მეცნიერები ამბობენ, რომ გიგანტური პირამიდა, რომელიც ინდონეზიაში გორაკის ქვეშ იმალება, იმაზე ძველია, ვიდრე სტოუნჰენჯი ან გიზის პირამიდები… Gunung Padang-მა ადამიანის ხელით აგებულ უძველეს მეგალითურ სტრუქტურებსაც კი შეიძლება გაუწიოს კონკურენცია. და თუ სახელს ადგილობრივი ენიდან ვთარგმნით „განმანათლებლობის მთას“ მივიღებთ…
ამ ტიპის ნაგებობას დასავლეთ ჯავას კუნძულზე punden berundak-ს უწოდებენ, რაც საფეხურებიან პირამიდას ნიშნავს, ტერასებისთვის, რომლებსაც მის მწვერვალამდე მივყავართ. პოტენციურად კი Gunung Padang უძველესი პირამიდაა მსოფლიოში, რომელიც ჩამქრალ ვულკანზე სოფლის მეურნეობის განვითარებამდე ან ცივილიზაციამდე აშენდა. არქეოლოგები იმასაც ვარაუდობენ, რომ იგი, შესაძლოა. სავსე იყოს დიდი ოთახებით, რომლებშიც ჩვენთვის უცნობი რაღაცები იმალება.
პირველი რადიოკარბონული დათარიღების მიხედვით, მისი მშენებლობა გამყინვარების პერიოდში, სადღაც 16 000 ან 27 000 წლის წინ უნდა დაწყებულიყო. კონკრეტული აღმოჩენის პერსპექტივა კი უკეთ რომ დაინახოთ, გეტყვით, რომ თურქეთში არსებული Göbekli Tepe, რომელიც ყველაზე ძველ მეგალითადაა მიჩნეული, 11 000 წლით თარიღდება.
საინტერესოა ისიც, რომ მიღებული შედეგი მრავალი წლის ფრთხილ ანალიზს ეფუძნება. ამაზე მუშაობა არქეოლოგებმა ჯერ კიდევ 2011-2015 წლებში დაიწყეს და მრავალი ტექნიკა გამოიყენეს. ამ ნაგებობის ძირითადი ნაწილი, სავარაუდოდ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 25 000-14 000-მდე აშენდა, თუმცა უკვე რამდენიმე ათასწლეული იქნება, რაც მიტოვებულია. როგორც ჩანს, ნაგებობის ზოგიერთი ნაწილი მშენებლებმა შეგნებულად დამალეს.
„Gunung Padang-ის მე-3 და მე-2 განყოფილების მშენებლებს უნდა ჰქონოდათ ქვის ოსტატობის შესანიშნავი შესაძლებლობები, რომლებიც არ შეესაბამება მონადირე-შემგროვებელთა ტრადიციულ კულტურებს. ამ ადგილის ხანგრძლივი და უწყვეტი ოკუპაციის გათვალისწინებით, გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ Gunung Padang-ს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდnენ“, — განმარტავენ მკვლევრები.
სეისმური ტალღებით სტრუქტურის ინტერიერის დათვალიერებისას კი ღრმულები და ოთახები აღმოაჩინეს, რომელთაგანაც ზოგს 15/10 მეტრი ჭერი აქვს. ხოლო თუ მკვლევრები შესაბამის ადგილს იპოვიან, ეცდებიან სიბნელეში კამერა ჩააგდონ და დეტალურად დაინახონ, რა იმალება ამ უძველეს ნაგებობაში. თუმცა იმისათვის, რომ გაიაზრონ, ვინ იყვნენ ეს პრეისტორიული ადამიანები და როგორ აგებდნენ ისინი მსგავს ნაგებობებს, კიდევ უფრო მეტი მუშაობა იქნება საჭირო.
„ეს კვლევა გვთავაზობს მაგალითს, თუ როგორ შეგვიძლია მრავალმხრივი მიდგომით გამოვავლინოთ ფარული და უზარმაზარი უძველესი სტრუქტურები, იქნება ეს არქეოლოგია, გეოლოგია თუ გეოფიზიკური მეთოდები“, — აცხადებენ მეცნიერები.
Gunung Padang-ის სახელი კი არ დაივიწყოთ, ამაზე, ალბათ, მალე კიდევ მოგიყვებით…