in ,

„ყოველ დღე შენი თავის საუკეთესო ვერსია უნდა იყო“ – გვანცა დათუაშვილი

Spotlight 2019-ის კიდევ ერთი სპიკერი Saatchi & Saatchi Tbilisi-ის კრეატიული დირექტორი გვანცა დათუაშვილია. ის ქართულ მარკეტინგში „ხიდჩატეხილობის“ პრობლემაზე ისაუბრებს, რომელიც, რა თქმა უნდა, ღონისძიების მთავარ თემას „ერთიანობას“ უკავშირდება.

ინტერვიუზე რომ მივდიოდი, რაღაცები დავალაგე, ვფიქრობდი, საუბარი ბავშვობიდან დაგვეწყო და ქრონოლოგიურად მივყოლოდით. მაგრამ, გვანცას ერთხელ მაინც თუ შეხვედრიხართ, აუცილებლად გეცოდინებათ, რომ ძალიან სპონტანური და ემოციური ადამიანია. საუბრის დასაწყისშივე მითხრა, არც კი ვცდილობ, სხვანაირი გამიცნონ, თუნდაც, საქმეშიო. პირიქით, რაც ვარ, ასეთს მიცნობენ სამსახურშიც, მეგობრებიც, დამკვეთებიც – „თვლიან, რომ ვარ ჭკვიანი, მაგრამ ნაკლებად სერიოზული“. ამბობს, რომ ასეთი ხასიათი ხელს არაფერში უშლის, პირიქით, ეხმარება წარმატების მიღწევაში. კიდევ რა არის საჭირო წარმატებისთვის-მეთქი რომ ვკითხე, არც დაფიქრებულა: პირველ რიგში, საკუთარი თავის უპირობო რწმენა, რომ ყველაფერი შეგიძლია, ოღონდ ამაში ძალიან დიდი შრომა უნდა ჩადოო. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, კრიტიკულად უყურო წარსულს, „გადარეფრეშდე“, იფიქრო განვითარებაზე – ბევრი იკითხო და ყველა აქტუალური მოვლენის შესახებ იცოდე, კრეატიული ინდუსტრია ისეთი რამეა, ნებისმიერი თემა შეიძლება გამოგვადგესო.

მაგრამ ამ ყველაფერზე ოდნავ მოგვიანებით. დავიწყოთ, ბავშვობით.

გვანცა დათუაშვილი: მგონია, რომ ბავშვობის მერე ადამიანები დიდად არ იცვლებიან. მეც ზუსტად ისეთივე ტიპი ვარ, როგორიც პატარაობაში ვიყავი. უბრალოდ, ახლა მეტი თვითშეგნება მაქვს. სულ ვამბობ, რომ კრეატიულობა, ჩემი შინაგანი არსიდან გარეთ, 1990-იანმა წლებმა გამოიტანა. მაშინ ქუთაისში ვცხოვრობდი. არაფერი ხდებოდა, შუქი კვირაში სულ რამდენიმე საათით მოდიოდა. წიგნებში ვიყავი „ჩაფლული“, სხვა არაფერი მქონდა. ამიტომ თავად დავიწყე კონტენტის შექმნა – რაღაცების გამოგონება. ენციკლოპედიაში ვნიშნავდი ადგილებს, სადაც წასვლა მინდოდა და იქ მოსახვედრად საკუთარ სამყაროს ვქმნიდი. მაგალითად, მე და ჩემმა მეგობრებმა, გადავწყვიტეთ, ქუთაისში ზოოპარკის გახსნა. ამისთვის აფრიკაში წასვლა გვინდოდა, ჩვენივე გამოგონილი მფრინავი ობიექტით. მექანიზმი ასეთი იყო – პროპელერიანი საფრენი, რომელსაც სამი ადამიანი ატრიალებდა. ქვედა მხარეს ღრუბელი ჰქონდა მიმაგრებული, მსუბუქად რომ დამჯდარიყო. ასევე –  პატარა ფანჯარა, საიდანაც დავინახავდით, რა ადგილზე „დავჯდებოდით“.  მერე დავიწყე ზღაპრების გამოგონება, ჩემი პატარა დეიდაშვილისთვის. სხვათა შორის, ამას წინათ მითხრა, სულ მეგონა, ის ზღაპრები რეალობა იყო და მართლა გადამხდაო. მერე წერა და ხატვა დავიწყე. ჩემს ბავშვობაში რომ დღევანდელი დრო ყოფილიყო, არ ვიცი, ახლა როგორი ტიპი ვიქნებოდი.

