in

გურიკა ჩოხელი – #პირველისამსახური

ჩემი პირველი სამსახური ჩემი პირველი იმედგაცრუება იყო. დიზაინისა და ანიმაციის სფეროში არც გამოცდილება მქონდა და არც განათლება, უბრალოდ, ბავშვობიდან მიყვარდა ანიმაციების კეთება და ფოტოშოფში მაიმუნობა. ასეთმა გამოუცდელმა და გაუნათლებელმა, 23 წლის ასაკში გადავწყვიტე  მუშაობის დაწყება და ერთ-ერთი კომპანიის ვაკანსიას გამოვეხმაურე (რა თქმა უნდა, არანაირი იმედი არ მქონდა), თუმცა ჩემდა გასაკვირად, დამიბარეს, გამესაუბრნენ და გავხდი დიზაინერი. გამომდინარე იქიდან, რომ CV მხოლოდ ერთხელ მქონდა გაგზავნილი, რის შედეგადაც ეგრევე მივიღე სამსახური და ჩემთვის კარგი ანაზღაურება, რა თქმა უნდა, მთელი ძალით შემომიტია თვითმაქვიას სინდრომმა (imposter syndrome) და სანამ ოფისში მივიდოდი, მთელი დღე და ღამე ვსწავლობდი დიზაინის ბეისიქებს. ვიდეოების ყურებასა და კითხვაში ვათენებდი. გასაუბრებაზე შემხვდა საკმაოდ კარგი ადამიანი, რომელიც არტ-დირექტორად გამეცნო, მე კი არც შევიმჩნიე, რომ წარმოდგენა არ მქონდა, რას ნიშნავდა – არტ-დირექტორი, შესაბამისად, იმ თეთრად გათენებულ ღამეებში ეგეც გავარკვიე. მოკლედ, დიდი ნერვიულობის და წვალების შემდეგ, დადგა ის დღე, როდესაც მივედი ოფისში. დამხვდა პატარა და ძალიან კარგი გუნდი. გამაცნეს ჩემი ფუნქციები – შესაქმნელი იყო სხვადასხვა პროდუქტის ეტიკეტები და მე ვიყავი ჯუნიორ დიზაინერი. უნდა გამესუფთავებინა დიზაინები და საბეჭდად გამემზადებინა. 

მალევე გადავაწყდი პირველ დაბრკოლებას – დამევალა ახალი პროდუქტის ეტიკეტების ვარიანტების შექმნა. მთელი ჩემი ახალშეძენილი ცოდნა, მანამდე დაგროვილი „გემოვნება“, ყველაფერი ჩავდე ამ ეტიკეტში, სახლშიც ვიმუშავე, მოკლედ – გადავყევი. დადგა მომენტი, როცა ვაჩვენე გუნდს, ყველას მოეწონა – ვა, ეს კარგია, ფერები კარგია, აქ კარგი ელემენტებია, იქ კარგი ფონტია – მოკლედ მთლიანობაში ყველას მოეწონა, მაააგრამ… ახლა, ეს ფაილები ყველაფერი წაშალე და თავიდან დაიწყე, ყველა ტექსტი გაზარდე, ყველა ფერს მაქსიმალურად მოუმატე სატურაცია, არცერთი ცარიელი ადგილი არ დატოვო ეტიკეტზე ისე გადაანაწილე ელემენტები და მერე აჩვენე უფროსსო. უფროსი? თურმე სულ უფროსი – კომპანიის მეპატრონეზე იყო საუბარი. ჩემი რეაქცია იყო ზუსტად ისეთი როგორიც ნებისმიერი 23 წლის ადამიანისა კარიერის დასაწყისში: – არაფერს არ შევცვლი! მივუტან ამ დიზაინს უფროსს და აქაურობას ერთხელ და სამუდამოდ შევცვლი უკეთესობისკენ-მეთქი! მერე აქ რომ მოვრჩები, სამყაროსაც შევცვლი არცერთი ცუდი დიზაინი აღარ იქნება დედამიწაზე! რას ჰქვია, ეტიკეტზე არცერთი ცარიელი ადგილი????!!!! – მიდიო – ირონიულად შემაგულიანეს თანამშრომლებმა.

დავბეჭდე ჩემი ეტიკეტი და ძაან მამაცურად გავემართე უფროსისკენ. თავში ძალიან კინემატოგრაფიული სცენები მქონდა, როგორ წარიმართებოდა ჩემი ცხოვრების შემდეგი წუთები. შევაჭერი ოფისში, შემომხედა იმ კაცმა და –  ვინ ხარ, რა გინდაო? მეთქი – კარგი კითხვაა! თქვენი დიზაინერი ვარ და მინდა ერთი-ორი წინადადება გითხრათ ამ ეტიკეტზე და ზოგადად, თქვენს მიდგომებზე დიზაინთან მიმართებაში-მეთქი. მიყურებს ეს კაცი და მე დავიწყე (ეს წინადადება ზუსტად მახსოვს) – პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ დ ი ზ ა ი ნ ი   უ ნ დ ა  ს უ ნ თ ქ ა ვ დ ე ს… და სანამ გავაგრძელებდი უფროსმა გამაწყვეტინა: კარგად მომისმინე, ცარიელ ქაღალდში ფული არ გადამახდევინო! გასაგებია? გადი ეხლა ჩემი ოფისიდან და მეორედ აღარ შემოხვიდე!

დავბრუნდი ოთახში, არავის არაფერი უთქვამს, მხოლოდ ღიმილი. მივუჯექი კომპიუტერს და გავტენე მთელი ეტიკეტი ტექსტებით, ისე, რომ არცერთი თავისუფალი პიქსელი აღარ დამიტოვებია. კურსორს ვერ ჩააგდებდი. ყოველი გოჯი ტოქსიკური მწვანე ფერით გავავსე. Money well spent!

დღეს, ვარ ანიმაციის ლიდი ჰოლისტურ დიზაინ სტუდია Holy Motors-ში და დიზაინი „სუნთქავს“. 

​​გურიკა ჩოხელი – Holy Motors-ის ანიმაციის ლიდი

შესაძლებლობებით სავსე ზაფხული: მიიღე 20% ქეშბექი პირველად შენატანზე ალიანს ჯგუფის პროექტებში

„მრავალფეროვანი გზა მიზანმიმართულ წარმატებამდე“ — გაიცანით მირანდა ხუციანიძე, საქართველოს ბანკის ტალანტების მოზიდვის სამსახურის უფროსი