in

რელოკაცია პარიზში – გვანცა გარმელია Qonto-ს სტრატეგიული მარკეტინგის პროექტებს წარმართავს

Qonto ფრანგული ფინტექ კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებს და თავის გუნდში 1400 ადამიანს აერთიანებს. გვანცა გარმელიას როლი კომპანიის სტრატეგიული მარკეტინგის პროექტების მენეჯმენტს მოიცავს. Qonto-მდე გვანცა გარმელია „კავეას“ მარკეტინგის განყოფილების თანახელმძღვანელი იყო. თანამშრომლობა LinkedIn-ის პლატფორმით დაიწყო, სადაც გვანცას ფინტექ კომპანიის რეკრუტერი დაუკავშირდა. შესარჩევი ეტაპების გავლის შემდეგ, ახალ პოზიციასთან ერთად, Qonto-მ სრულად უზრუნველყო გვანცას რელოკაცია პარიზში, საიდანაც ქართველი მარკეტერი კომპანიის მარკეტინგის 80-მდე გუნდს შორის გასწევს კოორდინაციას. როგორ შედგა თანამშრომლობა და რა უნდა გავითვალისწინოთ, თუკი უცხოურ კომპანიაში მუშაობა გვაინტერესებს, გვანცა გარმელიამ გვიამბო.

M: კინოდან – ტექში. რით არის შენთვის საინტერესო ეს სფერო?

ტექ-ინდუსტრია ყოველთვის მაინტერესებდა, ჩემი, როგორც მარკეტერის კარიერაც დიდწილად სტარტაპში დაიწყო, სანამ კინოში გადმოვიდოდი. ყველაზე მეტად ის მომწონს ამ ინდუსტრიაში, რომ ყველაფერი ძალიან ხშირად და სწრაფად იცვლება. სულ რაღაც ახალი ექსპერიმენტისა და დატესტვის რეჟიმში ხარ. არ არის ბევრი ბიუროკრატია, მეტი თავისუფლებაა, დანერგო ახალი სამუშაო framework-ები და ახლოს იყო პროდუქტის შექმნასთანაც. განსაკუთრებით საინტერესოა ფინტექი. საქართველოში ისედაც განებივრებულები ვართ მარტივი საბანკო ციფრული პროცესებით, მაგრამ ევროპში ტრადიციულ ბანკებსა და ნეობანკებს შორის უფრო დიდი სხვაობაა, ამიტომ ნეობანკები სწრაფი ტემპებით ვითარდებიან. იყო მარკეტერი ამ ინდუსტრიაში, უამრავ შესაძლებლობას იძლევა.

M: როგორ შედგა Qonto-სთან თანამშრომლობა?

Qonto-ს რეკრუტერი ლინკდინზე დამიკავშირდა, მითხრა რომ ეძებდნენ ადამიანს, რომელიც გლობალური კამპანიების მართვაში ჩაერთვებოდა და ჩემი პროფილი მათ მოთხოვნებთან იყო შესაბამისობაში. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ შემეხმიანენ, 6 ეტაპის გავლა მომიწია, მათ შორის იყო ტექნიკური დავალების შესრულება, სანამ საბოლოო შემოთავაზებას მომაწვდიდნენ. ძალიან გამიხარდა, იმიტომ, რომ რელოკაცია შემომთავაზეს თბილისიდან სათაო ოფისში, პარიზში, სამუშაო ვიზის აღება და სხვა პროცედურებიც მათ მოაგვარეს. ხშირი არ არის, როცა უცხოური კომპანიები მარკეტერების რელიკაციებზე რესურსებს ხარჯავენ, ამიტომ ძალიან ვაფასებ ინკლუზიურობას ამ საკითხში.

კომპანიის მასშტაბი რომ უკეთ წარმოიდგინოთ – მიუხედავად იმისა, რომ Qonto შვიდი წლის წინ დაარსდა, სუკვე იქცა საფრანგეთში ნომერ მეორე ბიზნეს ბანკად SME სეგმენტში (მათ შორის, წინაა ისეთ ციფრულ ბანკზე, როგორიცაა „რევოლუტი“ და მხოლოდ საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდ ტრადიციულ ბანკს, „კრედიტ აგრეკოლს“ ჩამორჩება). 2022 წლის დეკემბერში, Qonto-მ 500 მილიონი ევროს დაფინანსება მოიპოვა და გაიზარდა როგორც ადამიანური რესურსით, ასევე ბაზრის წილითაც.

