7
Dec
2018

„უნდა ვთქვა თამამად და ჩემებურად… ისე, როგორც არასდროს თქმულა“ – რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი 

7 Dec 2018

გურამ მაცხონაშვილს „თეატრალუში“ შევხდი. ინტერვიუზე რომ მივდიოდი, ვფიქრობდი, რა ვიცი მის შესახებ?! დაამთავრა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. ჯერ არ ვიცი, მაგრამ მერე, საუბრისას მეტყვის, ერთ დღეს მივხვდი, რომ რეჟისორობა მინდოდა, ჩემმა დამ [რეჟისორი და „თოჯინების თეატრის“ ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი ელენე მაცხონაშვილი] მითხრა, პირდაპირ დადგმა დაიწყეო და დღეს ვთვლი, სარეჟისოროზე სწავლაში დრო არ დავკარგე, ეგ იყოო.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი

„თეატრალურში“ ახალი სპექტაკლის, „ჰამლეტის“ რეპეტიცია აქვს. პრემიერა 16 – 17 იანვარს გაიმართება. გურამ მაცხონაშვილი, რომლის სპექტაკლებიც ექსპერიმენტული თეატრის ნამუშევრებია, ერთ-ერთ ყველაზე კლასიკურ პიესას კლუბში „მტკვარზე“ დგამს. როგორ მიიღებს მაყურებელი ამ ნამუშევრას, თავადაც ძალიან აინტერესებს. „კრიტიკას უცნაურად მარტივად და უცნაურად კარგად ვიღებ, სულ ვკითხულობ და მაინტერესებს, რამდენად ადეკვატურად გამოეხმაურა გარემო ჩემს ნამუშევარს, ან მე რამდენად გასაგებად მივაწოდე ის, რისი თქმაც მინდოდაო“. რა იქნება ამ შემთხვევაში, პრემიერის შემდეგ გამოჩნდება, უკვე დადგმული სპექტაკლები კი – „ვიდრე უფლისწული თავს მოიკლავს“, „8 სეანსი“, „13 თიბათვისა“, „უფრო რაღაცნაირი ვინი პუჰი“, „გათვლა“, „ანტიმედეა“ და ა.შ. – არაერთგვაროვნად მიიღეს და შეაფასეს კრიტიკოსებმა თუ აუდიტორიამ.

©Dina Oganova

ინტერვიუ დავიწყეთ. პირველი სპექტაკლი გაიხსენა:

გურამ მაცხონაშვილი: დავდგი ჩემივე დაწერილი, ინტერვიუებზე დაფუძნებული პიესა. სოციალურ თემატიკაზე, ძირითადად, ადამიანის უფლებებზე იყო. შემდეგ მივხვდი, რომ აღარ მინდოდა საკუთარი ტექსტების დადგმა. ცალკე მაინტერესებს წერა, ცალკე დადგმა, მაგრამ როცა ეს ორი რამე ერთმანეთს კვეთს, უკვე უინტერესოა ჩემთვის“.

მე გამიმართლაშეცდომები მაყურებლის თვალწინ დავუშვი . . .

„თეატრალური“ უნდა იყოს სივრცე, რომელიც სტუდენტებს ეტყვის, აქ ხართ იმისთვის, რომ შეცდომები დაუშვათ. მაგრამ ამას არავინ ეუბნება. აქ აჩვევენ სწორად მუშაობას. მე მგონია, რომ სწორად მუშაობა არ არსებობს. ეს არ არის სპორტი, რომ ნორმატივები ჩააბარო. მე გამიმართლა – შეიძლება, შეცდომები მაყურებლის თვალწინ დავუშვი და ისევ ასე ვაგრძელებ, მაგრამ მირჩევნია, მე ვიყო ჩემს თავზე, შეცდომებზე პასუხისმგებელი, ვიდრე ილუზია მქონდეს, რომ თავის დროზე, ვიღაცამ ჩემზე იზრუნა.

„ვიდრე უფლისწული თავს მოიკლავს“. გურამ მაცხონაშვილის სპექტაკლი.

ფორმა თუ შინაარსი ?!