M: და ახლა როგორი ხარ?

გ.დ. : ჩემში ორი ადამიანი ცხოვრობს. ერთი არის ესკეიპისტი (ცხოვრების ნამდვილი პრობლემებისგან/რეალობისგან დაშორებული). „ვარსკვლავური ომების“, „ჰარი პოტერის“ და საერთოდ ყველა გამოგონილ სამყაროში შემიძლია თავით გადავეშვა და ისე ვიცხოვრო. აქვეა მეორე გვანცა, რომელიც მაბრუნებს რეალობაში და ცოტა მაბალანსებს. ეს „ტიპი“ სკოლის ასაკში შევიძინე და რომ არ გამოჩენილიყო ჩემს ცხოვრებაში, არ ვიცი დღეს ვინ ვიქნებოდი. მას აქვს თვითგადარჩენის ინსტინქტი და ლიდერის თვისებები. მუდმივად უკმაყოფილოა და „მიჩიჩინებს“, რომ მეტი შემიძლია. პატარაობაში, ამის გამოვლინება ის იყო, რომ დიდი მეტიჩარა ვინმე ვიყავი, ყველა ლექსი მე უნდა მეთქვა ღონისძიებაზე, თან მთელი დრამით და ხელების გაშლით. კიდე საშინელ ლექსებს ვწერდი, მარტოობაზე, ბალღამზე რომელიც კედლებს ეცხო. არ ვიცი, საიდან მომქონდა ასეთი ტექსტები – ალბათ, ასაკისთვის შეუფერებელი წიგნებიდან. ამ ჩემ ესკეიპიზმს და წიგნებში ცხოვრებას ზრდასრულებმა მაშინ ინტერპრეტაცია მისცეს, რომ ალბათ გენიოსი ვიყავი და რომ გავიზრდებოდი, მთები უნდა გადამედგა.

M: ეს ბარიერი არ იყო შენთვის? 

გ.დ. :კი, როგორ არა. სულ ვიცოდი, ჩემგან ბევრს ელოდნენ. ამიტომ, ვფიქრობდი, საკუთარი თავისთვის ძალა დამეტანებინა და ყველაფერი გამეკეთებინა, რომ გარშემომყოფებისთვის იმედი არ გამეცრუებინა. პრინციპში, ახლაც ასე ვარ, არ შემიძლია ვინმეს იმედი გავუცრუო და ირგვლივაც ისეთი ხალხი მინდა, ვინც თავის მაქსიმუმს აკეთებს და არც მე მიცრუებს არასდროს იმედს.

M: შენი გუნდის წევრები ამ ყველაფერს როგორ აღიქვამენ? 

გ.დ. :ჩემი აზრით, ეს  გადამდები გრძნობაა. პირველ რიგში, სამსახურს რაც შეეხება: არაფერი არ არის, რისი  გაკეთებაც არ შემიძლია. შინაგანად, ყოველთვის ასე ვიყავი. უკან რომ ვიხედები, შეიძლება რაღაცეები, რაც მეგონა, რომ კარგად გამომივიდოდა, არ გამომსვლია ისე, როგორც საჭირო იყო, მაგრამ იმ მომენტში სულ მჯეროდა რომ გამოვიდოდა. რაღაც თუ არ იცი, ისწავლი! არ გამოგდის? – მოახერხებ, რაღაცას გვერდს აუქცევ და მაინც გამოიყვან. სწორედ ამ ფილოსოფიას ვნერგავ გუნდთან, რომელთანაც ვმუშაობ. ვეუბნები: პირველ რიგში, უნდა გჯეროდეთ საკუთარი თავის და შესაძლებლობების. როგორც კი ერთ პრეცედენტს დაუშვებ და ეჭვს შეიტან შენს შესაძლებლობებში – „ვაი, თუ ეს ვერ მოვიფიქრო, ან „ვერ გავაკეთო“ – არასოდეს არაფერი გამოგივა. წარსულის, განვლილი პროექტის შეფასებისას, პირიქით, ეჭვი უნდა შეგეპაროს, უკეთ ხომ არ შეგეძლო რამის გაკეთება?! მერე კი ეს გამოცდილება მომავალში გამოიყენო. თორემ, მიმდინარე პროექტზე, შენს თავს, 100%-იანი ნდობა უნდა გამოუცხადო. რა სირთულეც არ უნდა შეგხვდეს, უნდა თქვა, რომ ამას შეძლებ. შემდეგ კი, ყველაფერი გააკეთო დასახული მიზნის მისაღწევად.

