in

რა გელით 20-22 ივნისს, GTWT-ის მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე

20-22 ივნისს თბილისში სამი დღის განმავლობაში ციფრული იდეები ხელშესახებ რეალობად იქცევა. Netflix-ის, Marvel-ის, Disney-ის და Roblox-ის წარმომადგენლები ადგილობრივ სტარტაპერებს შეხვდებიან Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის ფარგლებში, რომელიც საქართველოს დედაქალაქს რეგიონის ტექნოლოგიური ციხე-სიმაგრედ აქცევს. ღონისძიების მედია პარტნიორია Marketer.ge.

რეგიონის ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე ათასობით ადამიანი მოიყრის თავს, ხოლო ტრადიციული ფორმატის ნაცვლად, წელს, ორგანიზატორები სრულიად ახალ მიდგომას იყენებენ. სამი დღე – სამი განსხვავებული გამოცდილება: პარალელური ღონისძიებები ცალკეულ ლოკაციებზე, მთავარი კონფერენცია “Shaping the New Era” რადიო ქალაქში და ექსკლუზიური კულტურული ღონისძიებები.

ორგანიზატორების თქმით, მათი მისიაა საქართველო იქცეს რეგიონულ ცენტრად ტექნოლოგიითა და მასთან დაკავშირებული სფეროებით დაინტერესებული ადამიანებისთვის. ღონისძიება გადაიქცა კავკასიისა და ცენტრალური აზიის მთავარ ტექნოლოგიურ პლატფორმად, რომელიც საქართველოს რეგიონული ტექჰაბის სტატუსს ანიჭებს.

რას ელის ღონისძიების 10,000-ზე მეტ მონაწილეს? 100-ზე მეტი საერთაშორისო სპიკერი და ახალი შესაძლებლობები, რაც მომავლის ტექნოლოგიურ ლანდშაფტს ჩამოაყალიბებს. დეტალებზე GTWT-ის თანაორგანიზატორი გური ქოიავა გვესაუბრა.

M: რა მისიამ, მიზანმა და ხედვამ გაგაერთიანათ ღონისძიების ინიციატორები? 

ჩვენი მისიაა, საქართველო ვაქციოთ რეგიონულ ცენტრად ტექნოლოგიითა და მასთან დაკავშირებული სფეროებით დაინტერესებული ადამიანებისთვის. GTWT-ის შექმნის მთავარი მოტივაცია იყო ერთიანი პლატფორმის ჩამოყალიბება, რომელიც ტექნოლოგიებს, მეწარმეობას და ციფრულ კულტურას აერთიანებს – აძლიერებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მოთამაშეებს და აქტიურად მონაწილეობს ამ სფეროების მომავლის ჩამოყალიბებაში.

ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ ცოდნის, კავშირების და შთაგონების მობილიზება რეგიონში, დავაკავშიროთ სტარტაპები ინვესტორებთან, ინოვატორები  გლობალურ პარტნიორებთან და იდეები რეალურ შესაძლებლობებთან.

ხედვად გვაქვს, რომ GTWT გადაიქცეს რეგიონის ყველაზე გავლენიან ტექნოლოგიურ მოძრაობად, რომელიც არამხოლოდ წელიწადში ერთხელ, არამედ მუდმივად ქმნის შესაძლებლობებს ადამიანებისთვის, ვინც მომავლის შექმნაზე ფიქრობს და მუშაობს.

M: რა მნიშვნელობას ატარებს Global Tech Weekend Tbilisi ქვეყნის ტექნოლოგიური ინდუსტრიის გაერთიანებაში?

Global Tech Weekend Tbilisi, პირველ რიგში, პლატფორმა და ერთგვარი მოძრაობაა, რომელიც ტექნოლოგიური ინდუსტრიის სხვადასხვა მოთამაშესა და აქტორს – სტარტაპებს, კორპორაციებს, VC ფონდებს, ანგელოზ ინვესტორთა ქსელებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, საჯარო სექტორსა და ინდივიდუალურ პროფესიონალებს – აერთიანებს საერთო მიზნის გარშემო: ეკოსისტემების გაძლიერება. ეს არის ადგილი, სადაც ერთმანეთს ხვდება გამოცდილება, ინოვაცია და ამბიცია. ღონისძიება ქმნის სივრცეს, სადაც ქომუნითი-ბილდერებს, ინვესტორებს, სპიკერებს და სტარტაპებს აქვთ შანსი უშუალო კომუნიკაციაზე, რაც ამცირებს დისტანციას ინდუსტრიის ცალკეულ კერებს შორის და აჩქარებს პროგრესს.

M: რა ელით სტუმრებს ღონისძიებაზე?

როგორც იცით Global Tech Weekend Tbilisi 2025 დეცენტრალიზებული ფორმატის ღონისძიებაა, რაც გულისხმობს იმას რომ სამი დღის განმავლობაში თბილისი გახდება ტექნოლოგიური და ბიზნეს ივენთების სერიის სივრცე.

