი ზედმეტსახელი All Blacks-ია); მწვანე – ირლანდიის, ლურჯი – საფრანგეთის, თეთრი – ინგლისის და ა.შ. ზუსტად ასევე, ნებისმიერ ქვეყნის რაგბის ქომაგი თვალის ერთი შევლებით უნდა ხვდებოდეს, რომ მოედანზე „ბორჯღალოსნები“ არიან. ვფიქრობთ, რომ ეროვნული ნაკრების კვართის რებრენდინგი გაბედული ნაბიჯი იყო. იმედი მაქვს, ქომაგი მალევე შეიყვარებს ახალ კვართს და ჩვენი სარაგბო ფერის  ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრებას ჩვენ ერთად შევძლებთ.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/GeorgianRugby/videos/1261027657327664/” width=”720″ height=”340″ onlyvideo=”1″]

Video Credit LF&T

მინდა აღვნიშნო, რომ ეს ცვლილება ცარიელ ადგილას არ მომხდარა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ „ბორჯღალოსნები“ შინდისფერი კვართებით თამაშობდნენ, რაც ჩვენს ნაკრებს სხვებისგან აშკარად გამოარჩევდა. ძველი კვართი ჩვენი ქვეყნის ძველი დროშის ფერი – მუქი შინდისფერი იყო. მიუხედავად საქართველოს ძველი დროშის გმირული წარსულისა (ჩვენმა ქვეყანამ  ამ დროშის ქვეშ ორჯერ მოიპოვა დამოუკიდებლობა) და მის მიმართ ჩვენი დიდი პატივისცემისა, საზოგადოების უმრავლესობაში იგი, მეოცე საუკუნის ავბედით 90-იანების გამო, ბევრ ნეგატიურ მოვლენასთან ასოცირდებოდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ახალი კვართი ძველი დროშის ფერი არ ყოფილიყო, მაგრამ არც ძალიან შორს წასულიყო მისგან.

რაც მთავარია, ახალი კვართის კონცეფცია საქართველოსთვის მნიშვნელოვან თემას უნდა მიბმოდა, რადგან, როგორც წესი, ყველა ტრადიციული სარაგბო ქვეყნის ნაკრების სიმბოლიკა სწორედ მის ქვეყანასთან ყველაზე მეტად ასოცირებულ ისტორიასთან თუ თემასთან არის მიბმული. სწორედ ამიტომ შეირჩა ღვინის თემა, მითუმეტეს რომ „ბორჯღალოსნების“ ბრენდისა და მათი მაისურის განუყოფელი ნაწილი უკვე არის ვაზის ლერწამი და მისი თანმდევი ლეგენდა.

ხაზი მინდა გავუსვა, რომ ახალი კვართის კონცეფციის შერჩევისას ჩვენი ქვეყნისთვის მეტი სარგებლის მოტანაზეც ვიფიქრეთ. „გუნდი ღვინის ქვეყნიდან!  (ინგლისურად – A team from the wine country)“ – ეს ის  ქვაკუთხედია, რომელიც  არათუ „ბორჯღალოსნების“ ბრენდს ხდის უფრო მეტად საინტერესოს, არამედ ჩვენი სამშობლოს,როგორც ღვინის აკვნის  პოპულარიზაციაშიც შეაქვს წვლილი.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ისეთი ცნობილი და ტრადიციული სარაგბო სამოსის ბრენდი როგორიც “ქენთერბერია” (რომლის სამოსიც მსოფლიოს ყველა დიდ ნაკრებს ცმია, მათ შორის ახალ ზელანდიას, ავსტრალიას და ასე შემდეგ) ქართულ რაგბიში არა უბრალოდ “მომწოდებლის” სტატუსით შემოვიდა, არამედ სპონსორის სახით. ეს ნიშნავს იმას, რომ ისევე როგორვ ინგლისისა და ირლანდიის ეროვნულ ნაკრებებს, “ქენტერბერი” საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც სათამაშო ეკიპირებას უსასყიდლოდ მიაწოდებს. ხოლო 2019 წლის მსოფლიო თასზე არა მხოლოდ სათამაშო ეკიპირებაზე, არამედ ბორჯღალოსნების სრულად შემოსვაზეც უსასყიდლოთ იზრუნებს. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგას, საქართველოს რაგბის კავშირის მარკიტინგის დირექტორს, მიხეილ ხარატს, რომელმაც აწარმოა მოლაპარაკებები ბრენდთან.

სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ “კენტერბერის” ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ მათი ლოგოს დატანა ისეთი ნაკრების სათამაშო ეკიპირებაზე როგორიც საქართველოს ნაკრებია მათთვის ძალიან პრესტიჟული და საპატიოა. მსგავსი ფაქტი ასეთი დიდი ბრენდის მხრიდან საქართველოს რაგბის ისტორიაში პირველად დაფიქსირდა, ქართული რაგბის ასეთი აღიარება ძალიან სასიხარულოა.

დაბოლოს, მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ჩვენი გენერალური სპონსორის, „თი-ბი-სი ბანკის“ დახმარებით შეიქმნა ინტერნეტმაღაზია www.rugbystore.ge, სადაც ნებისმიერი მსურველი  შეძლებს როგორც ჩვენი ნაკრების კვართის, ისე სხვა სარაგბო ატრიბუტიკის შეძენას.

M: რას გულისხმობს ახალი კონცეფცია? რა სიმბოლური დატვირთვა აქვს ახალ ფერებს?

ალექსი ჩიქოვანი – დავიწყებ განხორციელებული ცვლილების შედეგიდან: დღეიდან, საქართველოს რაგბის ნაკრები დაისაკუთრებს ფერს, რომლითაც საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი, როგორც ქართული გუნდისა და ბრენდის მყისიერი იდენტიფიკაცია მოხდება და ეს ფერი ღვინისფერი იქნება. უფრო ზუსტად – ეს იქნება აბორიგენული ქართული უნიკალური ვაზის ჯიშის – „საფერავის“ ფერი, ალტერნატიულ ფერად კი თეთრი შევარჩიეთ. კონცეფცია ასე ჟღერს: გუნდი ღვინის ქვეყნიდან – A team from the wine country; ჩვენი ფერის სახელწოდება „ღვინისფერია“ (color wine); აქვე გეტყვით, რომ ღვინის თემა არა მხოლოდ კონცეფციაში, კვართის დიზაინშიც აისახა. ჩვენი ნაკრების ძირითადი ღვინსფერისა და ალტერნატიული თეთრი კვართების ვიზუალურ კონცეფციაში წითელი და თეთრი ღვინის შეფუთვის წესებიც არის გათვალისწინებული.

ამ ნაბიჯით, ჩვენ არა მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, „ბორჯღალოსნებს“ ვძენთ გამორჩეულობას და მას, როგორც ბრენდს კლასიკურად ვფუთავთ, არამედ გვინდა, მეტი წვლილი შევიტანოთ საერთაშორისო მასშტაბით ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციაში – საქართველო ხომ ღვინის სამშობლოა?! ასე რომ რაგბი,  როგორც ყოველთვის, საერთო ქართულ საქმეშიც მიიღებს მონაწილეობას და ვინ იცის, იქნებ ყველაზე უკეთაც კი გააკეთოს ეს!

ამიტომ, ჩვენი მთავარი სარაგბო ბრენდის საკომუნიკაციო განაცხადი ასეთია: „ჩვენ, „ბორჯღალოსნები“, ვართ გუნდი ღვინის ქვეყნიდან! – We are Lelos – a team from the wine country!

ასე რომ, დღეიდან საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრებს, როგორც ბრენდს, ბრენდის შეფუთვისათვის საჭირო ყველა კომპონენტი გააჩნია:

  • ბრენდის კონცეფცია, რომელიც თემატურად ებმის საქართველოს ღვინის ისტორიასა და კულტურას: გუნდი ღვინის ქვეყნიდან; ამ კონცეფციის ვიზუალური სიმბოლო: ვაზის ლერწამი და ლეგენდა მასზე;
  • ბრენდის ნიშანი: ბორჯღალი – უძველესი, ძალიან საინტერესო და დადებითი სიმბოლო;
  • გამორჩეული ფერი: ღვინისფერი.

ცლილება, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ,  კიდევ ერთი რამით არის მნიშვნელოვანი – როგორც ცნობილია, ქართულ რაგბის აქვს ამბიცია და მიზანი, შევიდეს და ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიო სარაგბო ელიტაში. შესაბამისად, ჩვენი მთავარი სარაგბო ბრენდიც ისევე უნდა იყოს შეფუთული და ისეთივე ეფექტიან და ეფექტურ კომუნიკაციას ამყარებდეს, როგორც ამას ელტარული ნაკრებები აკეთებენ. ამ ცვლილებით ჩვენ, ფაქტობრივად, დავასრულეთ ბრენდის შეფუთვა და ახლა ჯერი სწორ, უწყვეტ და თანმიმდევრულ კომუნიკაციაზეა.

რა მოხდა Snickers–ის გადასაღებ მოედანზე? – ჩაშლილი გადაღებები სუპერ–ბოულისთვის

„კლუბ 71“-ის საუნების განახლება დასრულდა!