M: საერთოდ, როგორი ლიდერი ხარ? 

გ.დ. : დიდად არ ვუყურებ ჩემს თავს, როგორც ლიდერს. სააგენტოში ძალიან ოჯახური სიტუაცია გვაქვს. მგონია, რომ ჩემი გუნდის წევრები მენდობიან, აზრს მეკითხებიან და ერთად ვაკეთებთ რაღაცებს. მე გამოცდილებას ვუზიარებ, ვეუბნები, როგორ იმუშავა კონკრეტულმა ნაბიჯმა ან გადაწყვეტამ, ჩემ შემთხვევაში. საქმის გადანაწილების კუთხით, ვცდილობ, თითოეულმა წევრმა შეიტანოს წვლილი პროექტში. რაც მეტი აზრით, უკეთესია. ერთი ადამიანის ხედვა ყოველთვის ლიმიტირებულია. რაც მეტი პერსპექტივა გაქვს, მით უკეთესია შედეგი.

M: აც შეეხება გუნდის მოტივაციას . . .

გ.დ. : ზოგადად, კრეატიული ინდუსტრია ძალიან ეგოისტური ბიზნესია. აქ შენი, როგორც შემოქმედის კერძო ინტერესია ყველა პროექტში. საკუთარ სახელს აწერ პროდუქტს, ქმნი ბრენდს. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ გარედან ნაკლები მოტივაციის შექმნაა საჭირო.  ჩემი მხრიდან რასაც ვაკეთებ, არის ის, რომ ამ კრეატიული ეგოს კულტივაციაში ვეხმარები, თუ შენს კრეატიულ დირექტორს თავისი იდეები უფრო მოწონს ვიდრე შენი და რაც არ უნდა მოხდეს ბოლომდე გაიტანს, სხვებისთვის ეს აუცილებლად დემოტივატორი იქნება. საერთოდ ეგოების საკითხში ბალანსის დაცვა რთულია, მაგრამ ჩემი აზრით Saatchi & Saatchi-ის გუნდში, ამ საკითხს მშვენივრად ვუმკლავდებით.

M: როგორ? 

გ.დ. :საერთო შიდა კულტურა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – სტრუქტურა გვეხმარება. მგონია, რომ ეს აუცილებელია. ქაოსი, რაღაც დონეზე, მუშაობს, მაგრამ საბოლოოდ, მისი შკალირება ძალიან ძნელია. დღეს, ჩვენს  ინდუსტრიაში, ყველა ცდილობს, ქაოსი სტრუქტურით ჩაანაცვლოს.

M: სააგენტოზე და ზოგადად, საქმეზე ძალიან ემოციურად საუბრობ. სახის გამომეტყველებაც კი გეცვლება. ასეთი ემოციურობა ხელს არ გიშლის? 

გ.დ. :ჩემთვის “Nothing Personal, Only Business” არ არსებობს. შემოქმედებით ინდუსტრიაში რთულია ამის გაკეთება. ეს ხომ არ არის 9-დან 5 საათამდე სამსახური. იმდენად სრულ ინვესტიციას, მთელი შენი რესურსის ჩადებას მოითხოვს, ძალიან ძნელია, რაღაცები გამიჯნო. თუ მთელი თავი არ მოუძღვენი ამ საქმეს, სულ ამით არ იყავი მოცული, ბევრს ვერაფერს მიაღწევ. რაკი, ზოგადად, ემოციური ადამიანი ვარ და საქმეში თავით ვეშვები, ბუნებრივია, ჩემი ემოციებიც თან მომყვება. მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ხელს მიშლის. არის სიტუაციები, როცა, პირიქით, მეხმარება. თანაგუნდელებიც შემეჩვივნენ და შევუყვარდი, ემოციურობა ჩემი ბრენდის ნაწილია.