ძალიან მიჭირს დავინახო ფორმა და სათქმელი უერთმანეთოდ. ათქმელის უკან იგულისხმება გამბედაობა და ფორმის უკან – შემოქმედებითი ინდივიდუალიზმი. თუ არ მაქვს საკმარისი გამბედაობა, დღეს ვთქვა, რასაც ვხედავ ირგვლივ, არაფერი გამოვა, ისევე როგორც არ გამოვა, თუ გავიმეორებ იმ ფორმით, რაც უკვე არსებობს სხვა სახელოვნებო პროდუქტის სახით. ინდივიდუალიზმი ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ერთი-ერთი დიდი გამოწვევაა ჩემი თაობის – არ გავიმეოროთ ის, რაც უკვე არსებობს. ვგულისხმობ თეატრის რეჟისორებს.ემთვის აბსოლუტურად თანაბრად მნიშვნელოვანია ფორმა და სათქმელი, უნდა ვთქვა თამამად და ჩემებურად… ისე, როგორც არასდროს თქმულა.

რა აერთიანებთ და განასხვავებს პიესებს, რომელსაც ვდგამ ?!

პირველი, რაც მათ აერთიანებთ და მე და ჩემი თაობა თანამედროვე, „მეინსტრიმ“ ქართულ თეატრში ვხედავთ, არის ის რომ, ქართულ თეატრს არ უყვარს აქტუალურ თემებზე საუბარი. ურჩევნია, მიჩქმალოს, სახვალიოდ გადადოს, ვიდრე როგორც პრობლემაზე, ისე ისაუბროს. ამიტომ, ჩემს სპექტაკლებს აერთიანებთ სოციალური თემა, მაგრამ ვცდილობ, ესთეტიკით, ერთმანეთისგან ყველა ნამუშევარი განსხვავდებოდეს. სხვა შემთხვევაში, ჩემთვის იქნება უინტერესო. თემები? ლაშა ბუღაძის „ანტიმედეას“ რომ ვდგამდი, მიხვდი, რომ შემდეგი რაღაც უფრო კლასიკური და აკადემიური ტექსტი უნდა ყოფილიყო. და გადავწყვიტე, რომ ეს იქნებოდა ყველაზე მძიმე და საშიში „ჰამლეტი“. როგორც წესი, წინა სპექტაკლში მწიფდება ხოლმე, რა იქნება შემდეგი.

გურამ მაცხონაშვილი: „ეს კი ძველია და “უფლისწულის” რეპეტიციაა, მაგრამ მაგიდაზე “13”-ის წინასწარმეტყველება „აწყვია“.

ყველაზე მძიმე და საშიშიჰამლეტი“ კლუბში  „მტკვარზე“ გაცოცხლდება…

თავიდან, თეატრში ვაპირებდი დადგმას. თვალი რომ გადავავლე თბილისის თეატრებს, მიხვდი, ძალიან მცირე არჩევანი მქონდა და სივრცის გარეთ ძებნა დავიწყე. კლუბში გასართობად ვიყავი და მიხვდი, ზუსტად ის ადგილი იყო, სადაც სპექტაკლის დადგმა მინდოდა. შესაძლოა, ვინმესთვის უცნაურად ჟღერს, მაგრამ ამის ძირითადი მოტივი არის „მტკვარზე“. როცა პიესის დალაგება დავიწყე, მიხვდი, ზუსტად ეს სივრცე მჭირდებოდა ჩემი გეგმების განსახორციელებლად. ეს არ არის ფორმა ფორმისთვის. ჩვენს თაობას სულ საყვედურობენ და ხშირ შემთხვევაში, სამართლიანადაც, რომ სულ ფორმის ძიებაში ვართ. საქართველოს შემთხვევაში, კლუბი იყო ის სივრცე, სადაც ცნობიერება ყველაზე ადრე განახლდა, მიუახლოვდა ევროპას. „ბასიანმა“, „მტკვარზემ“, „გალერიმ“ ის გააკეთეს, რაც ქართულ თეატრს არ გაუკეთებია. კი, იყო ცალკეული შემთხვევები, თუმცა, არა წამყვანი ტენდენცია. კლუბებში ეს უკვე შეუჩერებელი პროცესია. მე მომწონს, რომ თეატრმა იქით მივაკითხეთ კლუბს, რომელმაც იდეური გასაღები ევროპისა და ზოგადად, ადამიანისკენ, როგორც ფენომენისკენ იპოვა. ძალიან მნიშვნელოვანი ჟესტია და რაღაც კუთხით, მარცხის აღიარებაც. ანუ ჩვენ შევდივარ იმ სივრცეში, რომელმაც გვაჯობა. გერტრუდას როლს თამაშობს ია სუხიტაშვილი, მას უკვე აქვს შესრულებული, რუსთაველის თეატრში, ოფელიას როლი. ძალიან საინტერესო პროცესია, როგორ ხდება ოფელია გერტრუდა ჩემთვისაც და ეკა დემეტრაძისთვისაც, რომელიც, ჩემეულ ვერსიაში, ოფელიას თამაშობს. გარდა ამისა, წინ წამოვწიე ორი პერსონაჟი, როზენკრანცი და გილდენსტერნი, იმის მიუხედავად, რომ ისინი ტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურები არ არიან. კლავდიუსის როლს მუსკომედიის მსახიობი შაკო მირიანაშვილი ასრულებს. პოლონიუსი კი იქნება ასაკით უფროსი, აკადემიური მსახიობი, თავისი ჰაბიტუსითა და სათეატრო სკოლით, ამ პიესიდან და საკლუბო სივრციდან ამოვარდნილი.

გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამადული თეატრის დასთან ერთად.

მსახიობები – ვცდილობსულ გადავახალისო შემადგენლობა იმიტომ, რომ ასე უფრო რთულია…

თავიდან მეგონა, ერთ ბირთვს შევკრავდი და ისე ვიმუშავებდი, მაგრამ პირველივე სპექტაკლში მიხვდი, ასე არც ჩემთვის და არც მათთვის, პროცესი ცოცხალი არ იქნებოდა. „ჰამლეტისთვისაც“ ყველა მსახიობი სხვადასხვა თეატრიდან არის მოწვეული. ეკა დემეტრაძე ის იშვიათი შემთხვევაა, როცა მეორედ მივუბრუნდი მსახიობს. მდენად დეფიციტია თეატრალური [პროცესების], რთული არ არის მსახიობებში დაგროვილ ინტერესს უპასუხო და თანამშრომლობაზე დაითანხმო. თუმცა, ცხადია, მხატვრული ღირებულებები ზურგს უნდა გიმაგრებდეს.

ტექსტიუფრო ინტუიციით, უცბად ვხვდები, რა უნდა იყოს შემდეგი.

მაგალითად, ახლა მინდა „ჰამლეტის“ დადგმა. ოღონდ, ეს ზუსტად ვიცი, დარწმუნებული ვარ. ისე მწიფდება, ვერ ვხვდები, რადგან იმ მომენტში, სხვა მასალაზე ვარ გადართული, მაგრამ რისი ადგილიც წინა პიესაში არ მრჩება, მას სხვა ნამუშევარში ვახორციელებ. ტექსტი, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ძალიან შორს იდგა ჩემგან – ჯერ ერთი, დროის თვალსაზრისით და მეორე – ძალიან აკადემიური ტექსტია, დიდად არ შეგვიცვლია. მართალია, ადაპტაცია გავაკეთეთ, მაყურებელს გავუმარტივეთ, მაგრამ ძალიან მოვუფრთხილდით, ვუერთგულეთ. უფრო მეტიც, ვიყენებთ ივანე მაჩაბლის თარგმანს, რომელიც, ცალკე ნაშრომია. იმდენად ღირებულია მხატვრულად, ცალკე ჰამლეტია. გვინდა, მაყურებელს ვუთხრათ, შეიძლება, თემა იყოს ძალიან დიდი ხნის, მაგრამ სათქმელი – ძალიან ახალი. კონტრასტის გამოწვევა გვინდა – ვმეტყველებთ არქაული ქართულით, მაგრამ დღევანდელ პრობლემებზე. რაც შეეხება „ანტიმედეას“, მე და ლაშა ბუღაძე დაგვაკავშირა სოფო კილასონიამ, „ახალი დრამის ფესტივალის“ დამფუძნებელმა. შემომთავაზა, ლაშასთან ერთად დამედგა „ანტიმედეა“. ეს პირველი შემთხვევა იყო, რომ ცოცხალ რეჟისორთან, ცოცხალი სამუშაო პროცესი მქონდა. ყველა მეუბნებოდა, ლაშა მძიმეს არ ამოგაღებინებს პიესიდანო. ჩვენი რეალობა აბსოლუტრად სხვა იყო, მგონია, როცა რეჟისორი უფრთხილდება დრამატურგის ტექსტს და რეალურად, ორივე ხელმძღვანელობს იმით, რომ ტექსტი არ დაზიანდეს და სწორად მივიდეს მაყურებლამდე, დრამატურგი ყველაფერზე მოგყვება. სხვაგვარად იყო, „გათვლა“ რომ დავდგი. ჯერ ერთი, ეს იყო რომანი და არა პიესა. თავიდანვე შევთანხმდით, რომ ავტორი [თამთა მელაშვილი] პირდაპირ წარმოდგენას ნახავდა, მანამდე ტექსტს