M: რას მოიცავს შენი ამჟამინდელი პოზიცია Qonto-ში?

Qonto-ს მარკეტინგში 250-ზე მეტი ადამიანია და 80-მდე გუნდია. მე მარკეტინგის სტრატეგიის დეპარტამენტში ვარ. მევალება ვმართო პროექტები, რომლებიც გლობალური სტრატეგიის ნაწილია და გავწიო კოორდინაცია ამ 80 გუნდს შორის. ყველაზე ხშირად, მომიწევს სტრატეგიის, ცაკლეული საბანკო პროდუქტების, ბრენდისა და მედიის გუნდებთან ერთად მუშაობა.

გლობალურ მარკეტინგის გუნდებთან ერთად, არსებობს ლოკალური გუნდები (საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიასა და ესპანეთში), თუმცა ჩვენი დეპარტამენტის პროექტები საერთაშორისო მასშტაბისაა, ამიტომ მარკეტინგის სტრატეგიის გუნდის ქვეშ იმართება.

M: უცხოურ კომპანიასთან თანამშრომლობის დასაწყისში, რა გამოგადგა ყველაზე მეტად, რის ცოდნაც შეიძლება სხვებისთვისაც სასარგებლო იყოს?

Qonto ჩემთვის მეორე უცხოური კომპანიაა. პირველი ევროპული სტარტაპი იყო, თუმცა ძირითადად, დისტანციურად, საქართველოდან ვმუშაობდი. ჩემს კოლეგებს ვურჩევდი, ადევნონ თვალი, როგორ მართავენ პროცესებს ტექ-კომპანიები, რადგან რელოკაციას, ძირითადად, სწორედ ტექ-კომპანიები სთავაზობენ ხოლმე თანამშრომლებს და არ ეშინიათ, ვიზის სპონსორობაში რესურსების ჩადება. უფრო კონკრეტულად, მე გამომადგა, რომ OKR მეთოდოლოგიით მუშაობის გამოცდილება მქონდა. ტექნიკური უნარებისა და თანამედროვე მუშაობის მეთოდების ცოდნა მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში მყოფი მარკეტერისთვის რთულია დაარწმუნოს, რომ ევროპული ან ამეროკული ბაზრის ინსაითები ან აუდიტორია კარგად ესმის, თუ შეხება აქამდე არ ჰქონია. ამიტომ მათი დაინტერესება ტექნიკური უნარებით უფრო რეალისტურია. არ ვგულისხმობ მხოლოდ ციფრული მარკეტინგის ცოდნას, არამედ კამპანიის მართვის ფრეიმვორკებს, სტეიკჰოლდერ მენეჯმენტს და ა.შ.

M: როგორია შენი გეგმები ახალ პოზიციაზე?

მეორე კვირა ახლა დაიწყო, ჯერ კიდევ „ონბონრდინგის“ პერიოდი მაქვს, ვეცნობი კომპანიის მუშაობის მეთოდებს, პროდუქტს, გუნდებსა და პრიორიტეტებს. Qonto ელვის სისწრაფით იზრდება (ბოლო სამ წელში 120 ადამიანიდან 1400-მდე გაიზარდა გუნდი), ჩემი მიზანია, სწორად ავუწყო ფეხი ამ ზრდას. საბედნიეროდ, კომპანიის მიდგომაა, რომ შიდა თანამშრომლების ზრდას მაქსიმალურად შეუწყოს ხელი და მთელი დეპარტამენტი მუშაობს, რათა მაღალ პოზიციებზე, პირველ რიგში, შიგნიდან დააწინაურონ. ამ თვეში, ჩემზე მომაგრებულ კარიერის განვითარების მენეჯერს უნდა შევხვდე და ერთად გავიაროთ ჩემი სამომავლო რუკა Qonto-ში.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

რატომ არის სერიალი “Friends” მარკეტინგის კარგი მასწავლებელი?

ელიტ ელექტრონიქსის ახალი კონცეფციის მაღაზიის გახსნა ბათუმში