ტექნიკური პროექტები ხშირად განიხილება ტრანსფორმაციულად. როგორც წესი, ეს ნიშნავს ახალ პროცესებს, ახალ მიდგომებსა და ტექნოლოგიებს. ამ სიახლეს გაურკვევლობაც ახლავს, როგორიც არ უნდა იყოს პროექტი. თუ პრობლემა ნაპოვნია, მაგრამ არ არის დასმული მისი გადაჭრის საკითხი, ზარალის პოტენციალი იზრდება.
პროექტის მენეჯერებმა უნდა უზრუნველყონ, რომ თანამშრომლებს ჰქონდეთ საშუალება და მეთოდები ტექნიკურ პროექტზე პრობლემის წამოსაჭრელად, სანამ ის გამოიწვევს ისეთ დიდ კრიზისს, როგორიცაა მაგალითად ტექნიკური ავარია ან თუნდაც, კომპიუტერული სისტემის ან ელექტროქსელის გადატვირთვა სტიქიური უბედურების დროს. საშიშროების წარმოჩენის საჭიროება შეიძლება კრიტიკულ სიტუაციასაც კი უკავშირდებოდეს. მაშინაც კი, თუ ტექნიკური პროექტი რუტინული და მოგვარებადია, საკითხების წამოჭრის უნარი გადამწყვეტია პროექტის წარმატებისთვის.
როდესაც გუნდის წევრმა არ იცის როგორ ან როდის წამოჭრას საკითხი – ან უკან იხევს მოსალოდნელი წინააღმდეგობის გამო – შედეგები შეიძლება დამღუპველი იყოს პროცესის ყველა მონაწილესთვის – პროექტზე მომუშავე ადამიანებისთვისაც და მომხმარებლისთვისაც. მაგალითად, Boeing 737 Max-ის ორი ავიაკატასტროფის შემდეგ, კონგრესის გამოძიებამ დაადგინა, რომ პირველი ავარიის შემდეგაც კი, Boeing-მა უგულვებელყო პოტენციური საფრთხეები, რეკომენდაციები და გადამზადება ავიაკომპანიებისა და პილოტებისთვის.
ფსიქოლოგიური უსაფრთხოება ხელს უწყობს პრობლემებზე საუბარს
ნდობის კულტურა ან ფსიქოლოგიური უსაფრთხოება, უბიძგებს ინდივიდებს, დამშვიდდნენ და ისაუბრონ. შესაძლოა ეს არ არის თქვენი ორგანიზაციისთვის პრიორიტეტი, თუმცა თუკი თანამშრომელმა იცის, რომ პრობლემაზე საუბრის შედეგად მას ბრალდებებს არ წაუყენებენ, ისინი უფრო მეტად გაბედავენ სათქმელის გადმოცემას. როდესაც ფსიქოლოგიური უსაფრთხოების პრობლემა დგას, ნაკლებია ინოვაცია და ახლის სწავლის მოტივაცია. როგორც მენეჯერი, მოუწოდებთ თუ არა თქვენს გუნდებს მსგავსი რისკების აღებისკენ? ქმნით სრულყოფილების მოლოდინს თუ აჯილდოვებთ? საუბრობთ გუნდის წევრებთან რთული გამოწვევების ადრეული გადაწყვეტის შესახებ? მენეჯერებმა უნდა შექმნან გარემო ღია დისკუსიისა და საუბრისთვის.
წაახალისეთ მკაფიო კომუნიკაცია
კომუნიკაციის სისუსტემ პროექტის გუნდში შეიძლება შეაფერხოს საკითხების იდენტიფიცირებისა და გამკლავების მცდელობა. პროექტის მიმდინარეობისას, პრობლემებზე საუბრის ნაკლებობა ხარჯებს არაპროპორციულად ზრდის. ყველაზე უარესი ის არის, რომ ხანდახან ვერც კი ვხვდებით, როდის გვაქვს პრობლემა, რომ აღარაფერი ვთქვათ თავად კომუნიკაციაზე. პრობლემა შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ის იყოს ყურადღების მიღმა. დენ ჰიტი წერს, რომ „პრობლემისადმი სიბრმავემ შეიძლება დაგვავიწყოს სერიოზული გამოწვევები“. პრობლემის არსებობის ვერ აღიარება კიდევ უფრო აფერხებს გამოწვევებთან გამკლავებას.
ტექნიკური პროექტები ხშირად ეყრდნობა პარალელურ აქტივობებს. შესაბამისად, ცალკეულ გუნდებს შეიძლება ჰქონდეთ მცირე ურთიერთქმედება გადაწყვეტილების მიღებისას. ეს გადაწყვეტილებები შეიძლება დასრულდეს კონფლიქტით, რაც თავის მხრივ, იწვევს შეფერხებას. პრობლემა, როგორც წესი, არის არა ეფექტური გადაწყვეტილების მიღება, არამედ კოორდინაციისა და კომუნიკაციის ნაკლებობა. სწორედ ამიტომ, წარმატებისთვის საჭირო მიზნისა და მიმართულების სიცხადე უნდა ეცნობოს ყველას თანმიმდევრულად და დეტალურად, პროექტის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. ასეთ დროს, გამოგადგებათ გუნდებსშორისი კომუნიკატორების ყოლა, რომლებიც ინფორმაციის მიმოცვლას შეუწყობენ ხელს.
წაახალისეთ და დააჯილდოვეთ უკუკავშირი
ადამიანებს, როგორც წესი, არ სურთ უკუკავშირის გაცემა და მიღება. ეს უხალისობა შეიძლება გამოწვეული იყოს უკუკავშირის კულტურის განუვითარებლობით ან იმის შიშით, რომ სხვები ვერ მიიღებენ მათ უკუკავშირს ჯანსაღად. უკუკავშირის კულტურის არარსებობის პირობებში, პროექტის გამოწვევების განხილვის შესაძლებლობა მარტივად შეიძლება გამოგრჩეთ. უკუკავშირი, ასევე, შეიძლება დაგვეხმაროს შემეცნებითი მიკერძოების დაძლევაში, რაც მენეჯერებში ხშირია. ზოგჯერ ისინი თვლიან, რომ გამოსავალი უფრო რთული იქნება ან უფრო დიდ დროს წაიღებს.
ტექნიკურმა პროფესიონალებმა უნდა განივითარონ ემოციური ინტელექტი
ზოგჯერ გუნდში შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ კომუნიკაციის უნარები (მათ შორის, ემოციური), რათა პრობლემაზე სათანადოდ ისაუბრონ. დანიელ გოლდმენი ამტკიცებს, რომ EQ ტექნიკურ გუნდებში წარმატების უკეთესი მაჩვენებელია, ვიდრე IQ. გამოწვევა შეიძლება იყოს ის, რომ ინდივიდმა სრულად ვერ გააცნობიეროს საკუთარი გავლენა პროექტზე ან გუნდის სხვა წევრებზე. ადამიანების დახმარება სიტუაციური ცნობიერების განვითარებაში და ემოციების გავლენის ამოცნობის უნარი გადაწყვეტილების მიღებასა და ინტერპერსონალურ ურთიერთქმედებებზე შეიძლება იყოს ტექნიკური პროექტის ეფექტური გუნდის შექმნის საიდუმლო.
წყარო: HBR













