ამ საკითხზე ზოგადად რომ არ გველაპარაკა, ორგანიზაციულმა ფსიქოლოგმა დევიდ ბურკუსმა KPMG-ის, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვან საბუღალტრო კომპანიის მაგალითის განხილვა გადაწყვიტა. იგი 30 000 თანამშრომელს აერთიანებს და არც ისე დიდი ხნის წინ მისი მიზანი მორალისა და ჩართულობის გაუმჯობესება იყო. თუნდაც იმიტომ, რომ თანამშრომელთა მხოლოდ ნახევარი საუბრობდა კომპანიის სასარგებლოდ. ძირითადად ანაზღაურების ზრდაზე, მეტ მოქნილობაზე, წინსვლის შესაძლებლობებსა და სხვა საკითხებზე ამახვილებდნენ ყურადღებას… თუმცა ისიც ფაქტია, რომ ბუღალტერია, უფრო კონკრეტულად კი აუდიტი, მოსაწყენი სამუშაოა.
მას შემდეგ, რაც ჩართულობის ყველა ტრადიციული იდეა ამოწურეს, გადაწყვიტეს, მიზანი განესაზღვრათ და მეტად გაბედული ნაბიჯიც გადაედგათ — სთორითელინგს მიმართეს და We Shape History-ის კამპანია ჩაუშვეს, რომლითაც გვიზიარებდნენ, თუ როგორ იყო ჩართული კომპანია მსოფლიოს ისტორიის მნიშვნელოვან მომენტებში… აჩვენებდნენ, როგორ ემსახურებოდა KPMG თავის მიზანს და ამის შესახებ პოსტერებით ყველას შეახსენებდნენ — კამპანიამ გაამართლა:
როგორც აღმოჩნდა, ადამიანების უმეტესობას კითხვა „რატომ“ კი არა, „ვინ?“ აინტერესებს, ანუ ვის ემსახურებიან იმ საქმით, რომელსაც აკეთებენ. აქვე, თუ გკითხავთ, როდის იგრძენით თავი სამსახურში ჩართულად ან შთაგონებულად, პირველი ის კი არ გაგახსენდებათ, როდის გითხრათ ხელმძღვანელმა კომპანიის მისიის შესახებ, არამედ ის, თუ როდის მოისმინეთ მადლობა კოლეგისგან, ანუ როდის იგრძენით, რომ თქვენი სამუშაო სხვისთვის მნიშვნელოვანი იყო.
აქ ქოლცენტრის მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, საიდანაც გამუდმებით გვირეკავენ… ფაქტი კი ის არის, რომ ოპერატორები სამსახურს ძალიან მალე ტოვებენ. კვლევის თანახმად, ყოველ სამ თვეში მთლიანი პერსონალი იცვლება… მთავარ მიზეზად კი შრომის დაუფასებლობას ასახელებენ. სწორედ ამიტომ, მკვლევრებმა პატარა ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტეს, მათ მიაწოდეს პასუხი კითხვაზე, ვის ვემსახურები ჩემი მუშაობით? საშუალება მისცეს, 5 წუთით გასაუბრებოდნენ ადამიანს, რომლის ცხოვრებაც თავიანთი მუშაობით გააუმჯობესეს… ერთი თვის შემდეგ კი ამან მნიშვნელოვნად იმოქმედა თანამშრომლებზე, ისინი ორჯერ უფრო პროდუქტიულები გახდნენ და მათი შემოსავლებიც გაიზარდა.
მკვლევრები გვეუბნებიან, რომ ეს თანამშრომლები პროსოციალური მოტივაციით იყვნენ შთაგონებულნი, სურვილით, რომ დაეცვათ სხვების კეთილდღეობა. მართალია, როცა ზრდაზე ან მდგრადობაზე ვლაპარაკობთ, საშინლად რთულდება კონკრეტული ამბების მოყოლა კონკრეტულ ადამიანებზე, რომელთა ცხოვრებაც ჩვენი გაკეთებული საქმით უმჯობესდება, მაგრამ პროსოციალური მიზანი სწორედ ის არის, რაც ჩვენ გვსურს სამსახურიდან.
We Shape History-ის კამპანიას 10,000 Stories Challenge-იც მოჰყვა, მათ ადამიანებს უთხრეს — „თქვენ გაიგეთ, რა შევცვალეთ წარსულში, ახლა კი გვითხარით, რას ცვლით თქვენ დღეს“, ონლაინ აპლიკაცია გახსნეს, რომელიც მხოლოდ ინდივიდუალურ პასუხებს იღებდა და ადამიანებს საშუალებას აძლევდა, პოსტერების საკუთარი ვერსია შეემუშავებინათ. მართალია, 10 ათასის ნაცვლად, 42 000 ამბავი მოისმინეს, მაგრამ ასე მიზანს მიაღწიეს.
და რას უნდა ნიშნავდეს ეს მაგალითი თქვენთვის? თუ ხელმძღვანელ პოზიციაზე ხართ, ეს იმას გულისხმობს, რომ თქვენი საქმეების ნაწილი სთორითელინგმა უნდა მოიცვას. ყოველთვის მზად უნდა იყოთ, რომ მოჰყვეთ მომხმარებლის, თანამშრომლის ან თქვენი საზოგადოების წევრის ამბავი, რომლის ცხოვრებაც უკეთესი გახდა იმ საქმით, რომელსაც თქვენი გუნდი აკეთებს. და თუ არ ხართ ხელმძღვანელ პოზიციაზე, კვლავ შეგიძლიათ შთააგონოთ თქვენი კოლეგები — ყოველ ჯერზე მიღებული მადლობა შეინახეთ და როცა ვინმესთვის დაგჭირდებათ იმის ახსნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქმე, რომელსაც აკეთებთ, მაშინ გამოიყენეთ.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ეს ის არის, რაც გვსურს, არა?! ვაკეთოთ საქმე, რომელიც მნიშვნელოვანია და ვიმუშაოთ ხელმძღვანელებთან, რომლებიც გვეტყვიან, რომ ჩვენს მუშაობას აზრი აქვს…