გვანდობდა ჩვენ. საბოლოოდ, ვფიქრობ, რომ სპექტაკლი შედგა. საინტერესოა, რომ „გათვლას“ უკვე მიღებული ჰქონდა ლიტერატურული პრემია „საბა“, შემდეგ, როგორც საუკეთესო პიესამ, მიიღო თეატრალური პრემია „დურუჯი“. ამან დიდი მითქმა – მოთქმა გამოიწვია, მაგრამ მე ესეც მომეწონა – ფაქტობრივად, ქართულ თეატრს მოუწია ქართული ლიტერატურის აღიარება. ამას ხშირად არ აკეთებს თეატრალური სამყარო.

კადრი სპექტაკლიდან „გათვლა“. რეჟისორი – გურამ მაცხონაშვილი, ნაწარმოების ავტორი – თამთა მელაშვლი.

კიდევ რას არ აკეთებს თეატრალური სამყარო? ყველაზე მეტად რის დეფიციტია?!

გულწრფელობის, ყველა გაგებით. დაწყებული მსახიობის ინტონაციით, თანამედროვე ქართული დრამატურგების ტექსტებით გაგრძელებული და რეჟისორების დადგმებით დასრულებული. ძალიან ხშირ შემთხვევაში გრჩება განცდა, რომ ან გატყუებენ, ან არ აინტერესებთ ის, რაზეც სცენიდან გელაპარაკებიან. თუ მე ძალიან არ მჭირდება რაღაცის თქმა სცენიდან და ამით საზოგადოებისთვის ბენეფიტებს არ გავცემ, ცოტა, კრიმინალს ემსგავსება ასეთი სახელოვნებო პროცესი. დღევანდელ საქართველოში, არ შეიძლება, ფულს ხარჯავდე უმიზნოდ, გაუაზრებლად და სტრატეგიის გარეშე. ამას მივყავართ იმ პრობლემამდე, რომ ქვეყანაში არ გვაქვს კულტურის პოლიტიკა, რომელიც დროის ადეკვატური იქნება. კულტურა ფართოდ გახელილი თვალით რომ იხედებოდეს გარშემო, ხედავდეს, რა ვითარებაშია ქვეყანა, საზოგადოება, რომელ სოციალურ ჯგუფს, რა სჭირდება და ეს ყველაფერი მიდიოდეს ერთ წერტილში. თუ არ გაქვს „ა“ პუნქტიდან „ბ“ პუნქტამდე მისასვლელი მონახაზი, რომელზეც თანხმდება პროფესიული ჯგუფები, მაშინ დავხარჯავთ ფულს, მაგრამ სულ უკმაყოფილოები ვიქნებით სახელოვნებო პროდუქტებით. ჩემს თაობას ძალიან არ უყვარს თეატრი და ეს არ არის მათი ბრალი, ეს თეატრის ბრალია. თეატრი მუდმივად უნდა ახერხებდეს, მაინტერესებდეს მე, როგორც მაყურებელს და ძალით არ უნდა მიწევდეს ამ სივრცეში შესვლა. არ უნდა მეგონოს, რომ იქ ისევ 1980-იანი წლები დგას. ოპტიმალური იქნებოდა ბრიტანული მოდელი, სადაც თეატრებს არ ჰყავს მუდმივი დასი. ამიტომ, დიდია კონკურენციის განცდა: რეჟისორი როლისთვის ატარებს კასტინგს, იცის, როგორი მსახიობი სჭირდება, იბარებს შესაბამის ადამიანებს. ეს ჯაჭვურად გამოიწვევს მუდმივ შემოქმედებით ზრდას: მსახიობი მუდმივად იქნება ფორმაში, როგორც შემოქმედებითად, ისე ფიზიკურად. თეატრები იქნებიან მოწოდების სიმაღლეზე და იქნება საქმიანი კონკურენცია, რაც თავისთავად დაალაგებს ურთიერთობას ქვედა რგოლში.

