მეიჯერელ საქართველოში ჩვენი გუნდის წევრების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივად ვზრუნავთ და მათ სხვადასხვა ტიპის სასწავლო და ტრენინგ პროგრამებს ვთავაზობთ.
Learning and training Development პროგრამები განკუთვნილია როგორც დამწყები სპეციალისტებისთვის, ისე ლიდერულ პოზიციაზე მყოფი თანამშრომლებისა და ზედა რგოლის მენეჯერებისთვის. მეიჯერელში პოტენციურ დასაქმებულებსაც სასიამოვნო სიახლეს ვუმზადებთ — სულ მალე ფუნქციონირებას მეიჯერელ აკადემია დაიწყებს და სტუდენტებს კომპანიაში დასაქმების პერსპექტივით გერმანული ენის დონის ამაღლებაში დაეხმარება.
Learning and Training Development-ის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიმართულების ხელმძღვანელს, გვანცა ტუღუშს ვესაუბრეთ.

ტრენინგებისა და განვითარების მიმართულებით მუშაობა ძალიან საპასუხისმგებლო და საინტერესოა. მეიჯერელში 3000-მდე თანამშრომელია, განსხვავებული ინტერესებითა და საჭიროებებით; შესაბამისად, ვცდილობთ, ჩვენ მიერ შერჩეული ტრენინგები მათ სურვილებს მოვარგოთ და კომპანიის ღირებულებებიც გავითვალისწინოთ. ჩემი ამოცანაა, ყოველწლიურად შევაფასო ტრენინგებისა და სწავლების პროგრამების საჭიროება დეპარტამენტებისა და ბიზნესების მიხედვით, შედეგებზე დაყრდნობით დავგეგმო ტრენინგები და თანამშრომლებს სავალდებულო პროგრამების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მივაწოდო.
რა გამოწვევებს აწყდები ყველაზე ხშირად, როგორც ტრენინგისა და განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი?
მეიჯერელი სწრაფად მზარდი კომპანიაა, სადაც თანამშრომლებს მუდმივად უწევთ ცვლილებებთან ადაპტირება; ტრენინგებისათვის საკმარისი დროის დათმობა და სამუშაო გრაფიკზე მორგება ერთ-ერთი სირთულეა. თანამშრომლების რაოდენობაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა — რთულია თითოეული მათგანის მოსაზრების სრულად გათვალისწინება. არსებობს პროგრამები მონაწილეთა შეზღუდული რაოდენობით, მოთხოვნა და ინტერესი კი, როგორც წესი, მაღალია, შესაბამისად, ყველა ვერ იღებს მონაწილეობას და ეს ძალიან გულდასაწყვეტია.
ბუნებრივია, პანდემიამ ჩვენც დაგვაყენა სირთულეების წინაშე — ორი წლის განმავლობაში ყველა ტრენინგი ონლაინ ტარდებოდა, თუმცა, უკვე რამდენიმე თვეა, ვცდილობთ, პირდაპირი ფორმატი განვაახლოთ. ამიტომ, ყოველი ტრენინგის წინ უსაფრთხოების ყველა საჭირო ნორმის დაცვას უზრუნველვყოფთ.
მრავალფეროვანი ჩამონათვალიდან რომელ ტრენინგ–პროგრამას გამოარჩევდი და რატომ?
გამოვარჩევდი ორ „ფლაგმან“ პროგრამას, ესენია: ტალანტების გაძლიერების პროგრამა — TEP და დეილ კარნეგის ლიდერობის პროგრამა.
ტალანტების გაძლიერების პროგრამა — TEP

ჩემთვის, როგორც ტრენინგებისა და განვითარების სპეციალისტისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ის ხელშესახები შედეგი, რომელსაც ტრენინგის დასრულების შემდეგ ვხედავთ. TEP სწორედ ისეთი ტრენინგია, რომელსაც მყისიერი შედეგი ახასიათებს.
TEP — მეიჯერელის ღირებულებების ტრენინგ პროგრამაში ასახვაა. ჩვენი კომპანიის მენეჯერთა უმრავლესობამ საკუთარი პროფესიული გზა კლიენტთა მომსახურების წარმომადგენლის პოზიციიდან დაიწყო, ახლა კი, ადგილობრივ და გლობალურ გუნდებში მენეჯერულ პოზიციებს იკავებენ. (უფრო ვრცლად TEP-ის შესახებ, ჩვენი ბლოგიდან შეიტყობთ).
დეილ კარნეგის ლიდერობის ტრენინგი