M: ცოტა უკან რომ დავბრუნდეთ, როგორ მოხვდი ამ ინდუსტრიაში?

გ.დ. : ESM-ში ვსწავლობდი. სხვათა შორის, ძალიან შემთხვევით მოხვდი. პირველი მეწერა უმაღლესი სასწავლებლების ჩამონათვალში იმ ვარაუდით, რომ, ალბათ, ვერ მოვხვდებოდი და დანარჩენი ექვს უნივერსიტეტში სულ სხვა ფაკულტეტს, საერთაშორისო ურთიერთობებს ვირჩევდი. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩავაბარე. ეს იყო ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი ჩემ ცხოვრებაში. ძალიან განსხვავებულ გარემოში მოვხვდი. მეტი ამბიცია გამიჩნდა. აქ სწავლამ დამანახა, რა შემიძლია გავაკეთო. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ESM-მა მომცა იმ დროისთვის საუკეთესო განათლება საქართველოში და ძალიან კარგი კონტაქტები.  მყავდა საუკეთესო ლექტორები. სწავლის პერიოდში სტაჟირება დავიწყე მარკეტინგის დეპარტამენტში. მიხვდი, რომ ეს საქმე ძალიან მაინტერესებდა. მერე სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ ვიყავი ჯერ სტაჟორი, შემდეგ მარკეტინგის დეპარტამენტის მკვლევარ-ანალიტიკოსი. სხვათა შორის, სარეკლამოში რომ ვაკანსია ჰქონდათ, ჩემმა იმდროინდელმა უფროსმა მითხრა, მგონი, საშენო საქმეაო. მანამდე, მას ხშირად ვუზიარებდი  ჩემს იდეებს, მარკეტინგისა და პიარის მიმართულებით. მოკლედ, ასე აღმოვჩნდი სააგენტოში 2011 წელს.

M: რა გავლენა იქონია შენზე სწავლის დროს და შემდეგ უკვე პროფესიულ საქმიანობაში ESM-ის სლოგანმა „ისწავლე სხვებზე მაღლა ფრენა“?

გ.დ. : ვერ გეტყვი, რომ ამაზე მქონდა სწორება. პირიქით, მგონია, რომ ყველა ადამიანს სხვადასხვა ფასეულობები და ღირებულებები აქვს. ჩემი „მოტო“ იქნებოდა „ისწავლე შენ თავზე მაღლა ფრენა გუშინ“. ამას 100%-ით ვეთანხმები. ყოველ დღე შენი თავის საუკეთესო ვერსია უნდა იყო.

M: მერე, შენს ცხოვრებაში, იყო კრეატიულ ინდუსტრიაში ყველასათვის საოცნებო Miami AD School . . .

გ.დ. :  მე Miami AD School-ში, ტორონტოში ვსწავლობდი. ს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იყო. ყველაფერი კი ასე დაიწყო – უცბად მივხვდი, რომ ერთ წრეზე ვტრიალებ და რაღაც სიახლე მჭირდება. Saatchi & Saatchi-ში მაქსიმალურად შემიწყვეს ხელი, ჩემი პასუხისმგებლობები გაინაწილეს და გამიშვეს. Miami AD School-ში სტრატეგიისა და დაგეგმარების კურსი გავიარე. რომ ჩავედი, არაჩვეულებრივი გარემო დამხვდა. წარმოიდგინეთ, მსოფლიოში წამყვანი კომპანიის წარმომადგენლები გიკითხავენ ლექციებს, გიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, როგორია მათი პროცესი, რა და როგორ მუშაობს მათ შემთხვევაში. უნიკალურ ცოდნას გაძლევენ. ამასთან, უამრავ ნიჭიერ ადამიანს  შევხდი. იქიდან რომ ჩამოვედი, აბსოლუტურად სხვა პიროვნება ვიყავი. სხვა ტალღაზე აღმოვჩნდი. არა მარტო განათლებისა და ინფორმაციის კუთხით. საოცრად მოტივირებული დავბრუნდი. ცხოვრებაში სირთულეები სულ გხვდება. მაგრამ არის რაღაცები, რაც ენერგიით, სიხარულით და მოტივაციით გავსებს. ისეთი ფრთაშესხმული ჩამოვედი, რომ დარწმუნებული ვიყავი, ამიერიდან ყველაფერი ზუსტად ისე წავა, როგორც მე მინდა-მეთქი.  სხვათა შორის, ახლაც ეგრე ვფიქრობ, ანუ მართლა ასეა. ძალიან პოზიტიური გამოცდილება იყო. ზოგადად, თვითგანვითარებისთვის დროის გამოყოფა, Miami AD School იქნება თუ სხვა რამ, აუცილებელია. ძალიან რთულია ცხოვრება, საქმე – ბევრს მუშაობ, ნაკლები გძინავს, ენერგიას კარგავ და იფიტები. ამიტომ, აუცილებელია, ძალები აღიდგინო და ახალი რამეები ისწავლო.