„13 თიბათვისა“. გურამ მაცხონაშვილის სპექტაკლი.

თეატრალური სამყარო –  ექსპერიმენტები , სირთულეები

ქართული თეატრი ექსპერიმენტებს ძალიან რთულად იღებს. ყველა რგოლი: რეჟისორები , მსახიობები, მაყურებელი… იმიტომ, რომ განახლება აქ იშვიათად ხდება. არ მიყვარს მამებისა და შვილების თემაზე პედალირება, მაგრამ ეს საკითხი რეალურად დგას. ახალგაზრდა თაობა არ ამწვავებს ვითარებას, პირიქით, მგონია, რომ მეტ – ნაკლებად მოთმინებით ელოდება საკუთარ დროს, რომ თვითონ სცადოს და თავისი შეცდომები დაუშვას. სხვა მხრივ, სირთულეს, ალბათ, ის წარმოადგენს, რომ მეტი დრო გჭირდება, ადამიანებს აუხსნა, რომ ეს ცვლილება არ არის საშიში. ზოგადად, ჩვენს საზოგადოებაში ცვლილება, როგორც ფენომენი, ცოტა შიშის მომგვრელია ხოლმე, მით უმეტეს, როცა საუბარია ასეთ აკადემიურ სფეროზე, ანუ თეატრზე. სიტუაცია კიდევ უფრო რთულია მათთვის, ვინც ახლა ამთავრებს თეატრალურს. ძალიან დაუცველები მგონია ეს ადამიანები, საჭირო კავშირები არ აქვთ და მათთვის ძალიან რთულია მხატვართან, კომპოზიტორთან დაკავშირება, მსახიობის როლზე დათანხმება. ძალიან რთულია თეატრის ამ მძიმე კარის გაღება და შესვლა. შარშან ერთადერთ თეატრალურ  პრემია „დურუჯზე“ სამი ახალგაზრდა რეჟისორი ვიყავით წარდგენილი [ნომინაცია „ წლის საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი“. კანდიდატები – დათა თავაძე, მიხეილ ჩარკვიანი, გურამ მაცხონაშვილი]  და სამივემ მოვხსენით კანდიდატურა, რომ ასეთი დაუცველი მომავალი თაობისთვის  გასაქანი მიგვეცა და  ინიციატივა წამოვაყენეთ, შეცვლილიყო ნომინაცია – ყოფილიყო „წლის დებიუტი“. მნიშვნელოვანი მგონია, რესურსის ნაწილი მივმართოთ სულ დამწყებებისთვის, ისინი ძალიან მოწყვეტილები არიან თეატრალურ სამყაროს. თეატრი, ქართულ სახელოვნებო სივრცეებს შორის, დღეს, ყველაზე ჩაკეტილია. დიდად არ ვარ შედარების მომხრე, მაგრამ დასავლეთის მაგალითზე რომ ვისაუბროთ, ვნახავთ, რომ იქ თეატრი ცდილობს, მოვლენებს დაასწროს, ანუ იწინასწარმეტყველოს პროცესები. მაგალითად, სირიელი დევნილების თემა გერმანულ თეატრებში მანამდე გაჩნდა, სანამ პრობლემა რეალური გახდებოდა, ანუ სანამ დევნილები მიაკითხავდნენ გერმანიის საზღვრებს და როცა მიაკითხეს, კარი ფართოდ გაუღეს, უშალოდ, ეს ადამიანები ალაპარაკეს სცენიდან. ჩვენ მაგალითად, გვაქვს „სოხუმის თეატრი“, რომ მუდმივი რეფლექსიით დავკავდეთ, „რა იყო 1992-93 წლის მოვლენები; გვაქვს „ცხინვალის თეატრი“, რომ ვიფიქროთ, რა მოხდა იქ 2008 წელს. მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, ამ შესაძლებლობას არ ვიყენებთ. მაგალითად, ლაშა ბუღაძის „ანტიმედეა“, საბოლოოდ, ბინას „სოხუმის თეატრში“ დაიდებს. ყველაზე ლოგიკური რაც შეიძლებოდა ამ სპექტაკლს დამართნოდა, არის ის, რომ ამ დევნილ თეატრში დაიდებს ბინას. მედეაც ხომ დევნილია. მგონია, რომ ამ სცენაზე „ანტიმედეა“ აბსოლუტურად სხვა განზომილება, სათქმელი სხვა ხარისხში იქნება აყვანილი. ბევრი მედეა გიყურებს პარტერიდან და შეუძლებელია, ყალბი სიტყვა თქვა სცენიდან.