რაც შეეხება დეილ კარნეგის ლიდერობის ტრენინგს, მისი მიზანი კარიერულ ზრდასთან ერთად, პიროვნული ზრდაცაა. აქ მიღებული ცოდნა სამსახურსა და ოჯახში ერთნაირად შეგვიძლია გამოვიყენოთ. დეილ კარნეგის ლიდერობის პროგრამა რამდენიმე ინტენსიური და განსხვავებული მოდულისგან შედგება. აღსანიშნავია, რომ პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეები საკუთარ ცხოვრებაში გარკვეული ცვლილებების შეტანის ვალდებულებებსაც იღებენ და ამ მიზნის განსახორციელებლად, ერთმანეთსაც ამხნევებენ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცვლილებები პროგრამის დასრულებისთანავე შეიმჩნევა და ამას მონაწილეებიც ხშირად გვიდასტურებენ.
ლიდერულ პოზიციებზე მყოფ თანამშრომლებს საკმაოდ ბევრ შესაძლებლობას სთავაზობთ; იგეგმება თუ არა უფრო მასშტაბური პროგრამის ორგანიზება, რომელიც დამწყებ სპეციალისტებსაც დაეხმარება კვალიფიკაციის ამაღლებაში?
ამ ეტაპზე, დამწყები სპეციალისტებისთვის გვაქვს რამდენიმე პროგრამა. გამოანათე, რომელიც ახლახან დასრულდა, TEP, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ, ასევე გერმანულენოვანი ლიდერობის პროგრამა კრისტიან ზონლაიტნერთან ერთად, რომელიც მხოლოდ გერმანულენოვანი თანამშრომლებისთვის არის განკუთვნილი. თუმცა, სამომავლოდ, შუა რგოლის მენეჯმენტისა და დამწყები სპეციალისტებისთვის წერტილოვანი ტრენინგების დამატებასაც ვაპირებთ.
გარდა ამისა, უკვე რამდენიმე თვეა, ახალი პროგრამა დავიწყეთ — Management Essentials, რომლის მიზანიც გუნდის მენეჯერებისა და ქოუჩებისთვის იმ უნარებისა და ცოდნის გაღრმავებაა, რომელიც მათ შემდგომ კარიერულ საფეხურებზე ასვლაში დაეხმარება. ამ ეტაპზე, ტრენინგზე დასწრების საშუალება მხოლოდ ერთ ბიზნესს აქვს, თუმცა, აქტიურად მიმდინარეობს ტრენერების გადამზადებაც და მომავალი წლიდან ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღება უფრო მეტ ადამიანს შეეძლება.
ამბობენ, რომ წარმატება შედეგებით იზომება; საინტერესოა, რა შედეგებს იღებთ ტრენინგ–პროგრამების დასრულებისას და რამდენად დიდ გავლენას ახდენს კომპანიის წარმატებაზე ამ პროგრამების არსებობა?
სხვადასხვა ტრენინგის შედეგების გაზომვა საკმაოდ შრომატევადია; ეს პროცესი შეფასებასა და დაკვირვებას გრძელვადიან პერიოდში საჭიროებს. მიუხედავად ამისა, ხშირად ვიღებთ დადებით უკუკავშირს მონაწილეებისაგან და ვხედავთ მათ განვითარებას. სწორედ ისინი გვიამბობენ იმ დადებითი ცვლილებების შესახებ, რაც ტრენინგში მათ მონაწილეობას მოჰყვა.
თითოეული ტრენინგ-პროგრამის შემდეგ, ვიკვლევთ მონაწილეთა უკუკავშირს, შეხედულებებსა და საერთო შეფასებას, ეს კი, გვეხმარება იმის განსაზღვრაში, თუ როგორ შეგვიძლია წარვმართოთ ტრენინგი უფრო პროდუქტიულად. დადებითი შედეგი მნიშვნელოვანია როგორც მონაწილისთვის, ისე კომპანიისთვის, რადგან ჩვენს მთავარ ძალას სწორედ მეიჯერელში დასაქმებული ადამიანები წარმოადგენენ და მათი კმაყოფილება ჩვენთვის ყველაზე ღირებულია.
თუ შენც გსურს, გახდე მეიჯერელის საერთაშორისო გუნდის წევრი, გამოგვიგზავნე განაცხადი სასურველ ვაკანსიაზე.
[პარტნიორის კონტენტი]