20 ივნისს, პირველ დღეს, ჩვენი ქომუნითი პარტნიორები თბილისის სხვადასხვა ვენიუზე ე.წ. Side Event-ებს გამართავენ, 21 ივნისს რადიო ქალაქში ჩვენ მთავარ კონფერენციას, “Shaping the New Era”-ს ვუმასპინძლებთ, ხოლო ბოლო, მესამე დღე, 22 ივნისი კულტურულ გამოცდილებებს და ექსკლუზიურ შეკრებებს დაეთმობა.

სამი დღის განმავლობაში, სტუმრებს ელით მრავალფეროვანი გამოცდილება – განხილვები ტექნოლოგიებზე, AI-ზე, კიბერუსაფრთხოებასა და ინვესტიციებზე, პანელური სესიები და მასტერკლასები ინდუსტრიის წამყვანი ექსპერტებისგან, სტარტაპების გამოფენა, პიჩინგ არენა, საინვესტიციო ზონა და ბევრი არაფორმალური შესაძლებლობა ურთიერთობების გასამყარებლად. გარდა ოფიციალური პროგრამისა, სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა დაამყარონ კავშირები გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და ქართული ტექ-სცენის პოტენციალი აღმოაჩინონ.

M: როგორია ღონისძიების მასშტაბი და როგორ შეძელით ასეთი დიდი კომპანიების წარმომადგენელთა ჩართვა/დაინტერესება? როგორ მოახერხეთ ასეთი მაღალი დონის სპიკერების მოზიდვა?

მასშტაბით Global Tech Weekend Tbilisi 2025 უკვე იმყოფება რეგიონული ტექნოლოგიური ცენტრების რანგში. მოლოდინი გვაქვს, რომ ღონისძიებას 10.000-ზე მეტი მონაწილე ეყოლება, მათ შორის 100-ზე მეტი უცხოელი სპიკერი საერთაშორისო კომპანიებიდან. ასეთ სპიკერებთან თანამშრომლობა ერთის მხრივ ეფუძნება ჩვენი გუნდის მრავალწლიან გამოცდილებას საერთაშორისო ურთიერთობებში, ხოლო მეორეს მხრივ – საქართველოში არსებული პოტენციალის და ინოვაციური სულის ჩვენებას. როცა შენთვის საინტერესოა არა მხოლოდ რეგიონი, არამედ რეალური იდეები და ტექნოლოგიური მოტივაცია, ქვეყანა როგორიც საქართველოა, იზიდავს ყურადღებას.

სწორედ ამიტომ, ლოკალური და საერთაშორისო მასშტაბის უდიდესი მოთამაშეები გვყავს პარტნიორებად, მხარდამჭერებად და გვეამაყება, რომ მათი გაერთიანება შევძელით.

M: მასშტაბიდან გამომდინარე, როგორია Global Tech Weekend Tbilisi-ის როლი რეგიონში?

GTWT აღარ არის მხოლოდ ლოკალური ინიციატივა. ჩვენ უკვე გვქონდა 22 მაისს ე.წ. Pre-Gathering ბერლინში GTWT 2025-მდე, რომელმაც თავი მოუყარა ასამდე მონაწილეს ტექ.სფეროებიდან როგორ ლოკალური, ასევე საერთაშორისო ბაზრებიდან. უკვე დაგეგმილია Global Teck Weekend-ის ყაზახეთში გატანა და წინ კიდევ ბევრი გეგმა გვაქვს. სწორედ ამიტომ, GTWT უკვე ჩამოყალიბდა კავკასიის და ცენტრალური აზიის ერთ-ერთ მთავარ ტექნოლოგიურ პლატფორმად. მისი როლი არის გამაერთიანებელი – საქართველო ხდება სივრცე, სადაც რეგიონის ქვეყნებიდან ჩამოდიან ადამიანები ცოდნის, პარტნიორობისა და ინვესტიციების საპოვნელად. ამით თბილისი ეტაპობრივად იღებს რეგიონის ტექნოლოგიური ჰაბის ფუნქციას.

M: როგორ დაეხმარებათ ადგილობრივ სტარტაპერებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებს Global Tech Weekend Tbilisi?

პირველ რიგში, ადგილობრივ სტარტაპებს ეძლევათ იშვიათი შესაძლებლობა, წარადგინონ საკუთარი იდეები არამარტო ლოკალურ, არამედ საერთაშორისო ინვესტორებთან. ჩვენს მთავარ ღონისძიებაზე: “Shaping the New Era”, რომელიც 21 ივნისს რადიო ქალაქში ჩატარდება, სტარტაპების გამოფენასა და ორ კონკურსს ვუმასპინძლებთ, შესაბამისად, GTWT ხსნის კარებს ახალი ბაზრებისკენ, აძლევს მათ რესურსებს, კონტაქტებს და ცოდნას, რაც ხშირად გადამწყვეტია სტარტაპის ზრდისთვის. გარდა ამისა, ადგილობრივი ტექ. კომპანიები ხედავენ როგორ შეიძლება მათი პროდუქტები გლობალურ დონეზე განვითარდეს, იღებენ ინსპირაციას და უშუალო კავშირს მსოფლიოს ტექნოლოგიურ ტალანტებთან.

 

Nestlé-მ ყველისგან შეფუთვა დაამზადა

06/06-ში თიბისის ყველა განაწილება მომგებიანია