კადრი სპექტაკლიდან “ANTImedea/„ანტიმედეა“. რეჟისორი – გურამ მაცხონაშვილი, ტექსტის ავტორი – ლაშა ბუღაძე.

თეატრის ფუნქცია –  იგივე, რაც ჟურნალისტიკაში: რამდენად ხმამაღლა შემიძლია მე ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ. მედიის ენაც რომ ვთარგმნოთ, ხომ ასეათავისუფალი სიტყვა.

„ექსპერიმენტულ თეატრზე რომ ვისაუბრო – ჩვენ მივაკითხეთ ისეთ მაყურებელს, რომელიც თეატრში არ დადიოდა. სამაგიეროდ, შემდეგ ეს მაყურებელი მოვიდა „გათვლაზე“. ახალგაზრდა რეჟისორმა უნდა გააჩინოს ალტერნატივა, რომ მაყურებელს ჰქონდეს არჩევანის შესაძლებლობა. ფორმის ძიებებისთვის, ექსპერიმენტული თეატრი ძალიან ბევრ საშუალებას იძლევა. თავის დროზე, რუსთაველის თეატრიც ხომ ექსპერიმენტული იყო“.

სხვა ექსპერიმენტებზე, მაგალითად, ერთობლივ  სპექტაკლებზე არ ფიქრობს: „ვერ ვხვდები ორ რამეს: როგორ ავარჯიშებს ორი სხვადასხვა მწვრთნელი ფეხბურთის გუნდს და როგორ მუშაობს ერთ სპექტაკლზე ორი რეჟისორი, ერთდროულად“.

არ ფიქრობს არც კინოში მუშაობაზე: „ისეთი რთული არ მგონია, როგორც თეატრი. მგონი, მარტივ გზებს არ ვეძებ. რაღაც ხიბლი აქვს ამ სირთულეებს, თუ არ გადალახე, მუდმივად ერთ ადგილს დატკეპნი. ხელოვნური ბარიერების შექმნა გამიზნულად, მე მგონი, რაღაც დოზით საჭიროა“.

და არ ფიქრობს აღარც წერაზე – „გლდანის“ დაწერა მომინდა მას შემდეგ, რაც „გათვლაზე“ვიმუშავე. მივხდი, თურმე, ლიტერატურულ ტექსტზე მინდოდა მუშაობა. თეატრში ავიღე პაუზა და სამი თვე მთლიანად ამას დავუთმე, მაგრამ როგორც კი დაიბეჭდა, მივხვდი, რომ ერთჯერადი სიამოვნება იყო“.

გურამ მაცხონაშვილი რეპეტიციაზე.

