8
May
2017

გვანცა კიკალიშვილი – #პირველისამსახური

8 May 2017

მე და დედა გამომცემლობა „სამშობლოს“ მესამე სართულზე ავდივართ, გაზეთ „კუდრაჭას“ რედაქტორთან გვაქვს შეხვედრა. ახალგაზრდა გოგოს თაკო ჰქვია და ძალიან თბილად და კარგად გვექცევა, ყურადღებით მისმენს. მე ვუყვები, რომ მოწოდებით ჟურნალისტი ვარ, რომ დიდ სიამოვნებას მანიჭებს ახალი ადამიანების გაცნობა და გარშემომყოფებისთვის შთაბეჭდილებების გაზიარება. თაკოს მოვწონვარ, ვთანხმდებით, რომ გაზეთისთვის პატარა სტატიებს მოვამზადებ, მაგრამ ასევე აუცილებელია გაზეთის გაყიდვაშიც მივიღო მონაწილეობა, რომლიდანაც გარკვეული პროცენტი ჩემი ჰონორარი იქნება, გამომატანეს 10 გაზეთი, ყოველი გაყიდული გაზეთიდან 10 თეთრი მერგება.

 

ბნელი და ცივი 90-იანები იყო, მარტო სკოლაში და პიონერთა სასახლეში დავდიოდი, გადავწყვიტე, რომ ამ ორ ლოკაციაზე უნდა გამეყიდა გაზეთები. ჩემთვის მაშინ გაზეთების გაყიდვაზე დიდი გამოწვევა არ არსებობდა და მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რომ ამას აუცილებლად შევძლებდი. პირველი ორი დღე დიდი მონდომებით ვთავაზობდი ჩემს მეგობრებსა და კლასელებს გაზეთ „კუდრაჭას“, მაგრამ ერთი გაზეთიც კი ვერ გავყიდე. მესამე დღეს, როდესაც დილას კლასში შესულს ჩვეულებრივ ჩემი კლასელები შემომეხვივნენ და მათემატიკის და ინგლისურის დავალება გადაგვაწერინეო მთხოვეს, გონება გამინათდა და წამიერად ეს პროცესი ორმხრივად სასარგებლო გავხადე – გაზეთი იყიდეთ და კი-თქო, ისინიც მზად იყვნენ 30 თეთრი კი არა, მეტიც გადაეხადათ, ოღონდ დავალებები დაწერილი ჰქონოდათ. ასე აეწყო – მე დავალებებს ვწერდი მათ მაგივრად, ისინი კი გაზეთ ყიდულობდნენ, მერე პატარა სტატიაც დავწერე და ჩემი პირველი ხელფასი არც მეტი არც ნაკლები, 5 ლარი იყო (სტატიის ფული + გაყიდული გაზეთების პროცენტი). მახსოვს, დედას ბანანი ვუყიდე ამ ფულით, როგორც ჩემს ყველაზე დიდ მხარდამჭერს. მაშინ 13 წლის ვიყავი, მე-9 კლასში.

შემდეგ, სტუდენტობისას, სხვადასხვა გაზეთებთან ვთანამშრომლობდი, კასეტიანი დიქტოფონი მქონდა და ჩემზე ბედნიერი არავინ იყო, ხელფასიც არ მქონდა ცუდი – 50 ლარზე ავდიოდი ხოლმე, რაც გზისა და ჯიბის ფულად სრულად მყოფნიდა. პირველ კურსზე საზოგადოებრივ რადიოში პრაქტიკებზე გაგვიშვეს, კარგად ვიმუშავე და 1 წლის თავზე შტატშიც ჩამსვეს, პროგრამა „პიკის საათში“ 7 წელი ვიმუშავე.

ბოლო რამდენიმე წელი არასამთავრობო და საჯარო სექტორში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ვიმუშავე.  მინდოდა  ჩემი ცოდნა და გამოცდილება კერძო სექტორში მუშაობით კიდევ უფრო გამემდიდრებინა და სწორედ ამიტომ, თითქმის 1 წლის წინ ფინკა ბანკის ძალიან საინტერესო გუნდს შევუერთდი. პარალელურად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტზე ვკითხულობ ლექციებს და სტუდენტებს ვასწავლი, ჩვენს დროში რამდენად მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია; ასევე, როგორც კონსულტანტი ჩართული ვარ სხვადასხვა პროექტებში. მალე 33 წლის ვხდები და წელს 20 წელი სრულდება, რაც ვმუშაობ. ვფიქრობ, რომ ამ 20 წელში ჩემი კარიერა სწრაფად და წარმატებულად განვითარდა, მადლობელი ვარ ყველა სამსახურის, რომელმაც მართლაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმაში, რომ დღეს ვიყო ისეთი, როგორიც ვარ.

გვანცა კიკალიშვილი – ფინკა ბანკი საქართველო, საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი.

განხილვა