M: დღეს სად ხარ?

გ.დ. : Saatchi & Saatchi Tbilisi-ის კრეატიული დირექტორი რომ გავხდი, თავიდან, ამ სახელის ცოტა მეშინოდა. წოდებას „კრეატიულ დირექტორი“ დიდი წონა აქვს. ჩემთვის ბევრ, ძალიან პატივსაცემ  და ასაკით ორჯერ უფროს ადამიანს ჰქვია კრეატიული დირექტორი. მაშინაც ვფიქრობდი, რომ ჩემი მოგზაურობის დასაწყისში ვიყავი და ახლაც ამ აზრზე ვარ, კულმინაცია ჯერ წინაა. კრეატიული დირექტორი ბევრი სხვადასხვა კალიბრის შეიძლება იყო და თუ უფრო მაღალ კალიბრს უმიზნებ, უნდა მოახდინო ვიზუალიზაცია, მიზნად დაისახო და დაეწიო. დაგარქვეს კრეატიული დირექტორი და დაგავალეს ამ საქმის კეთება? ადექი და ისწავლე. უფრო კარგი კრეატიული დირექტორი გინდა რომ იყო? ეცადე და გაუმჯობესდი. ჩემს პროფესიულ ზრდას რომ შევხედო, Saatchi & Saatchi Tbilisi-ის კრეატიული დირექტორობა ძალიან დიდი ნახტომი იყო. მივხვდი, რომ სერიოზული პასუხისმგებლობა ავიღე საკუთარ თავზე და ძალიან სწრაფი ტემპებით გავიზარდე.

M: ასეთ დროს არ არის საფრთხე, რომ კი არ დაეწიო, პირიქით, „ჩავარდე“?

გ.დ. : ჩემი აზრით, ადამიანები არიან ძალიან მარტივად ვადაპტირდებით. არა განვითარებისა და ინსპირაციული კუთხით, არამედ შეცვლილ რეალობაზე მორგების კუთხით. მაქვს რწმენა, რომ თუ საკმარის ძალას და ენერგიას ჩადებ, თითქმის, ყველაფერი შეგიძლია, გააკეთო. მაგრამ თითოეულ გამარჯვებას თავისი ფასი აქვს – ეს არის შენი ძალისხმევა, რომელიც გიღირს ან არ გიღირს. მგონია, რომ წარმატება ჩვენზეა დამოკიდებული. კრეატიული დირექტორი რომ გახდე, ან ნებისმიერი სხვა პოზიცია დაიკავო და ფეხი ფეხზე გადაიდო, ვერანაირად ვერ განვითარდები. ადამიანს, ცხოვრებაში რეალურად რისი მართვაც შეუძლია, მხოლოდ საკუთარი თავია. ყოველთვის შენზეა დამოკიდებული, წინ  წახვალ, თუ – უკან.

როგორ იყენებენ ეკზოჩონჩხებს იაპონიაში, ფიზიკური მუშაობისას

გეგმა B! “ამოუხსნელი ბრიფი” – “სფოთლაითის კვირეული” რედბერიში