შეცდომა, რომელსაც კიდევ დავუშვებდი, „8 სეანსზე“ მუშაობა იყო

„მგონია, რომ „8 სეანსზე“ მუშაობა, ჩემი მხრიდან, იყო შეცდომა. მე თვითონ, როგორც რეჟისორს არ მაკმაყოფილებს ის ხარისხი, რა ხარისხითაც პროექტი შეიქმნა, მაგრამ, ეს იყო პირველი შეხება ყველაზე აკადემიური სივრციდან გამოსულ მსახიობებთან: ია სუხიტაშვილთან, ეკა ჩხეიძესთან, ნინო ბურდულთან. ამის ყურება, როგორ ტოვებენ ისინი აკადემიურ სივრცეს და მოდიან რაღაც სახიფათოზე, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. თუმცა, მგონია, რომ თავიდანვე არასწორად დავსვი მთავარი შეკითხვა, „რაზეა სპექტაკლი?“, ან სწორად დავსვი და არასწორად ვუპასუხე. ეს იყო მიზეზი, რის გამოც უკმაყოფილო დავრჩი საკუთარი ნამუშევრით. ზედმეტად ბევრი თემა ავურიე ერთმანეთში,  ზედმეტად ბევრ რამეზე იყო სპექტაკლი –  8 პერსონაჟი, რვა ძლიერი თემით – ეს იყო კატასტროფა. წარმოუდგენელი 8 თემაზე თანაბარი სიმძიმითა და დამოკიდებულებით საუბარი. შეიძლება ალოგიკურად ჟღერს, მაგრამ ამ შეცდომას, ალბათ, კიდევ დავუშვებდი. თორემ ამ დასკვნას ვერ გამოვიტანდი.

ახლა როგორ ვსვამ მთავარ შეკითხვას და როგორ ვპასუხობ, ანუ რა მასწავლა შეცდომებმა?

მაგალითით ვიტყვი – ჩვენს გადაწყვეტაში ჰამლეტი არის ტრანსგენდერი, არ ხდება ამაზე აპელირება. მე მინდა, ვაჩვენო ის, როგორც ჩვეულებრივი მოცემულობა და რომ ამაში განსაკუთრებული არც ნეგატიური და არც პოზიტიური არაფერია. ახლა მგონია, რომ შეცდომა იყო, როცა მთავარ სათქმელს ძალიან ვუსვამდი ხაზს. მაგალითად, ადამიანის უფლებებზე ძალიან მყიფედ ვლაპარაკობდი. ახლა მინდა, ასე მოვსინჯო  – რთულ თემაზე ვილაპარაკო ან სცენიდან ირიბად, მაგრამ იმავე გამბედაობითა და შემართებით. ახლა მთავარი შეკითხვა იქნება, რამდენად შეგვიძლია რთულ თემებზე მსუბუქად საუბარი.

გურამ მაცხონაშვილის სპექტაკლი „8 სეანსი“. ტექსტი – გაბრიელ ნაპოლეონ ელბანო, ვერონიკა დოინელი.

ახლა და მომავალში . . .

ახლა „ჰამლეტის“ გარდა არაფერზე ვმუშაობ. ორი კურდღლის დაჭერა არ შემიძლია. თუ რაღაცაზე ვმუშაობ, მხოლოდ იმით უნდა ვიყო მოცული. მომავალში ვაპირებ, არისტოფანეს „ბაყაყები“ დავდგა. როგორც აღმოვაჩინე, აქამდე არასოდეს დადგმულა. არის ლევან ბერძენიშვილის არაჩვეულებრივი თარგმანი. მანაც თქვა, რომ სიამოვნებით ითანამშრომლებს ჩემთან. მანამდე, მცირე პაუზას ავიღებ. ზუსტად არ ვიცი, რაზე ვისწავლი, მაგრამ ვიცი, რომ ამ მიზნით წავალ ცოტა ხნით, საქართველოდან. რატომ? ალბათ, იმიტომ, რომ რაღაცების ქვეყანაზე გადაბრალება დავიწყე, რაც არასწორია. თუ საქმე არ გამოდის, მხოლოდ საკუთარ თავს უნდა აბრალებდე. ასეთ დროს მგონია, რომ ცოტა ხანს, შემოქმედებითი განიავებაა საჭირო.

ინტერვიუ დასრულდა. ახლა ვფიქრობ, რომ ბევრი რამ ნამდვილად არ ვიცოდით მის შესახებ.

განხილვა